ცნობილია, რომ წელიწადის გარკვეულ დროს ბერებმა აუცილებლად მარხვა უნდა დაიცვან. ასეთ დღეებში სამონასტრო წესდება მათ ხორცის ჭამას უკრძალავს. თუმცა, როცა ბერები მგზავრობენ ან საროჭიკოდ დადიან, მაშინ როგორც გამონაკლისი, მათ არ ეკრძალებათ იკვებონ იმით, რასაც ღმერთი უწყალობებს.
ერთხელ ორი ბერი, რომლებიც სამონასტრო საქმეზე სადღაც მიემგზავრებოდნენ, დაღლილები დასასვენებლად და საჭმელად ერთ ფუნდუკში შევიდნენ, სადაც ისინი შემთხვევამ გამვლელ ვაჭარს შეახვედრა.
ფუნდუკის მეპატრონე იმდენად ღარიბი აღმოჩნდა, რომ გასაცოდავებული, გაჩხიკინებული, მტრედისოდენა შემწვარი ქათმის მეტი ვერაფერი მიართვა სტუმრებს.
როცა ქათამი შეიწვა, მეპატრონემ შამფურიდან მოხსნა და მთლიანად მიიტანა სუფრასთან, იმ იმედით, რომ სტუმრები თავად გაიყოფდნენ მას.
გაიძვერა ვაჭარმა, თვალი შეავლო თუ არა შემწვარ ქათამს, მაშინვე მიხვდა, რომ იგი ერთ ადამიანს ძლივს ეყოფოდა და ბერებს მიმართა:
- წმინდა საძმოვ, თუ არ ვცდები, ახლა შუაგული მარხვაა. ასე არ არის? არ მინდა ჩემს გამო წმინდა კანონი დაარღვიოთ, ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემზე ავიღებ ცოდვას და ქათამს განგარიდებთ.
სხვა რა გზა ჰქონდათ წმინდა ბერებს და გაიძვერა ვაჭარს დაეთანხმნენ. თავი აღარ გამოუდიათ, ვაჭრისთვის არ განუმარტავთ, რომ მგზავრობისას ბერებს გარკვეული შეღავათები ეძლევათ.
ვაჭარმა დიდი სიამოვნებით შესანსლა მთელი ქათამი, ძვლებიც კი გამოხრა. მისი ორი თანამესუფრე კი პურის ნატეხითა და ყველით დაკმაყოფილდა.
ნასადილევს სამივენი გზას გაუდგნენ. ბერები სიღარიბის გამო ფეხით მიდიოდნენ, ვაჭარი კი სიძუნწის გამო. საკმაო გზა გაიარეს, სანამ ფართო მდინარეს არ მიადგნენ, რომელმაც გზა გადაუღობა მათ.
ძველისძველი წესჩვეულების თანახმად, ბერებს შორის ყველაზე ტანადმა და ახალგაზრდამ, რომელიც ფეხშიშველი იყო, მსუქანი ვაჭარი ზურგზე შეისვა, მდინარეში შეტოპა, მაგრამ შუა გზაზე ბერს უცებ სამონასტრო წესდების მკაცრი მითითება გაახსენდა და შეცბუნებული შედგა. მძიმე ტვირთისგან წელმოწყვეტილმა თავი ასწია და მის ზურგზე მოკალათებულ ტომარააკიდებულ ვაჭარს ჰჯითხა:
- მითხარი, ძვირფასო! ფული ხომ არ გაქვს თან?
- რა სისულელეს მეკითხები! - გაიკვირვა ვაჭარმა, - დროა, ძმობილო, იცოდე, რომ არცერთი თავმოყვარე ვაჭარი, გრძელ გზას უფულოდ არასდროს გაუდგება.
- ძალიან სამწუხაროა, - თქვა ბერმა. - მაგრამ ჩვენი წესდება გვიკრძალავს ფულის ტარებას. და ამ სიტყვების თქმასთან ერთად ვაჭარი წყალში ჩააგდო.
თავიდან ფეხებამდე გალუმპული, სირცხვილისა და სიბრაზისაგან აჭარხლებული თაღლითი ვაჭარი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ქათმის გამო წეღანდელი ეშმაკობისათვის ღირსეულად მიეზღო ბერებისაგან.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |