იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჯეელი მოსამართლე, ხალხის საყვარელი კაცი. ცოლი უნდა შეერთო. თქვა: ისეთი ქალი უნდა ვითხოვო, ჩემს საქმეში არ ჩაერიოსო.
მოეწონა ერთი ღარიბი კაცის ქალი. უთხრა: - გითხოვ, თუ ჩემ საქმეში არ ჩაერევიო. ქალი დათანხმდა. დაქორწინდნენ. ცხრა დღე და ღამე იყო მათი ქორწილი.
მოსამართლე საქმეზე დადიოდა, ქალი ოჯახს უვლიდა.
ერთხელ ამ სოფელში მეურმეები გაჩერდნენ. შორი გზიდან მოდიოდნენ და იქ დაუღამდათ. ცოტა ხნის შემდეგ მათთან ცხენოსანი კაცი მივიდა და სთხოვა:- კეთილო ადამიანებო, ნება დამრთეთ, მეც აქ, თქვენთან ერთად, გა-ვათიო ღამეო!
- მობრძანდი, დაისვენე, პური ჭამე, დარჩიო! - უპასუხეს მეურმეებმა.
ცხენოსანიც ჩამოხტა. პური ჭამეს, დაწვნენ და დაიძინეს. დილით ნახეს, რომ ცხენს კვიცი მოეგო და ურმის ქვეშ იწვა.
მეურმეებმა თქვეს: - ეს კვიცი ურემმა მოიგოო! - არა, კაცო, ჩემმა ცხენმა მოიგოო! - უთხრა მგზავრმა.
ვერ მორიგდნენ. ჩხუბი მოუვიდათ. წავიდნენ მოსამართლესთან და დაუძახეს, ცოლი გამოვიდა, მოსამართლე შინ არ იყო.
- რა გაგჭირვებიათ, რაზე ჩხუბობთო? - ესე და ესეა საქმე, ჩვენმა ურემმა კვიცი მოიგო, ეგ კაცი კი გვედავება, ჩემმა ცხენმა მოიგოო! - შესჩივლეს მეურმეებმა.
ქალმა ხმა არ გასცა. მოტრიალდა და შინ შევიდა. გვიან გამოიხედა. მოთმინებაკარგულმა მეურმეებმა უთხრეს: - სად ხარ აქამდის, ხმა რატომ არ გაგვეცი, გვეჩქარებაო!
- ჩემი სახლის უკან მდინარეს ცეცხლი წაჰკიდებია, გავიქეცი, ფიჩხი დავაყარე, ცეცხლი ჩავაქრე და აი, ეს არის მოვედიო! - უპასუხა ქალმა.
მეურმეებმა გაიკვირვეს: - აბა, ქალო, რას ამბობ, წყალს ცეცხლი როგორ მოეკიდებოდაო?!
- წყალს თუ ცეცხლი არ მოეკიდებოდა, ვერც ურემი მოიგებდა კვიცსა. ეს კვიცი ცხენისაა და არა ურმისაო! - უთხრა მათ ქალმა და შინ შევიდა.
მეურმეები გაწბილდნენ. სად იყო, სად არა, ამ დროს მოსამართლეც მოვიდა. ცოლს ჰკითხა: - ვინ იყვნენ ისინი, რას ელაპარაკებოდიო? ცოლმა ყველაფერი უამბო.
მოსამართლე გაბრაზდა და ცოლს უთხრა: - შენ პირობა დაგირღვევია. ჩემს საქმეში ჩარეულხარ, უნდა გავიყაროთ, ახლავე ადექი, წაიღე, რაც ყველაზე უფრო მოგწონს ჩემს ოჯახში, შეაბი ურემი და სახლიდან წადიო.
ქალი რაღას ეტყოდა, პირობა პირობა იყო! - რახან ასეა, წავალ, ოღონდ გასაყრელი პური მაინც ვჭამოთ ერთადო.
- კარგი, ვჭამოთო! - დაეთანხმა მოსამართლე.
დასხდნენ პურის საჭმელად. ცოლმა დააძალა კაცს ღვინო და დაათრო, მოსამართლეს ჩაეძინა.
ქალმა შეაბა ურემი, ქმარი ზედ დააწვინა, თბილი საბანი დაახურა და ხარებს შოლტი გადაჰკრა. ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, შევიდნენ ერთ გაუვალ ტყეში.
მთვრალ მოსამართლეს გამოეღვიძა. გონს რომ მოვიდა, შეეშინდა: - ქალო, ეგ რა გიქნია, სად მიგყავარ?
- ხომ მითხარი, რაც ყველაზე უფრო მოგწონს, წაიღე და წადიო. მეც შენს ოჯახში შენს მეტი არაფერი მომწონს და, აი, წამოგიყვანეო!
მოსამართლეს შერცხვა და ურემი შინისაკენ მოაბრუნა. ცოლიც შინ წამოიყვანა და რჩევასაც ხშირად ისმენდა მისგან.
"ჭირი - იქა, ლხინი - აქა.
ქატო იქა, ფქვილი - აქა."