ერთხელ კურდღლები ერთად შეიკრიბნენ და თავის საწყალ ბედზე დაიწყეს ჩივილი:
ყველა ჩვენ სისხლს სვამს, ყველა ჩვენ გვდევნის: ადამიანები, ძაღლები, არწივები და სხვა მხეცები; ერთი წამით მოსვენება არ გვაქვს; სულ შიშში და წვალებაში ვატარებთ ცხოვრებას; ასეთ სიცოცხლეს სჯობია წყალში გადავცვივდეთ, თავი დავიხრჩოთო და მოვრჩეთ ამდენ ვაი-ვაგლახსო.
ეს რომ გადაწყვიტეს, გაიქცნენ, უნდოდათ ტბაში დამხრჩვალიყვნენ.
ტბის ნაპირზე ბაყაყები ისხდნენ. კურდღების დანახვაზე ბაყაყებს შეეშინდათ და წყალში ისკუპეს.
- ეჰ, ეტყობა ჩვენზე უბედურები სხვებიც ყოფილან, ამ საწყლებს ჩვენიც კი შეეშინდათო, თქვეს კურდღლებმა და თავის დახრჩობა გადაიფიქრეს.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები