როგორც ვიცით, კაენისა და სეითის შთამომავალნი მალე გამრავლდნენ და მოეფინენ დედამიწის პირზე.
ყველას დაბადებიდანვე დაჰყვა ადამის ცოდვა. ამის გამო ადამიანები ბევრ ცუდ საქმეს ჩადიოდნენ, ბევრს ცოდავდნენ.
საქმე ბოლოს იქამდის მივიდა, რომ ყველა ხალხმა დაივიწყა ღმერთი და თაყვანისცემა დაუწყო სხვადასხვა უსულოსა თუ სულიერ საგანს.
მხოლოდ ისრაელთა ერს ახსოვდა ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურებოდა მას. ღმერთმაც ამ ერს მისცა ძველი სჯული და აღუთქვა, რომ მისგან გააჩენდა მაცხოვარს.
რადგან ადამის ცოდვა ყველა მის შთამომავალზე გადმოდიოდა, ამიტომ ყველანი ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ.
სანამ ამ ცოდვისაგან არ იქნებოდნენ გამოხსნილნი, ჯოჯოხეთს ვერ ასცდებოდნენ. ამიტომ მორწმუნენი მოუთმენლად ელოდნენ მაცხოვრის მოსვლას.
მაგრამ ეს ნატვრა მალე არ ასრულებიათ - ბევრმა, ძლიერ ბევრმა წელმა გაიარა, ვიდრე მაცხოვარი დაიბადებოდა და გამოიხსნიდა ადამიანებს ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან.
რომაელთაგან დაპყრობის შემდეგ იუდეველნი უკვე ელოდნენ დავითის შთამომავალს, რომელიც იქნებოდა საუკუნო მეფე არა მარტო იუდეველთა, არამედ ყველა ხალხისა, ესე იგი, ღვთისაგან აღთქმული მაცხოვარი ქვეყნისა.
დრო მისი ქვეყნად მოსვლისა, მართლაც, მოახლოებული იყო.