ერთხელ მარიამი საღმრთო წერილს გულმოდგინედ კითხულობდა. ამ დროს უცებ გამოეცხადა მას იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი, ღვთისაგან გამოგზავნილი, და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".
თავმდაბალი მარიამი ამისთანა უცნაურმა ხარებამ ძლიერ შეაძრწუნა და არ იცოდა, რა ეფიქრა.
მაშინ ანგელოზმა ხელმეორედ უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, შენ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აი, ჩაგესახება ძე, შობ მას და დაარქმევ სახელად იესოს. იგი იქნება დიდი და ეწოდება ძე მაღლისა".
მარიამმა უპასუხა: „როგორ მოხდება ეგ, როდესაც მე მამაკაცი არ ვიცი?"
ანგელოზმა მიუგო: „სულიწმიდა გადმოვა შენზედ და ძალი მაღლისა დაგფარავს. ამიტომაც შენგან შობილი იქნება წმინდა და ძე ღვთისა დაერქმევა. აგერ, შენი ნათესავი მოხუცი ელისაბედიც ხომ უშვილო იყო? მაგრამ ახლა კი ექვსი თვეც არის, რაც შვილი ჩაესახა. ღმერთისათვის შეუძლებელი არაფერია".
ამ სიტყვების შემდეგ მარიამმა ირწმუნა ხარება მთავარანგელოზისა და თავმდაბლად უთხრა: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა".
და განშორდა მას ანგელოზი.