უდაბნოში იოანე ნათლისმცემელს გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა: "ჩადი მდინარე იორდანეს ნაპირთან, უქადაგე ერს ცოდვათა მონანიება, ნათელ-ეცი მას წყლით და მოამზადე იგი მაცხოვრის მიღებისათვისო."
იოანე მაშინვე დამორჩილდა ღვთის ნებას და იმ დღიდან მდინარე იორდანეს ნაპირთან იწყო ქადაგება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.“
უამრავი ხალხი მიდიოდა იერუსალიმიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან იოანესთან, აღიარებდნენ ცოდვებს და მის მიერ ინათლებოდნენ მდინარე იორდანეში.
ამ დროს იესო ქრისტეს ოცდაათი წელი შეუსრულდა და ისიც მივიდა იოანესთან ნათლისღებისთვის.
იოანეს არ ჰყავდა ნანახი ქრისტე, თუმცა იცნო იგი და უარზე დადგა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან მოსანათლადო?"
იესო ქრისტემ უთხრა: "დამიჯერე. ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველივე ის, რაც სიმართლეა და რაც კი წესადაა დადგენილი."
მაშინ იოანე დაემორჩილა მას, ჩააყენა იორდანეში და მონათლა.
როგორც კი იესო წყლიდან ამოვიდა, მაშინვე ზეციდან სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით და ზეციდან მოისმა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი.“
ნათლისღების შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, ორმოცი დღე ემზადებოდა მარხვითა და ლოცვით და ბოლოს გამოვიდა საქვეყნოდ სახარების საქადაგებლად.
მაცხოვარმა მალე შეიძინა თორმეტი მოწაფე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა დედამიწაზე მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ.