ყველა სხვა ქმნილებანი ღმერთმა გააჩინა სიტყვით ანუ ბრძანებით.
ადამიანის შექმნა კი სხვაგვარად ინება. ჯერ სთქვა: "შევქმნათ ადამიანი ხატად და სახედ ჩვენდა!” მერე აიღო მიწა, გააკეთა კაცის სხეული და ჩაჰბერა მას უკვდავი სული.
ასე დაიბადა ქვეყნად პირველი კაცი, რომელსაც ღმერთმა დაარქვა სახელად ადამი. რაც ნიშნავს მიწიდან ამოღებულს.
ადამმა დაათვალიერა ღვთისგან გაჩენილი ყველა ცხოველი, კარგად გასინჯა ისინი მაგრამ ვერ ჰპოვა მათ შორის თავის მსგავსი, თავისი თანასწორი.
ადამისთანა გონიერი და მეტყველი არსება ამათში არცერთი არ ერია და ამიტომ ადამს არ შეეძლო თავისი აზრი ვინმესთვის ეთქვა, გრძნობა გაეზიარებინა, თავისი სიხარული სხვისთვის შეეტყობინებინა.
მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო და მოიწყინა.
ღმერთმა რომ ეს შენიშნა, სთქვა: "არ არის კარგი ადამის მარტო დარჩენა, გავუჩინოთ მას ტოლი, მეგობარი";
მოჰგვარა უფალმა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი და შეუქმნა მეგობარი - ცოლი, რომელსაც დაარქვა ევა.
ბოლოს უფალმა აკურთხა, დალოცა ორივე და უთხრა: გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და უფლებდეთ მას ზედა.
ეს მოხდა მეექვსე დღეს. დადგა მეშვიდე დღე და უფალმა განისვენა ქმნისაგან.