ადამს და ევას საცხოვრებლად ღმერთმა მოამზადა ერთი უმშვენიერესი ბაღი, რომელსაც ერქვა სამოთხე, შეიყვანა შიგ ისინი და დაასახლა.
მთელი სამოთხე სავსე იყო ათასნაირი მშვენიერი ყვევილით და ხეხილით. საამური იყო მათი ცქერა, უფრო კიდევ სასიამოვნო იყო მათი მეტად გემრიელი ხილის ჭამა.
მაგრამ სხვაზე უფრო შესანიშნავი იყო აქ ორი ხე, რომელიც იდგა შიგ შუა სამოთხეში. ერთს ერქვა ხე სიცოცხლისა, მეორეს ხე ცნობისა კეთილისა და ბოროტისა.
პირველი ხის ნაყოფს საკვირველი ძალა ჰქონდა: ვინც მის ნაყოფს შეჭამდა, თავის დღეში არც ავად გახდებოდა და არც მოკვდებოდა.
მეორე ხეზე კი აი რა უბრძანა უფალმა ადამს: "ნება გაქვს სჭამო სამოთხის ყველა ხეხილის ყველა ნაყოფი, მაგრამ ამ ხილის ჭამა კი შენთვის ამიკრძალავს. თუ ჩემს ამ მცნებას დაარღვევ და სჭამ აკრძალულ ხილსა, იმავ დღეს მოკვდები."
ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ ადამსა და ევას სამოთხეში. გარშემო ეხვიათ ყვავილების სუნით შეზავებული ჰაერი, საჭმელად ჰქონდათ ათასნაირი ხილი, ერთი-ერთმანეთზე უტკბილესი; დარდი იმათ არ იცოდნენ და მუდამ სიხარულში იყვნენ;
გონება მათი გართული იყო ახლად შექმნილი მშვენიერი ქვეყნის შესწავლით, გული მათი იყო სავსე ღვთის, ერთმანეთის და ყოველის ქმნილების სიყვარულით.
ისინი იყვნენ უცოდველნი, უმანკონი, და მათ წმინდა სინდისს არაფერი აწუხებდა.
ღმერთს ადამ და ევა უყვარდა, როგორც თავისი შვილები და ისინიც ისე შეჰხაროდნენ ღმერთს, როგორც თავიანთ კეთილ მამას.
უფალი მალიმალ მიდიოდა მათთან სამოთხეში, ესაუბრებოდა და უხსნიდა ყველაფერს, რასაც თავისი გონებით ვერ სწვდებოდნენ.
ადამსა და ევას სასიამოვნო საქმეც ჰქონდათ: ისინი ერთგულად უვლიდნენ თავიანთ მშვენიერ საცხოვრებელს - სამოთხეს.
მაგრამ საუბედუროდ, ეს ნეტარება დიდხანს არ შერჩათ მათ და მალე სრულიად დაკარგეს.