ადამ და ევას ჰყავდა ერთი დაუძინებელი მტერი. ამ მტერს უნდოდა ცოდვაში ჩაეგდო ისინი, დაეშორებინა ღმრთისაგან, დაეკარგვინებინა ნეტარი ცხოვრება და გაეუბედურებინა სამუდამოდ.
ეს მტერი იყო ეშმაკი.
ვინ იყო ეშმაკი? საიდან გაჩნდა და როდის იყო შექმნილი? ეშმაკი უწინ იყო უბრწყინვალესი ანგელოზი. ანგელოზები ღმერთმა ხილული ქვეყნის გაჩენამდე შექმნა.
ანგელოზები არიან სულნი უსხეულონი, უხილავნი, წმინდანი, გონიერნი, თავისუფალნი და ემსახურებიან ქვეყნის შემოქმედსა.
ამისთანავე იყო თავდაპირველად ეშმაკიც, მაგრამ შემდგომ გაამპარტავანდა, მოინდომა მაღალ ღმერთთან თანასწორობა, აღარ ისურვა ღვთის მორჩილება, ზოგი სხვა ანგელოზიც მიიმხრო და წინ აღუდგა უფალს.
ამის გამო უფალმა ის თავის მომხრეებითურ დასწყევლა და ციდან უფსკრულში ჩაჰყარა.
ამის შემდეგ ეშმაკი გახდა სული ბოროტი, რომელიც ღვთის ქმნილებას ემტერება; დაუძინებლივ იმასა ცდილობს, რომ ადამიანს ცუდი აზრები ჩაუდოს გულში, მავნე საქმეები ჩაადენინოს და გააუბედუროს.
ეშმაკს შურდა ადამ და ევას ნეტარება და ამიტომ მოინდომა შეეცდინა ისინი, ცოდვა ექნევინებინა, ღმერთი განერისხებინა მათზე და დაეღუპა.
თავისი ბოროტი განზრახვების აღსასრულებლად იგი შეძვრა გველში და შევიდა სამოთხეში.
გველმა, რომელშიც ეშმაკი იყო, იპოვა სამოთხეში აკრძალული ხე და მის გვერდით ხეზე ავიდა.