ადამ და ევა დასახლდნენ სამოთხის ახლოს. მათთვის დაიწყო ის მწარე, ტანჯვით და წვალებით სავსე ცხოვრება, რომელიც მათ ღმერთმა სასჯელად დაუნიშნა.
დარდი, ვარამი, ავადმყოფობა, ოფლით შრომა, სიღარიბე, სულ ერთად დაატყდათ თავზედ.
მალიმალ იგონებდნენ ისინი თავის უწინდელ ბედნიერ ცხოვრებას, მწარედ ნანობდნენ თავის შეცდომას და მდუღარე ცრემლსა ღვრიდნენ.
უბედურებაში იმათ ჰქონდათ ერთადერთი იმედი: ისინი იგონებდნენ ღვთის აღთქმას, რომ დედაკაცის შთამომავალი დათრგუნავს ეშმაკს და გამოიხსნის მათ ცოდვისგან.
ისინი მოელოდნენ გამომხსნელს, მაცხოვარს.
ამ დროს ევას ეყოლა ორი ვაჟიშვილი: კაენი და აბელი.
კაენი იყო მხვნელ-მთესსველი, აბელი - მეცხვარე.
ერთხელ მოინდომეს მათ მსხვერპლის შეწირვა. კაენმა შესწირა ღმერთს მიწის ნაყოფი, აბელმა პირველშობილი კრავი.
უფალმა მიიღო მხოლოდ უმცროსი ძმის - აბელის შესაწირავი, უფროსის - კაენისა კი უარჰყო იმიტომ, რომ აბელმა წმინდის გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით მიართვა შესაწირი, კაენის გული კი იყო უწმინდური და ღვარძლით სავსე.
ამის გამო კაენი შურით აივსო, მოუვიდა ბრაზი, სახეზე შეიშალა ბოროტებისაგან.
გულთამხილავმა ღმერთმა იცოდა, რა ცუდი განზრახვა იბადებოდა კაენის გულში, უნდოდა გაეფრთხილებინა იგი, ამიტომ გამოეცხადა და უთხრა: "რადა ხარ, კაენ, გაჯავრებული? და რად შეგშლია და აღგშფოთებია სახე? გაფრთხილდი, თორემ ცოდვა კარებზე მოგადგა, ნუ დაგეუფლება და ეცადე, დასჯაბნო იგი!"
მაგრამ, საუბედუროდ, კაენს ღრმად ჰქონდა ჩარჩენილი გულში შური, თავისი ძმის სიძულვილი. მან არა შეისმინა ღვთის სიტყვა, გაიყვანა მოტყუებით მინდორში აბელი, მივარდა უცებ, დაარტყა თავში კეტი და მოჰკლა.