კაენისგან და სეითისაგან მეტად ჩქარა გამრალდა ხალხი ქვეყანაზედ.
ეს სწრაფი გამრავლება მოხდა იმიტომ, რომ მაშინ ადამიანები იყვნენ მეტად დღეგრძელნი. ბევრი მათგანი ცხრაას წელიწადზე მეტს ცოცხლობდა.
სეითის შთამომავალნი იყვნენ მეტად სათნონი და კეთილნი. მათ დაერქვა სახელად “ძენი ღვთისანი” იმიტომ, რომ ღმერთი მუდამ ახსოვდათ, ერთგულად თაყვანს სცემდნენ მას და ასრულებდნენ მის ნებასა.
აგრეთვე დიდი სიყვარული და ხათრი ჰქონდათ ერთმანერთის და ერიდებოდნენ ყოველ ბოროტ საქმეს.
მამები და პაპები თავის შვილებს და შვილიშვილებს ყოველ კეთილს ასწავლიდნენ და კეთილ მაგალითს უჩვენებდნენ.
ერთმა მათგანმა, სახელად ენოქმა, ისე აამა უფალს თავისი წმინდა ცხოვრებით, რომ უფალმა სიკვდილს წაართვა მასზედ ძალა და ზეცაში ცოცხალი აიტაცა.
კაენის შთამომავალნი კი, ცხადია, კაენს დაემსგავსნენ და იყვნენ ბოროტნი. იმათ სრულიად დაივიწყეს ღმერთი, სძულდათ ერთმანერთი, ახსოვდათ მარტო თავისი თავი და ბიწიერებით ცხოვრობდნენ.
მათ შორის გავრცელდა შური, სიცრუე, ცილისწამება, გარყვნილება, შფოთი, მკვლელობა და სხვა ბოროტება. ამიტომ მათ სახელად დაერქვათ “ძენი კაცისანი”.