ნოეს სამი შვილიდან წარმოსდგნენ ყველა ადამიანები.
უფროსს ერქვა - სემი, შუათანას - ქამი, და უმცროსს - იაფეთი.
მათშიც ერთი ცუდი კაცი გამოდგა.
წარღვნის შემდეგ ნოემ ისწავლა ვაზის დარგვა და დააყენა ღვინო.
ჯერ ღვინის ძალა გამოცდილი არა ჰქონდა, არ იცოდა, თუ ღვინომ დათრობა იცოდა და ამიტომ ცოტა ჭარბად მოუვიდა დალევა.
ხამად ღვინომ ძალიან მოკიდება იცის, ამიტომ ნოე დათვრა, კარავში დაეძინა და ძილის დროს ტანისამოსი გაიხადა.
ამ ყოფაში ნახა იგი მისმა შვილმა ქამმა. ყველა კეთილ შვილს ეწყინებოდა მამის ამგვარი მდგომარეობა, აიღებდა ტანისამოსს, მამას მოკრძალებით დაახურავდა და არ გაამჟღავნებდა ამ შემთხვევას.
ქამს კი გაეხარდა, გაიქცა თავის ძმებთან და მამას დაცინვა დაუწყო, მაგრამ სემმა და იაფეთმა ამ დაცინვაში მონაწილეობა არ მიიღეს, წყნარად მივიდნენ კარავში და ისე დაახურეს ტანისამოსი, რომ მამის სიტიტვლე არ დაუნახავთ.
როცა ნოემ გაიღვიძა და შეიტყო ქამის უმსგავსოება და სხვა თავისი ორი შვილის მშვენიერი მოქცევა, დასწყევლა ქამი და უთხრა, რომ მისი შთამომავლობა იქნებოდა უკანასკნელი, ხოლო სემი და იაფეთი კი აკურთხა და იწინასწარმეტყველა, რომ იაფეთის შთამომავლობა გამრავლდებოდა და იქნებოდა უმრავლესი, ხოლო სემის შთამომავლობიდან მაცხოვარი დაიბადებოდა.