აბრამი დაიბადა და ცხოვრობდა ქალდეველთა ქვეყანაში, ამ ქვეყნის მცხოვრებლებიც დიდით პატარამდის კერპთთაყვანისმცემლები იყვნენ.
თვით აბრამის მამაც, რომელსაც ერქვა თარა, კერპებს ემსახურებოდა. მარტო აბრამსღა ახსოვდა ჭეშმარიტი ღმერთი და ადიდებდა მას.
რომ ესეც არ შერყეულიყო თავის სარწმუნოებაზედ ნათესავების წაბაძვით, ღმერთმა მოინდომა მისი გადასახლება სხვა ქვეყანაში, ამიტომ ერთხელ გამოეცხადა მას უბრძანა: "დასტოვე შენი სამშობლო ქვეყანა, დაანებე თავი შენს ნათესავებსა, შენს სახლ-კარსა და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე შენ გიჩვენებ".
"მე წარმოვშობ შენგან დიდ ხალხს, გაკურთხებ და მოგანიჭებ დიდებას; ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებენ და დავწყევლი მათ, ვინც შენ დაგწყევლიან. ერთი შენი შთამომავლის მიერ კურთხეულ იქნებიან მთელი ქვეყნის თემნი".
აბრამი დამორჩილდა ღვთის ბრძანებას, გავიდა თავისი სამშობლოდან და გაემგზავრა სამხრეთისაკენ, იმიტომ, რომ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მას უფალმა მისცა საცხოვრებლად, იყო სამხრეთისაკენ ქალდეველთა ქვეყანიდან.
თან წაიყვანა აბრამმა ცოლი თავისი სარა და ძმისწული ლოტი, მისის სახლობით, ამ დროს აბრამი იყო სამოცდათხუთმეტი წლისა.