შიმშილობა მარტო ეგვიპტეში როდი დადგა. იგი მოედო ქანაანის ქვეყანასაც, სადაც ცხოვრობდა იაკობი თავის შვილებთან ერთად.
იაკობმა რომ გაიგო, ეგვიპტეში პურსა ჰყიდიანო, გაგზავნა თავის შვილები პურის სასყიდლად. ათი უფროსი ძმა გაუდგა გზასა, მეთერთმეტე კი, სულ უმცროსი, რომელსაც სახელად ბენიამენი ერქვა, შინ, მამასთან დარჩა.
როცა ეგვიპტეში მივიდნენ, ათივე ძმა გამოცხადდა იოსებთან, როგორც მთელი იმ ქვეყნის უფროსთანა და თავი მდაბლად მიწამდის დაუკრეს. ვერც ერთმა ძმამ იოსები ვერ იცნო, იმიტომ, რომ კაი ხანი გავიდა, რაც მათ იგი გაყიდეს და იოსები მასუკან გადაიქცა სრულ, წარმოსადეგ კაცად.
ამის გარდა, ძმებს სრულიადაც ვერ მოუვიდოდათ ფიქრადა, თუ იმათი ძმა, მონად გაყიდული, ამისთანა დიდებას მოეწეოდა.
იოსებმა კი მაშინვე იცნო ისინი და მოიგონა ის სიზმრები, რომლებიც მან პატარაობაში ნახა, მაგრამ ძმებს სრულიად არ აჩვენა, თუ ისინი იცნო.
იოსებს სურდა, ჯერეთ გაეგო, ძმები გრძნობდნენ და ნანობდნენ თავიანთ ცოდვას, თუ არა. ამ განზრახვით იოსები მოექცა მათ შემდეგის სახით: ძმები მიიღო მან, როგორც უცხონი, მისთვის სრულიად უცნობი. და ლაპარაკიც ეგვიპტურ ენაზე დაუწყო.
სადაურები ხართ? - ჰკითხა იოსებმა მთარგმნელის პირით. ქანაანის ქვეყნიდან გახლავართ, - მიუგეს მათ, - და პურის სასყიდლად მოვსულვართ. დამზვერავნი ხართ თქვენა და არა ვაჭარნი! - მრისხანედ უთხრა მათ იოსებმა და მოსულხართ ჩვენი ქვეყნის გზების გასაგებად.
ძმებს შიშის თავზარი დაეცათ: არა, ბატონო, - მოახსენეს მათ, - ჩვენ ალალმართალი კაცები გახლავართ. ჩვენს ვინაობას ახლავე შეგატყობინებთ: ჩვენ ვართ თორმეტი ძმანი, ერთი დედ-მამის შვილნი, სულ უმცროსი შინ დარჩა მამასთანა, ერთი კი დიდი ხანია აღარ არის.
იოსებმა ამ გამოკითხვიდან შეიტყო, რომ მისი მამა და უმცროსი ძმა, რომელიც ყველაზე მომეტებულად უყვარდა, ცოცხალნი არიან, მაგრამ ისე აჩვენა თავი, ვითომც მათი სიტყვები არა სჯეროდა და უთხრა: მაშ კარგი, მალე შევიტყობთ, მართალს ამბობთ თუ ტყუილსა: ერთი თქვენგანი გააგზავნეთ თქვენს ქვეყანაში და მან მოიყვანოს თქვენი უმცროსი ძმა; სხვანი კი აქ უნდა დარჩეთ ტყვედ, მანამ არ დაამტკიცებთ, რომ თქვენ ტყუილს არ მეუბნებით.
ამის შემდეგ გაგზავნა ისინი საპყრობილეში და სამი დღე დამწყვდეული ჰყავდა. მესამე დღეს ბრძანა, რომ ძმები მეორედ მოეყვანათ მასთან და უთხრა მათ: მე მეშინიან ღვთისა და არავის წყენა არ მინდა. დეე, მარტო ერთი თქვენგანი დარჩეს საპყრობილეში და სხვანი კი წადით და მიიტანეთ თქვენს ოჯახობაში ნასყიდი პური. მაგრამ უმცროსი ძმა კი უთუოდ უნდა მომგვაროთ; თუ ამას არ იქმთ, სიკვდილი მოგელით.
მაშინ ძმებმა ერთმანერთში დაიწყეს ებრაულ ენაზე ლაპარაკი: შევცოდეთ ჩვენ, რომ დავღუპეთ უმცროსი ძმა. არ შევიბრალეთ მისი ხვეწნა და ტირილი გაყიდვის დროს და აგერ, ჩვენ მისი ცოდვა გვეწია და გვსჯის.
რას მოიფიქრებდნენ, თუ მათი ლაპარაკი კარგად ესმოდა იოსებსა, რომელმაც გული ვეღარ შეიმაგრა, წავიდა მეორე ოთახში და ატირდა.
გული რომ მოიბრუნა, იოსები დაბრუნდა უკანვე და უბრძანა, ერთი მათგანი, სახელად სვიმონი, შეეკრათ მის თვალწინ და უკანვე საპყრობილეში წაეყვანათ, სხვებისთვის კი მიაცემინა პური და გაისტუმა.
როცა ძმები შინ დაბრუნდნენ და უამბეს მამას თავიანთი თავგადასავალი, იაკობი ძალიან შეწუხდა და თქვა: თქვენ გინდათ, რომ მე სრულიად უშვილოდ დამაგდოთ. იოსები დამეღუპა, სვიმონიც არსადა სჩანს და ბენიამენიც გინდათ წამართვათ? არა, არასდროს ბენიამენს თქვენ არ გაგატანთ, გზაზედ მას ხიფათი რამე შეემთხვევა და სიმწრით ჩამიყვანთ საფლავში.