იმ უცხო ქვეყანაში, სადაც მოსე გაიქცა, აბრამის შთამომავალნიც ცხოვრობდნენ. აქაც პირველი მისი მოქმედება გახდა უძლურთა დახსნა ძლიერთა ბრიყვობისაგან.
მოსემ ნახა ერთი ჭა და მასთან დაისვენა. ჩქარა იქ მირეკა ნახირი შვიდმა ახალგაზრდა ქალმა, რომელნიც მამის საქონელს მინდორში აძოვებდნენ. მათ უნდოდათ წყალი დაელევინებინათ საქონლისათვის, მაგრამ ამ დროს სხვა მწყემსებმაც მორეკეს საქონელი, ქალებს ნახირი იქით გაურეკეს და არ ანებებდნენ წყალს.
საწყალმა ქალებმა არ იცოდნენ რა ექნათ. ამ დროს მოსე მივიდა, შეარცხვინა ისინი, გამოესარჩლა ქალებს და უშველა მათ წყლის დალევინება საქონლისათვის.
ქალები მეტად მადლობელნი დარჩნენ და როცა საღამოზედ საქონელი შინ მირეკეს, თავიანთ მამას, იოთორს, უთხრეს თუ რა შემწეობა გაუწია მათ ერთმა ზრდილმა ეგვიპტელმა. სად არის ის კაცი? რატომ არ მოიწვიეთ ჩვენსას? - ჰკითხა მამამ და გაგზავნა თავისი ქალები, რომ მოსე სახლში მოეწვიათ.
მოსე მოვიდა. მას მოეწონა იოთორი, როგორც კეთილმსახური კაცი, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი, მოეწონა აგრეთვე მთელი მისი კეთილი სახლობა და ამიტომ დარჩა მათთან.
შემდგომ მოსე ნათესავი შეიქმნა ამ სახლობისა: იოთორის ქალი შეირთო, გახდა იოთორის სიძე და ამასთან თავის სიმამრის საქონლის მწყემსი.
ბედი ძალიან ცუდად მოექცა მოსეს. მეფის სახლში გაზრდილი, ნაშვილები მეფის ქალისა, სწავლული კაცი, რომელიც ღირსი იყო პირველი ადგილისა სახელმწიფოში, შეიქმნა მოჯამაგირე და გახდა უბრალო მწყემსი. ამ ყოფაში ჩააგდო მოსე თავისი ხალხის სიყვარულმა, მისმა ერთგულებამ.
სხვა უიმისო გაიტეხდა გულსა, შეაქცევდა ზურგს თავის ხალხსა, დაივიწყებდა მას და დაადგებოდა სხვა გზას, მაგრამ მოსე ასეთი სულმოკლე არსება არ იყო. მის გულში ისეთი ძლიერი ცეცხლი ენთო თავისი ხალხის სიყვარულისა, რომ მას უხაროდა კიდეც, რომ ისრაელთა გულისათვის ეწვალებოდა და იტანჯებოდა.
ახლაც მისი ფიქრი და დარდი იყო თავისი ხალხის გამოხსნა ეგვიპტელების ხელიდან. ხორცით იგი დასდევდა საქონელსა, მაგრამ სულით კი ებრაელებთან იყო.
ის ნატრობდა იმ დროს, როდესაც ღმერთი აღადგენდა ებრაელთა შორის მძლავრ კაცსა და იგი გამოიხსნიდა თავის ერს ეგვიპტელების მონობიდან. თავის თავს მოსე არ რაცხდა ღირსეულად გამომხსნელობისათვის.
როგორც ყველა გონებით მძლავრი კაცი, იგი იყო თავმდაბალი და სურდა მხოლოდ ყოფილიყო თანაშემწე გამომხსნელისა, მიეღო მონაწილეობა წმინდა საქმეში და თავი დაედო თავისი ხალხის ბედნიერებისთვის.