ებრაელთა ერი ეგვიპტიდან რომ გავიდა, ფარაონმა მეორე დღესვე ინანა, რად გავუშვი ამდენი მუშა კაცი ჩემი საბრძანებლიდან, ვინღა დაადგება ახლა იმ საქმეებს, რომელთაც ებრაელები მიკეთებდნენო? არა, იმათი გაშვება არ შეიძლება, უთუოდ უკანვე უნდა დავაბრუნოო.
საჩქაროდ შეკრიბა თავისი ჯარი, შეაბმევინა ეტლები და დაედევნა ებრაელებს. იგი საღამო ჟამს წამოეწია მათ. ამ დროს ებრაელი ერი ისვენებდა წითელი ზღვის პირად.
ფარაონის უთვალავი ჯარი რომ დაინახეს, ებრაელთ თავზარი დაეცა. საით უნდა გაქცეულიყვნენ? წინ უდგას გაუზომელი ზღვა, უკანიდან ორივე მხრით მიადგა მათ ფარაონის აუარებელი ჯარი.
ებრაელნი მიადგნენ მოსესა და დაუწყეს საყვედური: ეს რა გვიყავი შენა? რად გამოგვიყვანე გასაჟლეტად ამ უდაბნოში? განა ეგვიპტეში კი ვერ ვიშოვიდით დასამარხავ ადგილს?
მოსე გულს უმაგრებდა მათ: ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით, ნახეთ, როგორ გადაგარჩენთ უფალი. ამ ეგვიპტელებს თვალით ვეღარ ნახავთ თქვენ. თვით უფალი იომებს თქვენს მაგივრად. ხოლო თვითონ მოსე მიიქცა უფლისადმი მხურვალე ლოცვით.
უფლის შემწეობამაც არ დააგვიანა: რას მევეწები? - უთხრა უფალმა მოსესსა, უთხარი ებრაელთა, გასწიონ წინ, ხოლო შენ აიღე შენი კვერთხი, დაჰკარ ზღვასა და გაყავ იგი.
რომ ეგვიპტელები არ დასცემოდნენ, ღამითვე ებრაელთა ღმერთი თავის ღრუბლის სვეტითა მათ შუა ჩადგა, ებრაელთ უნათებდა და ეგვიპტელთ კი სიბნელეს ღამისას უხშირებდა.
მოსემ ღვთის ბრძანებით დაჰკრა ზღვას თავისი კვერთხი და მოახდინა გასაოცარი სასწაული: ზღვა ორად გაიყო, შუაში გამოჩნდა ხმელეთი, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ წყალი კედლებივით ედგა.
ებრაელები შევიდნენ ამ გასაოცარი ზღვის ორღობეში და გასწიეს იქითა ნაპირსა. ეგვიპტელებს თვალები აებათ, იფიქრეს, ისრაელნი ხმელეთის უბრალო გზაზედ მიდიანო და იმავე გზით დაედევნენ უკან.
რადგანაც იმ ადგილას ზღვა ვიწრო იყო, ამიტომ ებრაელებმა მოასწრეს ერთ ღამეს გასვლა და მეორე დილაზედ, ადრიან, იქითა ნაპირას მოექცნენ. ეგვიპტელები კი სადილაოდ მარტო ზღვაში იყვნენ შესულნი, რადგანაც გზაზედ ეტლების თვლები მალიმალ ემტვრეოდათ, ცხენები უგიჟდებოდათ და სხვა უცნაური დაბრკოლებანი უჩნდებოდათ.
მხოლოდ დილას, სინათლეზედ დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ზღვაში მოქცეულიყვნენ. საშინელი შიშის თავზარი დაეცათ, ალმურმა აიტანა, აირივნენ და იწყეს ყვირილი: უკან, უკანვე დავბრუნდეთ, ვანებოთ თავი ამ შეჩვენებულ ისრაელთა, თორემ მათი ღმერთი სრულიად ამოგვწყვეტს!
მაგრამ გვიანღა იყო. ამ დროს მოსემ, იქითა ნაპირას მდგომმა, ღვთის ბრძანებით ხელმეორედ დაჰკრა თავისი კვერთხი ზღვასა, წყლის კედლები ერთმანერთისკენ გაექანენ, შეერთდნენ და ეგვიპტელები მოჰყვნენ ზღვის ფსკერზე.
ფარაონი მთელი თავისი ჯარით მთლად დაიღუპა ზღვაში, ასე რომ ერთი კაციც არ გადარჩა. ასე სასტიკად დასაჯა უფალმა ეგვიპტელები ისრაელი ერის დაჩაგვრისათვის.
უფალს მომაკვდავ ცოდვად მიაჩნია ჩაგვრა, მეტადრე მთელი ხალხისა, და თავის რისხვას ადრე თუ გვიან არ ააცილებს მჩაგვრელთა! ახლა კი ებრაელებმა ცხადად დაინახეს ყოვლად ძლიერება თავისი ღმერთისა.
მათი გული აივსო მხურვალე მადლობითა, დამწკრივდნენ ერთადა და ადიდეს იგი შემდეგი საგალობელით: ვუგალობდეთ უფალსა, რამეთუ მან საკვირველად ისახელა თავი, უფალი არს ჩემი ძალა და დიდება, იგი არს მაცხოვარი ჩემი და ღმერთი ჩემი, ვუგალობდეთ მას!
მარიამი, მოსეს და, და სხვა ქალები მეორე პირად იდგნენ და იმეორებდნენ იმავე საგალობელს.
კაი სანახავს წარმოადგენდა ეს მთელი ერის გალობა; ტრიალ მინდორზედ, ზღვის პირად, ლაჟვარდი ცის ქვეშ, უთვალავს ერსა, კაცად და ქალად დაყოფილსა, გაჰქონდა ქების გუგუნი. აღიარებდა თავის ღრმა სიხარულს და ადიდებდა უფალსა მაღალი ხმითა, და მათ ბანს აძლევდნენ ტალღები ზღვისანი და ფრინველნი ცისანი.