ვერავითარმა საშინელმა სასჯელმა ვერ ასწავლა ჭკუა ისრაელთა და ვერ გადააჩვია ისინი ღვთის ურწმუნოებას და წინააღმდეგობას.
ისინი წამდაუწუმ ასტეხდნენ ხოლმე ჩივილს და საყვედურს ღმერთისა და მოსეს მიმართ და ღვთის რისხვას დაიმართებდნენ ხოლმე.
ყოველ ამისთანა შემთხვევაში მოსე იყო მათი მოსარჩლე, შუამავლობდა უფლის წინაშე, შეევედრებოდა ხოლმე და აპატიებინებდა ურჩობასა და წინააღმდეგობას.
ერთ ადგილას ღმერთმა დაახვედრა ისრაელთა მათი ურჩობის და კერპობის გამო შხამიანი გველები. ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა.
ისრაელნი შეიკრიბნენ მოსესთანა და სთხოვეს: დამნაშავენი ვართ, გთხოვთ, გვაპატიო და შეევედრო ჩვენთვის ღმერთსა; რომ მან დაგვიხსნას ამ შხამიანი გველებისაგან.
მოსე შეეხვეწა ღმერთსა და მან მიუტევა ისრაელთ შეცოდება და უშველა ამგვარად: უბრძანა მოსეს გაეკეთებინა სპილენძის გველი და ჩამოეკიდნა მაღალ სარზედ.
ვინც დაშხამული იქნება გველისაგან, უნდა ამ გველის სახეს შეხედოს და გადურჩება სიკვდილსა, - უთხრა უფალმა მოსეს.
მოსემ შეასრულა მაშინვე ღვთის ბრძანება და მას უკან ვინც კი დაშხამული შეხედავდა ამ სპილენძის გველს, ყველანი უვნებელნი ხდებოდნენ.
ეს სპილენძის გველი ისრაელთ მას უკან შენახული ჰქონდათ თავის კარავში სახსოვრად სასწაულისა.