ქანაანის მცხოვრებნი იყვნენ მრავალნი და ძლიერნი, მაგრამ მათ შორის ძლიერ გავრცელებული იყო აბეზრობა და გარყვნილება, ამიტომ ღმერთმა გადასწყვიტა დაესაჯა ისინი. მან დააძლევინა ისინი ისო ნავეს.
პირველ ქალაქს, რომელსაც მიადგა ისო ნავე ასაღებად, ერქვა იერიქონი. იერიქონი იყო დიდი და გამაგრებული ქალაქი. მის აღებას ისრაელნი ვერ შეძლებდნენ უფალი რომ არ დახმარებოდათ.
დაფიქრებულ ისო ნავეს გამოეცხადა უფალი და უთხრა: ნუ გეშინია, მე ჩაგაგდებინენ შენ ხელში იერიქონსა და მის მეფესა. ღმერთის სიტყვით, ისრაელთ ასწიეს სჯულის კიდობანი და იერიქონის კედლებს გარს შემოევლენ. სჯულის კიდობანს უკან მისდევდენ მღვდლები და ჯარი.
ასე უარეს გარშემო ექვს დღესა. ბოლოს, როც მეშვიდე დღეს მეშვიდედ შემოუარეს, მღვდლებმა საყვირები დაუკრეს და მთელმა ხალხმა საშინლად დაჰკივლა. იმავე წამს ქალაქის კედლები დაიქცა, თავზარდაცემულმა მცხოვრებლებმა ვეღარა გააწყვეს რა, ისრაელნი დაუბრკოლებლივ შევიდნენ იერიქონში და დაიმორჩილეს ის.
იერიქონის აღების შემდეგ ისო ნავემ მალე დასძლია და დაიმორჩილა ოცდაათ სამეფოზედ მეტი.
თუ რა ცხადად ეხმარებოდა მას ღმერთი, გვიჩვენებს შემდეგი შემთხვევა: ერთი ბრძოლის დროს ისო ნავეს საღამო ჟამმა მოუსწრო. მზის ჩასვლამდის ისე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, რომ მტრის დამარცხებას ვერ მოასწრებდა. მაშინ ისო ნავემ, ღვთის იმედით სავსემ, აიხედა ზეცაში და შესძახა: დადექი, მზეო და ნუღარ იძვრი, მთვარევ! იმავ წამსვე მზეც გაჩერდა ერთ ადგილასა და მთვარეც შედგა მანამ ისო ნავემ არ გაიმარჯვა და არ დაამარცხა მტერი.
ბოლოს მთელი ქანაანის ქვეყანა დაიმორჩილეს. მაშინ ისო ნავე შეუდგა მის გაყოფას. მთელი ქვეყანა გაჰყო თერთმეტ ნაწილად და მერე წილი აყრევინა იაკობის თერთმეტი შვილის შთამომავლებს.
რომელსაც რა ნაწილი ხვდა წილად, იქ დაბინავდა.
იაკობის მეთორმეტე შვილის, ლევის, შთამომავალს კი არა რგებია ცალკე საცხოვრებელი ადგილი, რადგანაც ისინი იყვნენ საყდრის მსახურნი და ყველგან უნდა ჰქონოდათ წილი.
როდესაც ისო ნავე შეიქმნა ას ათი წლისა, მან იგრძნო სიკვდილის მოახლოვება და მოინდომა ხალხთან გამოსალმება. მოუწოდა თავისთან მთელ ხალხს, აკურთხა და დალოცა ისინი მერე მოაგონა მათ ყოველივე სიკეთე და შეწევნა ღვთისა და ურჩია მტკიცედ დაეცვათ სჯული ღვთისა და ყოფილიყვნენ მისი ერთგულნი.
გეშინოდეთ ღვთისა და აღასრულებდეთ ყოველსა, რაიცა დაწერილი მოსეს რჯულში. ნუ დაუმეგობრდებით სხვა ხალხებსა, ნუ ემსახურებით მათ ღმერთებს, არამედ იყავით ერთმანერთის ერთგულნი და თაყვანისმცემელი ჭეშმარიტი ღმერთისა.
მთელმა ხალხმა დაიფიცა ისო ნავეს წინაშე, რომ ისინი არასდროს არ გადუდგებიან თავის ყოვლად მოწყალე ღმერთსა და არ სცემენ თაყვანსა უცხო ხალხების ღმერთებს.