გოლიათზე გამარჯვებამ ძალიან ასახელა დავითი, მაგრამ იგივე გამარჯვება გახდა მიზეზი ბევრი მისი მძიმე უბედურებისა.
როცა საული დავითთან ერთად შინ ბრუნდებოდა, ისრაელთა ქალაქებიდან გამოდიოდნენ ქალები, წინ უხვდებოდნენ ჯარს და თავის სიმღერებში საულზედ მომეტებულად აქებდნენ დავითს.
საულმა დაამარცხა ათასნი, ხოლო დავითმა ათი ათასნი, - მღეროდნენ ისინი ლექსად.
საულის დარდიან გულს ესღა აკლდა. მას ჩაუვარდა გულში შური დავითისა, მოეჩვენა, რომ დავითი თვითონ ეძებს მეფობასა და ხალხსაც იგი სურსო და შეეშინდა, მეფობა არ წამართვასო.
საული გახდა მისი მოსისხლე მტერი და ეძებდა შემთხვევას, რომ როგორმე დაეღუპა იგი. რამდენჯერმე სცადა დავითი მოეკლა: ერთხელ, როცა იგი საულის წინ იჯდა და ქნარს უკრავდა, აიღო ლახვარი საულმა და დაჰკრა დავითსა, მაგრამ დავითმა მშვიდობით აიცდინა და გაიქცა.
ერთხელ საულმა უთხრა დავითს რომ მიათხოვებდა მას თავის უფროს ქალიშვილს მერობს, ხოლო ამითი ის ვაჟკაცურად უნდა შებრძოლოდა მტერს მაგრამ მერე საულმა ის სხვას მიათხოვა.
დავითს შეუყვარდა საულის უმცროსი ქალიშვილი მელქოლა. ეს გაიგო საულმა და უთხრა დავითს: - თუ შენ მოკლავ 100 ფილისტიმელ მე მოგათხოვებ ჩემს ქალიშვილსო დავითმა მოკლა 200 და საულმა მიათხოვა მას თავისი ქალიშვილი.
მაგრამ საულს დავითისადმი სიძულვილი უფრო ემატებოდა. საულმა დავითი მრავალჯერ გაგზავნა ომში, ეგება მტრებმა მოკლანო, მაგრამ დავითი გამარჯვებული დაბრუნდა ყოველთვის.
ერთხელ დავითი დაეთხოვა საულს და შინ წავიდა. საულმა შეაგულიანა რამდენიმე კაცი, გაგზავნა იესეს სახლში და უბრძანა, როგორმე მოეკლათ დავითი, მაგრამ დავითმა შეუტყო მას ბოროტი განზრახვა, სახლიდან გაიქცა და საერთოდ აღარ ეჩვენებოდა საულს.
ხანი რომ გავიდა, საულმა ჰკითხა თავის შვილს იონათანს, ვითომც არაფერი იცოდა: სადილზე რატომ აღარ ვხედავ დავითსაო? იონათანს არ უნდოდა პირდაპირი პასუხით გაეჯავრებინა გაბოროტებული მამა და ამიტომ უთხრა: სადღესასწაულოდ დედ-მამასთან დამეთხოვაო.
აი, შენ უმსგავსო! - დაუყვირა საულმა იონათანს, - განა მე არ ვიცი, რომ დავითის მეგობარი გახდი ჩემს შემარცხვენად. განა არ იცი, რომ მანამ ის ცოცხალია, შენ მეფე ვერ გახდები? ეხლავე აქ მოიყვანე, იგი უთუოდ უნდა მოვკლა!
იონათანმა გამოსარჩლება დაუწყო დავითსა: რისთვის უნდა მოკლა შენ იგი? რა უქნია ცუდი ან შენთვის, ან სხვისათვის? საული ისე გააცეცხლეს ამ სიტყვებმა, რომ წამოავლო ხელი ლახვარს და ესროლა იონათანს გულში, მაგრამ იონათანმა მშვიდობით აიცდინა ნასროლი ლახვარი, გამოვიდა სახლიდან და წავიდა დავითის საძებნელად.
მას უნდოდა დავითისათვის შეეტყობინებინა, რომ საულს მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ერჩია, უცხო ქვეყანაში გაქცეულიყო. იონათანმა იცოდა, რომ ამისთანა მოქმედებით მამას შეეძლო იგი მოეკლა, მაგრამ მას დავითის ისეთი ღრმა სიყვარული ჰქონდა გულში ჩავარდნილი გულში, რომ მისი გულისათვის თავის თავსაც არ დაიშურებდა.
ბევრი ძებნის შემდეგ იონათანმა იპოვა დავითი, რაც სათქმელი ჰქონდა უთხრა, გამოსალმების დროს გადაეხვია, ბევრი იტირეს ორივემ და ბოლოს განშორდნენ.
ამის შემდეგ დავითი საულის სიკვდილამდის ხან უცხო ქვეყანაში დაეხეტებოდა, ხან თავის ქვეყანაში ემალებოდა საულს ტყეებში, მთებში, უდაბნოებში და სხვა მიუვალ ადგილებში.
დავითის მტრობით საულმა დაუწყო ჩაგვრა და წვალება მის ნათესავებსა და მეგობრებს და ყველას, ვისაც დავითისათვის სიკეთე უნდოდა და რითიმე შველა.
მისი ბოროტება იქამდის მივიდა, რომ მოაკვლევინა მაშინდელი მღვდელმთავარი აქიმელაქ და ამოაწყვეტინა მთელი მისი გვარი ამ უბრალო მიზეზით: როცა დავითი საულისგან გარბოდა, გზაზედ პური შემოაკლდა, მივიდა მღვდელმთავართან და სთხოვა პური და გოლიათის მახვილი, რომელიც კრებულის კარავში იდო.
მღვდელმთავარმა ჯერ არ იცოდა საულის სიძულვილი დავითისადმი და ამიტომ მისცა საყდრის პურები და გოლიათის მახვილი. აი, რა მიზეზით ამოაბუგვინა საულმა მთელი გვარეულობა, მთელი ნათესაობა აქიმელექისა.
საულისგან დევნილნი, გაიქცნენ დავითთან და მასთან ერთად იმალებოდნენ. ხანდახან საულის ჩუმად, დავითი თავის მომხრეთა დახმარებით იცავდა ისრაელთა ქალაქებს მტრების დაცემისაგან.
თუმცა საული დავითს დასდევდა მოსაკლავად, როგორც ნადირსა, მაგრამ თვითონ დავითს კი დიდი პატივისცემა ჰქონდა საულისა და ერთ წუთსაც არ დაუვიწყნია, რომ იგი იყო მეფე და მამა გულითადი მეგობრისა.
ეს პატივისცემა მან თვითონ საულს ორჯერ ცხადად დაუმტკიცა. ერთხელ საულს მიასწავლეს ის უდაბური ადგილი, სადაც დავითი იმალებოდა, საულმა წაასხა მრავალი ჯარისკაცი და წავიდა დავითის საპოვნელად.
დავითი შეიმალა რამდენიმე კაცით ერთ მეტად ღრმა გამოქვაბულში. საულს ფიქრადაც არ მოუვიდოდა, თუ დავითი ამ გამოქვაბულში იქნებოდა და ამიტომ არხეინად შევიდა მასში მარტოდმარტო დასასვენებლად. დავითი ჩუმად მიეპარა მძინარე საულსა და შეაჭრა კაბის კალთა.
როცა საული გამოვიდა გამოქვაბულიდან, დავითი გადადგა მაღლობ ადგილზედ და დაუძახა საულსა: ხემწიფევ ჩემო! ნუ უჯერებ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, ვითომც მე ბოროტი განზრახვა მქონდეს შენს წინააღმდეგ. მე რომ შენთვის ცუდი მდომოდა, აი, ახლა გიზამდი. გამოიხედე აქეთა, ჩემო მამავ! აი, შენი კაბის კალთა! ამით მაინც დარწმუნდი, რომ შენზედ მე ძვირი გული არა მაქვს და არც ბოროტი მსურს!
საული დავითის ამ საქციელმა გრძნობაზედ მოიყვანა, დაიწყო ტირილი და დაუძახა დავითსა: დამნაშავე ვარ შენს წინაშე, მე შენ ბოროტს გიშვრები, შენ კი კეთილით მიხდი ბოროტსა; მე ახლა შენს ხელში ვიყავი, მაგრამ შენ არც კი შემეხე. უფალმა მოგანიჭოს სამაგიერო სიკეთე შვილო!
შერცხვენილი საული დაბრუნდა შინ, მაგრამ მალე ისევ გაუცრუვდა გული დავითზედ და ხელახლა წავიდა მის საძებნელად. მაგრამ დავითმა ახლა უფრო მომეტებულად შეარცხვინა საული უსამართლო ბოროტებისათვის: საულს ღამემ მოუსწრო უდაბნოში, მან დასცა იქვე კარავი და დაწვა დასაძინებლად, დაიძინეს იმის მხლებლებმა კარისკაცებმაც; დავითმა ეს ყველაფერი დაინახა, წამოიყვანა ერთი თავისი კაცი და შუაღამისას ჩუმად შევიდა მეფის კარავში.
ამხანაგმა უთხრა დავითს: შენი მტერი ეხლა შენს ხელთ არის, ნება მომეცი და მე ერთი დაკვრით მოვკლავ მას. ღმერთმა დაგვიფაროს უფლისაგან ცხებული მეფის ხელი ხლება! განა დაუსჯელად დარჩება, ვინც მაგისთანა ცოდვასა იქმს? აიღე და თან წამოიღე ეს მახვილი, რომელიც თავთით უძევს და წყლით სავსე სურაც.
სრულიად ვერავინ გაიგო მათი ყოფნა კარავში და გამოსვლა, ისე მაგრად დააძინა ისინი ღმერთმა. როცა დავითი ავიდა ახლო მთაზედ, იქიდან მაღალი ხმით დაუწყო ძახილი საულის ჯარის უფროსს.
უფროსმა უცებ გამოიღვიძა და დაუყვირა: ვინ აწუხებს ამ შუაღამისას მეფეს? დავითმა მიუგო: განა აგრე უნდა მეფეს დაცვა? ეხლა მანდ ვიღაც იყო მეფის მოსაკლავადა. აბა ნახე, სად არის მახვილი მეფისა ან წყლის სურა! ცუდად ემსახურებით მეფესა, მოსაკლავნი ხართ ყველანი მაგისათვის.
ეს სიტყვები გამოღვიძებულმა საულმაც გაიგონა, იცნო დავითი ხმაზედ და უთხრა: შენა ხარ, შვილო დავით? მე გახლავარ, ჩემო ხელმწიფევ! - მიუგო დავითმა, - რისთვის მდევ, რა მიქნია ცუდი? განა შესაფერია მეფისათვის მთა-მთა სდიოს ჩემისთანა უკანასკნელ კაცსა, როგორც უსაქმო მონადირე დასდევს გარეულ ფრინველსა?
საულმა ახლაც ცხადად იგრძნო თავისი უსამართლობა და დაუძახა დავითსა: დაბრუნდი ჩემთან, შვილო ჩემო, სრულიად აღარას გერჩი, ცხადად ვხედავ, რომ ჩემს სიცოცხლეს შენ ზოგავ: ბევრი დანაშაული მაქვს შენთანა, მაგრამ დავითმა იცოდა, რომ საული მალე დაივიწყებდა თავის დაპირებასა და ამიტომ დაბრუნება არ მოინდომა.
იმან დაუძახა საულის ერთ მონას, მისცა მახვილი და სურა და გაეცალა იქაურობას.