საულს დიდი ხანი აღარ უმეფია. უბედური სიკვდილი მალე ეწვია მას. ფილისტიმელები კიდევ შემოესივნენ საისრაელოს.
საული გრძნობდა, რომ ღმერთი მას აღარ შველოდა და ამიტომ შიშით გაიყვანა თავისი ჯარი ბრძოლის ველზედა. აქ ისრაელნი სასტიკად დამარცხდნენ. ნახევარი ჯარი გაწყდა ომში, ნახევარი გაიქცა და დაიქსაქსა.
საული თავის შვილებით მეტად მხნედ იბრძოდა, მაგრამ ვერა გააწყეს რა. სამი შვილი, რომელთა შორის იყო იონათანიც, მოუკლეს თვალწინ და თვითონ საულიც დასჭრეს.
საული ხედავდა, რომ მტერს ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა და უთხრა თავის მეაბჯრეს: დამეცი გულში მახვილი, რომ მტრებმა ტყვედ არ წამიყვანონ და არ შევიქმნე სამასხარაო წარმართებისა.
მეაბჯრემ ეს ვერ გაბედა და მაშინ საული თვითონ დაეცვა თავის მახვილს წვერზედ და მოკვდა.
საულის სიკვდილის ხმამ დავითამდისაც მიაღწია. საშინლად ეწყინა დავითსა, სიმწრით პერანგი შემოიფლითა და ცხარე ცრემლით ატირდა.
იგი სტიროდა საულს და თავის ერთგულ მეგობარს იონათანს, თავისი მწუხარება და გლოვა იონათანზე მან გამოხატა მშვენიერი ლექსით.
ისრაელთ ახლა გაიხსენეს, რომ დავითი მათ მეფედ იყო ცხებული სამოელ წინასწარმეტყველის მიერ. რადგანაც თვითონ ხალხსაც უყვარდა და მოსწონდა დავითი, ამიტომ ჩქარა მთელმა ერმა აღიარა იგი მეფედ.