დავითის ერთმა შვილმა, სახელად აბესალომმა, განიზრახა მეტად ბრიყვული და ბოროტი საქმე. მან მოინდომა მამის ტახტიდან ჩამოგდება და მეფობის დასაკუთრება.
წინათაც თავისი ცუდი ყოფაქცევით მამას ბევრს აჯავრებდა და უთუოდ ფიქრობდა, რომ მამა მას არ დანიშნავდა თავის მემკვიდრედ, ამიტომ მან ძალით და ეშმაკობით მოინდომა მეფობის ჩაგდება ხელში.
აბესალომი იყო მეტად მშვენიერი ვაჟკაცი და ბევრს მოსწონდა ის. რომ უფრო მომეტებულად შეეყვარებინა ხალხისათვის თავისი თავი, მან იხმარა მარჯვე ეშმაკობა: ყოველ დილით ადრე გამოდიოდა სასახლის კარებთან და ალერიანად ჰკითხავდა ყველას, ვინც იმის მამასთან რაიმე თხოვნით მოდიოდა: რა საქმისათვის გარჯილხართ?; როცა საქმეს გააგებინებდნენ, აბესალომი შებრალებით ეტყოდა: შენი საქმე მართალი, სწორი საქმეა, მაგრამ რა, მეფე შენ არ მოგისმენს; მე რომ ვიყო მეფე, მაშინ სხვა იქნებოდა: ყველა თავისი თხოვნით პირდაპირ შემოვიდოდა ჩემთან და სამართლიანად გადავიწყვეტდი საქმეს.
ამის გარდა, როცა წინ შეხვედრის დროს პატივისცემით თავს უკრავდნენ აბესალომს, როგორც მეფის შვილს, იგი ალერსიანად ხელს ართმევდა, ეხვეოდა და ჰკოცნიდა მათ. ზოგმა კარგად იცოდა, რისთვის ჩადიოდა ამ პირმოთნეობას მეფის შვილი, მაგრამ ზოგს კი მოწონდა მისი თავმდაბლობა, ტკბილი სიტყვები და ხალხში აქებდა მას.
ბევრნი იყვნენ იმისთანანიც, რომელნიც დავითს ემდურებოდნენ, რადგანაც იგი მათ სასტიკად ექცეოდა; როცა აბესალომმა ნახა, რომ მომხრეები ბევრი იშოვა და ესენი მზად იყვნენ, ეშველათ მისთვის მამის ჩამოგდებაში ტახტიდან, დაეთხოვა თავის მამას ერთ ქალაქში წასასვლელად ვითომ სალოცავად.
მამამ სრულიად არაფერი იცოდა და ამიტომ დაუბრკოლებლივ გაუშვა თავისი შვილი. ამ ქალაქში აბესალომმა შეკრიბა ყველა თავისი მომხრე და მეფედ გამოაცხადა თავი; მერე საჩქაროდ გაგზავნა აქეთ-იქით ქალაქებში თავისი მეგობრები გამოსაცხადებლად საყოველთაოდ, რომ აბესალომი გამეფდაო.
თვითონ აბესალომი კი თავისი ჯარით გაეშურა იერუსალიმისაკენ. მას უნდოდა აეღო ეს ქალაქი, დაეტყვევებინა თავისი მამა და მოეკლა.
დავითმა რომ ეს შეიტყო, საჩქაროდ გაიქცა იერუსალიმიდან თავისი სახლობით, გუშაგებითა და მოსამსახურებითურთ. მომზადებული ჯარი აჯანყებულების დასამშვიდებლად მაშინ არ ჰყავდა დავითს სრულიად, რადგანაც აბესალომის ღალატი მისთვის მოულოდნელი იყო.
იერუსალიმის მცხოვრებლებმა ტირილით გააცილეს დავითი, რომელიც ფეხშიშველი მიდიოდა და მწარედ სტიროდა. გზაზედ დავითს შეხვდა ერთი საძაგელი კაცი, საულის გვარისა. დაუწყო გინება, ქვების სროლა და ეძახდა: გასწი, გასწი, შე ურჯულო! ჰე, ჩავარდი, უბედურებაში! გეწია, თუ არა საულის ცოდვა!
დავითთან მიმავალ კაცებს უნდოდათ მოეკლათ ეს ბრიყვი და უსირცხვო კაცი, მაგრამ დავითმა დაუშალა: ანებეთ თავი, - უთხრა დავითმა, - დეე მლანძღოს და მწყევლოს, ალბათ ღვთის ნება სრულდება ჩემზედ. თუ ჩემი ღვიძლი შვილი ჩემზედ აღსდგა, მაგ უცხო კაცს რაღად უნდა დავემდურო. ეგებ უფალმა სიკეთე მომაგოს მაგის ლანძღვის სამაგიეროდ.
აბესალომი შევიდა იერუსალიმში, და დაიჭირა სამეფო ტახტი, მას ეგონა, ეს არის მთელი სამეფო დამრჩაო, მაგრამ ამ დროს დავითის გარშემო მთელ მის სამეფოდან შეიკრიბა მრავალი ჯარი. აბესალომი გავიდა იერუსალიმიდან თავისი მომხრეებით და მოემზადა მამის ჯართან საომრად.
დავითს თვითონ არ უნდოდა ომში გარევა და შვილის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ სხვას ჩააბარა სარდლობა. მამის გული მაინც ვერ იმეტებდა აჯანყებულ შვილს და ამიტომ ომის წინ დავითმა უთხრა ჯარის მეთაურებს: დაზოგეთ ჩემი შვილი აბესალომი და ნუ მოჰკლავთ მას.
გაიმართა ომი. დავითის გამოცდილმა და გაწყობილმა ჯარმა მალე საშინლად დაამარცხა ომში გამოუცდელი აჯანყებულები. მრავალი მათგანი დაიღუპა ბრძოლის ველზედ, დანარჩენნი გაიფანტნენ.
გაიქცა თვითონ აბესალომიც; მას დაედევნენ დასაჭერად უკან დავითის კაცები, აბესალომი თავის ბაჩა ცხენით შევარდა ტყეში და ტყე-ტყე გარბოდა, ამ დროს მისი მეტად გრძელი თმა, ქარისაგან გაშლილი, შემოეხვია ხის ტოტს, აბესალომი დაეკიდა ხეზედ და ცხენი კი ქვეშ გაუძვრა და გაიქცა; ამ დროს წამოეწივნენ მას დავითის ჯარისკაცნი; მათმა მეთაურმა, მეფის თხოვნის საწინააღმდეგოდ, სამი ისარი ესროლა შიგ გულში აბესალომს და ხეზედვე მოკლა.
როდესაც დავითს ახარეს გამარჯვება, ყველაზე უწინ ეს ჰკითხა: ჩემი შვილი აბესალომი რაღა იქნა? ხომ კარგად არის? დავითს რომ შეატყობინეს უბედური ბოლო თავისი შვილისა, იწყო მწარედ ტირილი და ოხვრით ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო! ნეტავ მე მოვმკდარიყავ და შენ კი ცოცხალი მყოლოდი, შვილო!;
დიდხანს სტიროდა და იმეორებდა ამ სიტყვებს. იერუსალიმში და სხვა ქალაქებში კი ხალხი ძალიან გაახარა დავითის გამარჯვებამ. ხალხი ეგებებოდა წინ დავითს დიდის ამბით და ულოცავდა გამარჯვებას.
დავითმა, როგორც გულკეთილმა კაცმა, არ დასაჯა არც ერთი მომხრე აბესალომისა, ყველას აპატია და სრულიად დაივიწყა ღალატი მათი. ის კაცი, რომელიც დავითს ლანძღავდა და სწყევლიდა იერუსალიმიდან გაქცევის დროს, ყველაზე უწინ მივიდა გამარჯვებულ დავითთან და სთხოვა, ეპატიებინა მისთვის მძიმე დანაშაული.
დავითმა არამც თუ აპატია, შეჰფიცა კიდეც, რომ მის დანაშაულობას სრულიად დაივიწყებს და ძვირ გულს მასზედ არ იქონიებს.
დავითმა ორმოც წლამდე იმეფა. როცა შეატყო სიკვდილის მოახლოვება, შეჰკრიბა წარჩინებულნი და მათ წინაშე დანიშნა თავის მემკვიდრედ სოლომონი.
სიკვდილის წინ მან აკურთხა სოლომონი, დაულოცა მეფობა. დაარიგა, რომ წმინდად და შეურყევლად დაეცვა ბრძანებანი უფლისა, კეთილგონიერად მოქცეულიყო და ანდეძად დაუგდო დიდი ტაძრის აშენება იერუსალიმში.
მეფე დავითი წინასწარმეტყველიც იყო. სული წმინდის ჩაგონებით მან სთქვა ბევრი საღმრთო ლექსი, რომლებსაც ჩვენ “ფსალმუნებს” ვეძახით, ხოლო წიგნს, რომელიც მას შეიცავს, ვუწოდებთ “დავითნსა”.