ელიას ამაღლების შემდეგ მისი ძლიერების მემკვიდრე შეიქმნა ელისე. ამის ხელით და პირით უფალმა ბევრი სასწაული უჩვენა ისრაელთა, რომ იგინი წარმართობისაგან და უსჯულოებისაგან დაეხსნა, ცხადად დაენახვებინა თავისი ყოვლისშემძლეობა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ მოექცია.
ერთხელ ელისესთან მივიდა ერთი დედაკაცი და ითხოვდა მისგან შემწეობას: ქმარი მომიკვდა და დამიტოვა ვალი. შენ თვითონ იცი, რომ იგი იყო ღვთის მოშიშარი კაცი, ეხლა ამ ვალში ორ შვილსა მთხოვენ ყმად. ელისემ უთხრა: ახლა როგორ გიშველო შენ? გაქვს რამე სახლში თუ არა? არაფერი არა მაქვს, გარდა ერთ კოკა ზეთისა, - მიუგო ქვრივმა.
წინასწარმეტყველმა უთხრა: წადი, სთხოვე შენს მეზობლებს და რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი მიიტანე სახლში, ჩაიკეტე კარები და შენი შვილების დახმარებით შენი კოკიდან გადაასხი ზეთი იმ ცარიელ ჭურჭლებში, მანამ პირთამდე არ აივსებოდეს.
ქვრივმა გაუგონა წინასწარმეტყველს, წავიდა და ისე მოიქცა, როგორც მან უბრძანა: შვილები აძლევდნენ ცარიელ ჭურჭელს და ის ასხამდა ზეთს, როცა ყველა ჭურჭელი გაივსო, შვილებს უთხრა: კიდევ მომეცითო. შვილებმა უთხრეს: ამის მეტი აღარა გვაქვსო და ზეთმაც იკლო კოკიდან.
ის დედაკაცი მივიდა ელისესთან და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. მაშინ წინასწარმეტყველმა უბრჩანა, რომ გაეყიდა მას ზეთი; რაც იმ ზეთში ფული აიღო, იმით ვალი მოიშორა და სარჩენადაც ბევრი დარჩა.
ელისე ხშირად მიდიოდა და დადგებოდა ხოლმე ერთ ღვთისმოყვარე ებრაელთან. ეს დიდი სიამოვნებით მიიღებდა ხოლმე და იმისთვის კიდეც ააშენა პატარა ოთახი, შიგ დადგა ტახტი, მაგიდა, სკამი და შანდალი. იმ ებრელს ჰყავდა ერთი შვილი. ერთხელ ყმაწვილი თავის მამასთან მინდორში იყო და უეცრად თავი ასტკივდა, მაშინვე მიიყვანეს დედასთან და დედას კალთაში მოუკვდა შვილი.
დედამ აიღო და ელისეს ქვეშაგებზედ დასდო და დაკეტა კარები. მერე არავის სახლში მყოფს არ უთხრა ეს უბედურება და საჩქაროდ მიირბინა წინასწარმეტყველთან, დაეცა მის ფეხებთან და მოეხვია. ელისემ გაიგო მაშინვე, რა ამბავიც იყო მის თავს და უთხრა თავის მოსამსახურეს: აიღე ჩემი ყავარჯენი, ჩქარა წადი და შეახე ყმაწვილს.
მაგრამ დედაკაცი არ შორდებოდა ღვთის კაცს და ეხვეწებოდა, რომ თვითონ წამოსულიყო. ელისე წავიდა და შევიდა თუ არა ოთახში, სადაც მკვდარი ყმაწვილი იდო, ჩაკეტა კარები და შეევედრა ღმერთს, შემდეგ დაიხარა ყმაწვილისაკენ. ყმაწვილმა თვალები გაახილა. ელისემ დაუძახა მის დედას და მისცა ცოცხალი შვილი.
ისრაელებს შეემთხვათ ომი სხვა ხალხთან. მტრები დიდძალი ჯარით შემოესივნენ და გარს შემოერტყნენ მათ სატახტო ქალაქს, სამარიას. ამ ქალაქში იყო ელისეც. რაც ქალაქში პური იყო სულ გამოელიათ და იმისი შოვნა და მოტანა მტრების შიშით შეუძლებელი გახდა. დადგა საშინელი შიმშილი.
ისრაელების მეფემ თავისი კაცების პირით ჰკითხა ელისეს: რა ვქნა მე ასეთ გაჭირვებაში? წინასწარმეტყველმა შეუთვალა: უფალმა მითხრა, რომ ხვალ ალაყაფის კარებთან გაიყიდება პური უფასოდ. ერთმა ხელმწიფის ახლობელმა კაცმა არ დაუჯერა და უთხრა: ეგ შეუძლებელიაო, თუნდ ციდან რომ ცვიოდეს პურიო; ელისემ უთხრა: შენ თვითონ დაინახავ, რომ ჩემი სიტყვა ასრულდება, მაგრამ პურს კი ვერ სჭამ.
იმ ღამეს მტრებმა გაიგონეს რაღაც ხმაურობა, თითქოს დიდი ჯარი მოდის მათზეო, შიშისაგან ყველაფერი იქ დატოვეს და გაიქცნენ. მეორე დღეს ისრაელებმა ნახეს, რომ მტრები აღარ იყვნენ, მისცვივდნენ იმათგან დარჩენილ საჭმელებს და ნივთეულობას. იმ დღეს პური იყიდებოდა ძალიან იაფად. ის კაცი, რომელმაც არ დაუჯერა ელისეს, ხელმწიფემ ყარაულად დააყენა კარებში, მაგრამ იმ არეულ-დარეულობაში გაჭყლიტეს და ამნაირად ასრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა.
ასურასტანის მეფის ერთი ერისთავი, სახელად ნეემანი, ავად იყო საშინელი ავადმყოფობით. ერთხელ მას უთხრა მსახურმა: ახ, ბატონო, შენ რომ ისრაელის ქვეყანაში იყო, ელისე წინასწარმეტყველი მალე მოგარჩენდა მაგ ავადმყოფობისგან. ერისთავმა დაუჯერა ამ ქალს და დიდი საჩუქრებით წავიდა ისრაელთა ქვეყანაში.
მივიდა თუ არა ელისეს სახლის კარების წინ, წინასწარმეტყველმა შემოუთვალა მოსამსახურის პირით, რომ ის შვიდჯერ უნდა გაებანოს იორდანეს წყალში და ავადმყოფობა გაივლის სრულიადო. ნეემანი ჯერ გაჯავრდა ამგვარი პასუხით და სთქვა: მე მეგონა რომ წინასწარმეტყველი მოვა ჩემთან, შეევედრება ღმერთს, შეეხება თავისი ხელით მტკივნეულ ალაგებს და ამნაირად გავთავისუფლდები სატკივარისგან; წყალში გაბანვა მეც შემეძლო ჩვენს ქვეყანაში, განა ჩვენი ქვეყნის წყლები ისრაელების წყლებზე უხეირონი არიან?!;
ერისთავმა გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ მსახურები სთხოვდნენ, რომ შეესრულებინა წინასწარმეტყველის სიტყვა და უთხრეს: რა ძნელად შესასრულებელ საქმეს გიბრძანებს წინასწარმეტყველი, რომ უარს ამბობ, მართლა რომ ძნელად აღსასრულებელი საქმე მოეცა, განა არ შეასრულებდი?;
ნეემანი წავიდა, იორდანეს წყალში გაებანა შვიდჯერ და განთავისუფლდება სატკივარისაგან, მერე დაბრუნდა დიდის მადლობით ღთის კაცთან და უთხრა: ეხლა მე გავიგე, რომ ისრაელების ღმერთი მართლა ერთად ერთი ღმერთია, მიიღე ჩემგან საჩუქარი. ელისემ მისი საჩუქრები უარყო.
მაშინ ერისთავმა უთხრა ელისეს: ნება მაინც მომეცი, აქედან წავიღო მიწა, გავაკეთებ სამსხვერპლოს და მარტო ერთადერთ ისრაელთა ღმერთს შევწირავ მსხვერპლს და სხვა ღმერთებს სრულებითაც არ ვემსახურები.
ელისემ გაუშვა იგი მშვიდობით. ელისეს მოსამსახურე შეცდა საჩუქრებით, რომლებიც იმისმა ბატონმა არ მიიღო ერისთავისაგან და ფიქრობდა ელისესგან ჩუმად გამოერთმია, წამოეწია გაზედ ერისთავს და უთხრა: ჩემს ბატონს მოუვიდა ორი სტუმარი და გამომგზავნა შენთან ფულისათვის და ორი ხელი ტანისამოსისათვის.
ნეემანმა სიხარულით მისცა უფრო მეტი, რასაც ის სთხოვდა. როცა შინ დაბრუნდა, გეეზმა დამალა უწესოდ ნაშოვნი საჩუქრები. ელისემ შეუტყო მას სიმტყუვნე და გაუმაძღრობა. სად იყავი შენ? - ჰკითხა თავის მოსამსახურეს. არსად! - მიუგო მან.
წინასწარმეტყველმა უთხრა: იქნება შენ გგონია, რომ მე ვერ გავიგებდი, როდესაც გამოუდექი ნეემანს? გადაგედება მისი სატკივარი შენ და გეეზი მართლაც დაავადდა იმავე სატკივრით, რომელიც ჰქონდა ნეემანს.
წინასწარმეტყველის ენით საკვირველი ღვთის ძალა მოქმედებდა როგორც მისი სიცოცხლის დროს, აგრეთვე მისი სიკვდილის შემდგომაც.
ერთხელ მარხავდნენ მკვდარს იმ საფლავის მახლობლად, რომელშიც ელისე იყო დამარხული. ამ დროს ისრაელებს დაენენ მტრები. მესაფლავეებმა გაიფეს თუ არა მტერი მოდისო, სიჩქარით აიღეს მიცვალებული და ჩააგდეს ელისეს აკლდამაში; მიცვალებული შეეხო თუ არა ელისეს ძვლებს, მაშინვე გაცოცხლდა.