წინასწარმეტყველები ღვთის ნებას უცხადებდნენ როგორც იუდეველებს და ისრაელებს, აგრეთვე ზოგიერთ სხვა ხალხსაც.
ისრაელთა ერთი წინასწარმეტყველი იონა, გაგზავნილი იყო ქალაქ ნინევში. უფალმა უთხრა იონას: წადი დიდ ქალაქში ნინევში და გამოუცხადე, რომ მათ მე გამაჯავრეს, თავისი ბიწიერებით. წინასწარმეტყველს არ უნდოდა, რომ ნინევის მცხოვრებლებს მოენანიებინათ ცოდვები და ღმერთს შეეწყალებინა ისინი, რადგანაც ისინი იყვნენ მტრები ისრაელისა.
იონას არ უნდოდა დაეჯერებინა ღვთის სიტყვა და დააპირა გაქცევა ზღვის გაღმა სხვა ქვეყანაში. იონამ ნახა ერთი გემი, იმ ქვეყანაში წამსვლელი და გაჰყვა იმ გემს. უფალმა ზღვაზე ააყენა დიდი ქარი და გემი კინაღამ დაიღუპა.
მეზღვაურებს შეეშინდათ და დაუწყეს ლოცვა თავიანთ ღმერთს (ისინი სხვა რჯულისანი იყვნენ) და თანაც ჰყრიდნენ ზღვაში ბარგს, რომ შეემსუბუქებინათ გემი.
ამ დროს იონას ეძინა. მეზღვაურებმა გააღვიძეს და უთხრეს: რასა გძინავს? ადექ, შეევედრე შენს ღმერთს! იქნებ იმან გადაგვარჩინოს დაღუპვას. მაინც ვერა უშველეს რა. ბოლოს უთხრეს ერთმანერთს: წილი ვყაროთ, იქნებ ჩვენგანს დიდი ცოდვა აქვს ვინმეს.
მართლაც წილი ჰყარეს და იონას კი შეხვდა მეზღვაურებმა ჰკითხეს: ვინ ხარ? იონამ ყველაფერი უამბო: მე ვარ ისრაელთა ქვეყნიდან, ვლოცულობ ერთადერთ ღმერთს, ქვეყნის შემოქმედს; გავაჯავრე ღმერთი და მინდა გაქცევა.
ახლა რა გიყოთ შენ? - ჰკითხეს მეზღვაურებმა. იონამ უთხრა: ზღვაში ჩამაგდეთ და ქარი ჩადგებაო. მე ვიცი, რომ ეგ ქარი ჩემი გულისთვის ქრისო. ბევრი იყოყმანეს მეზღვაურებმა, შეევედრნენ ღმერთს: უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ ერთი კაცის გულისათვის და ცოდვად ნუ მოგვცემ! აიღეს იონა და ჩააგდეს ზღვაში.
ქარიც ჩადგა და ზღვამაც ღელვა იკლო. გაუკვირდათ მეზღვაურებს და ილოცეს ის ღმერთი, რომელზედაც იონამ უთხრათ. ღმერთმა უბრძანა ვეშაპს, ჩაეყლაპა იონა და უვნებლად შეენახა კიდეც მუცელში. იონამ ამნაირი შეწყალებისათვის მადლობა შესწირა უფალს და მესამე დღის უკან ვეშაპმა, ღვთის ბრძანებით, ცოცხლად გამოაგდო ზღვის ნაპირას იონა.
ამის მერე ღმერთმა მაინც გაგზავნა იონა ნინევიაში. მივიდა ქალაქს იონა, დადიოდა და იძახდა: ორმოცი დღის შემდეგ ქალაქი დაინგრევაო. ხალხმა დაიჯერა იონას სიტყვა, ჩაიცვა შავები და იწყლო გლოვა ისე, რომ ძროხებსაც კი არ მისცეს საჭმელი და თანაც ღმერთს ეხვეწებოდნენ შველას.
იონა კი ქალაქს გარეთ იყო, პატარა ქოხი აიშენა და ელოდა ქალაქის დაღუპვას; მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ნინევის მცხოვრებნი და აღარ დაღუპა ქალაქი: გავიდა ორმოცი დღე თუ არა, დაიწყო იონამ ჯავრი, რომ ღმერთი ბოროტ ხალხსაც კი ფარავდა და იბრალებდა: ამისათვის არ მინდოდა მე წამოსვლა, - ეუბნებოდა ღმერთს იონა და ეხვეწებოდა, - მე სიკვდილი მირჩევნია სიცოცხლესაო.
ღმერთმა შთააგონა იონას, რომ არ გაჯავრებულიყო ხალხზედ, თუნდ მისი მტრები ყოფილიყვნენ. აი, როგორ შთააგონა ეს: ქალაქს გარეთ რომ ქოხი ჰქონდა, იქ არც ხე იყო, არც ჯაგი, მზე კი ცხარე იდგა. მაშინ ღმერთმა უბრძანა ხეს ქოხის ახლოს აღმოცენება და ამ ხის ქვეშ იონა თავს იგრილებდა ხოლმე ცხარე მზისაგან.
ერთ ღამეს ღმერთმა უბრძანა ჭიებს, გაეფუჭებინათ ის მცენარე და გახმა ის ხე. მზე უწინდებურზე უფრო ცხარე იყო. მაშინ იონამ დაიწყო ჯავრი და ევედრებოდა ღმერთს, მოეკლა. უფალმა უთხრა: კარგია, რომ იმ ხის გულისათვის ჯავრობ. ძალიან მინდა სიკვდილიო, - მიუგო იონამ.
ეხლა შენ გებრალება ხე, რომელიც შენ არ დაგირგავს, არც მოგივლია და მე როგორ არ შემეცოდოს ქალაქი, რომელშიც არის ათასობით ბავშვი, რომელთაც არ იციან მარცხენა ხელი რომელია და მარჯვენა რომელი და ამას გარდა რამდენი კიდევ პირუტყვია?
ყველა, რაც იონას თავს გადახდა, ნიშნავდა იმას, რაც მაცხოვარს დაემართა: როგორც იონა სამი დღე და სამი ღამე უვნებელი იყო ზღვაში, ისე მაცხოვარი - ქრისტე ღმერთი სამი დღე და ღამე იყო დამარხული და მესამე დღეს აღსდგა მკვდრეთით.