მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2720 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

პატარა ბიჭუნას ოთახში პიანინო იდგა.

ლამაზი იყო პიანინო. დიდი ხნის წინათ გაეკეთებინა ოსტატს, წითელი ხით მოეპირკეთებინა და კოხტა ჩუქურთმებითაც დაემშვენებინა.

ვინ იცის, რამდენი ხელი შეხებოდა მის კლავიშებს.

იდგა კუთხეში, იდუმალებით სავსე და ბიჭუნას გულს უფანცქალებდა.

პიანინოზე დედა უკრავდა საღამოობით. ავახშმებდა ბიჭუნას, ხელ-პირს დაბანდა, ჩააწვენდა ლოგინში და მიუჯდებოდა საკრავს. ახდიდა კლავიატურის სახურავს და ერთხელაც გამოხედავდა საბნიდან თავგამოყოფილ ბიჭუნას. ის თვალებგაფართოებული უყურებდა დედას და ელოდა.

დედა გაუღიმებდა და დაიწყებდა დაკვრას...

უკრავდა დედა.

უსმენდა ბიჭუნა და თან ფანჯარაში იყურებოდა. იქ კი ხან ღრუბლები მისდევდნენ ერთმანეთს და ქარი არხევდა ხეთა ტოტებს. ხან იმ ტოტებს წვიმის წვეთები სწყდებოდნენ ნელა, ხანაც დათოვლილებს ავარდისფერებდა ჩამავალი მზის შუქი.

უკრავდა დედა.

დაბინდდებოდა. ბიჭუნას საძილედ მიელულებოდა თვალები. დედა ნელა შეწყვეტდა დაკვრას და ფრთხილად დახურავდა კლავიატურის სახურავს. მერე ადგებოდა, შუბლზე აკოცებდა ბიჭუნას და გავიდოდა ოთახიდან.

დედა კარს გაიხურავდა თუ არა, თითქმის მძინარი ბიჭუნა პიანინოსთან მიტანტალდებოდა. დიდი წვალებით ახდიდა კლავიატურის სახურავს, დაბრუნდებოდა ლოგინში და იმწამსვე იძინებდა.

ხშირად ეღვიძებოდა შუაღამისას და უცქეროდა პიანინოს. სახურავსაც იმიტომ ახდიდა ხოლმე, უყვარდა ბნელში თეთრად რომ მოჩანდა კლავიშები და მთვარიან ღამით ფოთლების ჩრდილები რომ დაფარფატებდნენ ზედ.

დილით, გაიღვიძებდა თუ არა, მაშინვე პიანინოსთან მიირბენდა. ძლივს აფოფხდებოდა სკამზე. დაჯდებოდა და უყურებდა კლავიშებს. დიდხანს იჯდა ასე.

ხანდახან ხელს გაიწვდიდა, უნდოდა კლავიშებს შეხებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. მერეც მთელი დღე პიანინო ახსოვდა.

უცებ შეწყვეტდა ხოლმე თამაშს, მიატოვებდა ტოლებს და გაიქცეოდა. ისე შევარდებოდა თავის ოთახში, თითქოს ეშინოდა, იქ აღარ დამხვდება პიანინოო. შეხედავდა და მაშინღა მოითქვამდა სულს. მერე მიუახლოვდებოდა...

რამდენჯერმე სწორედ ამ დროს შეაღო ოთახის კარი დედამ, მაგრამ ბიჭუნას არ გაუგია. პიანინოს კედელს აჰკვროდა და ყური მიედო, თითქოს რაღაც ჰანგებს უსმენდა.

დედა ფრთხილად გამოიხურავდა კარს... მერე კი ხანდახან, ვითომ სხვათა შორის, ჰკითხავდა ხოლმე: გინდა დაკვრა გასწავლო? ბიჭუნა ისე შეხედავდა დედას, თითქოს ამ კითხვამ შეაშინაო, და თავს მაგრად გაიქნევდა უარის ნიშნად.

დედა აღარაფერს ეტყოდა ხოლმე. და კვლავაც უკრავდა ბიჭუნასთვის საღამოობით...

გაზაფხულის ერთ დილას გაიღვიძა ბიჭუნამ, გაიხედა პიანინოსკენ და გაოცებული წამოჯდა ლოგინში. უცქეროდა. აფერადებულიყვნენ კლავიშები.

ბიჭუნა გადმოცოცდა ლოგინიდან, ნელ-ნელა მიუახლოვდა პიანინოს და ნახა, რომ ფერად-ფერადი პეპლები ისხდნენ კლავიშებზე. ყველა კლავიშზე თითო პეპელა იჯდა.

ბიჭუნა ფრთხილად აცოცდა სკამზე. დაჯდა და უცქეროდა.

პეპლები ჯერ უძრავად ისხდნენ, შემდეგ ერთმა პეპელამ შეატოკა ფრთები. აფრინდა, აფარფატდა ერთ წამს და დაფრინდა ისევ. ის დაფრინდა და სხვა აფრინდა. იმანაც ერთ წამს იფარფატა და დაბრუნდა კლავიშზე. და იმავე წამს მესამე პეპელა აფარფატდა...

ასე რიგრიგობით აფრინდებოდნენ და დაფრინდებოდნენ პეპლები, აფრინდებოდნენ და დაფრინდებოდნენ.

ბიჭუნაც უცქეროდა გახარებული. მერე იგრძნო, რომ თავისი აფრენ-დაფრენით რაღაცას ეუბნებოდნენ პეპლები. და მიხვდა...

გაიწოდა ფრთხილად ხელი და იმ კლავიშს დაჰკრა თითი, საიდანაც იმწამს პეპელა აფრინდა.

მერე მეორე პეპელა აფრინდა და იმის კლავიშს დაჰკრა თითი ბიჭუნამ, მერე - მესამისას, მერე - მეოთხისას...

პიანინოს ხმა რომ შემოესმა, დედა იქით გაეშურა... ბიჭუნას არ გაუგონია, როგორ გაიღო კარი. ყურადღებად ქცეული მისჩერებოდა პეპლებს და თითებს ახებდა კლავიშებს.

აფრინდებოდნენ და დაფრინდებოდნენ პეპლები. ახლა უკვე ორ-ორი, სამ-სამი და უფრო მეტიც ფარფატებდა ერთად. და ბიჭუნაც მიჰყვებოდა მათ ნებას.

ხმიანობდა პიანინო და თანდათან საუცხოო ჰანგები იფრქვეოდა ოჯახში.

კედელს მიყრდნობილი უსმენდა დედა.

აფრენილი პეპლების ადგილას ეხებოდა ბიჭუნა კლავიშებს.

ფარფატებდნენ პეპლები...

ეხებოდნენ ბიჭუნას თითები კლავიშებს.

უკრავდა ბიჭუნა!

უკრავდა და მის ირგვლივ პეპლები დაფარფატებდნენ...

დიდხანს უკრავდა. შემდეგ კი პეპლები დაფრინდნენ თავიანთ კლავიშებზე. და ბიჭუნამ შეწყვიტა დაკვრა.

დაჰყურებდა პეპლებს ბიჭუნა. მერე ერთად აიშალნენ პეპლები, ერთხანს კიდევ იფარფატეს ოთახში, ფანჯრიდან გაფრინდნენ და გაქრნენ.

იყურებოდა ბიჭუნა ფანჯრისკენ. მერე მოიხედა და არ გაჰკვირვებია, დედა რომ დაინახა. პეპლებზე ფიქრობდა და დაღონებულმა ჰკითხა დედას:

- აღარ მოვლენ, დედი?

- მოვლენ, შვილო, ნუ გეშინია, - უპასუხა დედამ.

და მართლაც, მას მერე ხშირად მოფრინდებოდნენ პეპლები. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ბიჭუნა გრძნობდა პეპლების მოფრენას და მორბოდა. მიუჯდებოდა პიანინოს და უკრავდა.

თავს დაჰფარფატებდნენ პეპლები...

საღამოობით მაინც უნდოდა, რომ დედის დაკვრა მოესმინა. მაშინ დედა ეუბნებოდა ღიმილით, თვითონაც შეგიძლია დაკვრაო.

მე მხოლოდ მაშინ ვუკრავ, როცა პეპლები მოფრინდებიან, შენ კი, როცა გინდაო, - უპასუხებდა ბიჭუნა.

და დედაც დაუკრავდა ხოლმე...

იზრდებოდა ბიჭუნა. და ერთხელ, გაზაფხულის წყნარ საღამოს, იგრძნო, რომ შეეძლო თვითონ ეხმო პეპლები.

მიუჯდა პიანინოს. ხელი შეახო კლავიშებს და მაშინვე მართლაც მოფრინდნენ ისინი. აფარფატდნენ ოთახში ფერად-ფერადები და ფრთასიფრიფანები...

უკვე თვითონ უკრავდა ბიჭუნა!

გავიდა წლები... გაიზარდა ვაჟი. ახლა თვითონ უკრავდა საღამოობით და მისი დაკვრის მოსასმენად მეზობლები და სხვა ნაცნობები მოდიოდნენ.

ვინც დაეტეოდა, ოთახში დასვამდა ხოლმე დედა, დანარჩენები კი გარეთ, ბაღში ისხდნენ და ღია ფანჯრებიდან გამომავალ ჰანგებს უგდებდნენ ყურს.

პიანინოს ხმა ქუჩამდე აღწევდა, გამვლელებიც ჩერდებოდნენ და უსმენდნენ...

უკრავდა ვაჟი...

დედა იჯდა კუთხეში, უცქეროდა შვილს და ტიროდა სიხარულით.

მერე ნელ-ნელა დასხდებოდნენ პეპლები კლავიშებზე. ვაჟი შეწყვეტდა დაკვრას და იჯდა თავდახრილი.

მაყურებლები ერთხანს ჩუმად იყვნენ. შემდეგ ატყდებოდა ტაშისცემა და ვაჟი გამოერკვეოდა. ადგებოდა და თავს დაუკრავდა მსმენელებს.

ისინი კი ყვავილებს ესროდნენ. ვაჟი მკერდთან მიიტანდა ხელს და მადლობას გადაუხდიდა მაყურებლებს. მერე ჩაიჩოქებდა და ყვავილების აკრეფას შეუდგებოდა. მოაგროვებდა, წამოდგებოდა და ნელა წავიდოდა კუთხისაკენ.

ეს იყო ბედნიერი წამი. ტაშს უკრავდნენ ფეხზე წამომდგარი მაყურებლები. გარეთაც ტაში გრიალებდა.

თვალებზე სიხარულის ცრემლები უბრწყინავდა დედაშვილს. უღიმოდნენ ერთმანეთს. და შვილს დედისკენ დიდი თაიგული მიჰქონდა...

ვაჟი ცნობილი პიანისტი გახდა. ახლა უკვე სხვა პატარ-პატარა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ მის მოსასმენად.

გაზეთები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უკეთ შეასხამდა ხოტბას მის დაკვრას და ფოსტალიონი ვერ აუდიოდა ნაზი, ცისფერკონვერტიანი წერილების მოტანას...

შვილის წარმატება ძალიან უხაროდა დედას, მაგრამ ბოლო დროს გული უგრძნობდა, რაღაც ცუდი მოხდებაო, და ეუბნებოდა კიდეც ვაჟს: - ფრთხილად იყავი, შვილო, მეშინია, ცუდი არაფერი მოხდესო.

რას ამბობ, დედა? რა უნდა მოხდეს, ნახე დღეს რამდენი ყვავილი მომართვესო, - ეტყოდა ვაჟი.

ჰო, შვილო, ვხედავო, - უპასუხებდა დედა, მაგრამ რა ექნა, ისევ ცუდს უგრძნობდა გული...

ერთ დღეს მათი სახლის კარზე ვიღაც კაცმა დააკაკუნა. კაცი შორი, დიდი ქალაქიდან ჩამოსულიყო. ვაჟს გული აუფანცქალდა სიხარულით, უკვე გაგებული ჰქონდა, რომ იმ ქალაქში იყო საქვეყნოდ ცნობილი დიდი საკონცერტო დარბაზი, სადაც მხოლოდ გამოჩენილ

პიანისტებს იწვევდნენ.

კაცმა მართლაც ეს უთხრა ვაჟს: იმ დარბაზში გიწვევთო.

- რა კარგია, არა, დედა? – მაშინვე დედას მიუბრუნდა ვაჟი.

– ჰო, შვილო, – თქვა დედამ. თუმცა არ მოეწონა ეს ეშმაკურად მოღიმარი კაცი.

ვაჟი კი გახარებული დადიოდა ოთახში. მერე იმან დააფიქრა, იმ სიშორეზე პიანინო როგორ უნდა წავიღოო. უთხრა კაცს, - გზაში პიანინო რომ გამიფუჭდეს, რა ვქნაო?

- რა პიანინო? - ვერ მიხვდა კაცი.

- აი, ეს პიანინო. მე სხვა საკრავზე არ ვუკრავ.

კაცმა გაიცინა.

- იმ დარბაზში ამას ვინ შეგატანინებს. იქ უძვირფასესი როიალი დგას, რომელსაც ყოველდღე ათი ოსტატი დასტრიალებს თავს. ანდა რომ დაგაკვრევინონ კიდეც ამაზე, რად გინდა, ამისი ხმა რად ევარგება! კაცმა ახადა კლავიატურის სახურავი და ცალი თითი დაუკაკუნა კლავიშებს.

ვაჟი დაჯდა და ჩაფიქრდა. დედას გული ჩასწყდა, რომ შვილმა კაცს მაშინვე არ გასცა საკადრისი პასუხი მათი პიანინოს დაცინვისათვის. ადგა, უკაცრავადო, ჩუმად უთხრა კაცს, კლავიატურას სახურავი დაახურა და გავიდა ოთახიდან.

ვაჟს არ გაუგია დედის გასვლა. ფიქრობდა.

კაცი დოინჯშემოყრილი იდგა და დაჰყურებდა ვაჟს.

ბოლოს ვაჟმა თავის აუწევლად თქვა:

- შენ რას იტყვი, დედა? მერე, რომ დაინახა, დედა აღარ იყო ოთახში, ჩაილაპარაკა.

- კარგი, თანახმა ვარ.

და კაცმა კიდევ ერთხელ გაიღიმა ეშმაკურად...

დანიშნულ დღეს, დანიშნულ საათზე ხალხით გაიჭედა იმ დიდი ქალაქის დიდი საკონცერტო დარბაზი.

ეშმაკურღიმილიანი კაცი გამოვიდა სცენაზე და კონცერტის დაწყება გამოაცხადა.

ვაჟს ისიც დაავიწყდა, ხალხს მისალმებოდა.

მიუჯდა ვეება, შავად მოელვარე როიალს და რამდენიმე წუთს გაუბედავად დასცქეროდა კლავიშებს. ალბათ, მიხვდით, რისიც ეშინოდა.

ბოლოს გაბედა, შეახო თითები კლავიშებს და... აფარფატდნენ პეპლები დიდ სცენაზე.

ვაჟმა შვებით ამოისუნთქა და განაგრძო დაკვრა... ძალიან მოეწონათ მსმენელებს ვაჟის კონცერტი. და კიდევ მრავალჯერ დაუკრა მან იმ დიდ დარბაზში.

მერე კი სხვა დიდ ქალაქებშიც მიიწვიეს. მთელ ქვეყანაზე სახელგანთქმული პიანისტი გახდა...

დადიოდა ქალაქიდან ქალაქში. და იქ, დიდ დარბაზებში, დიდ სცენაზე როიალს რომ მიუჯდებოდა, თავისი პიანინო აგონდებოდა. ერთ წამს დამნაშავედ იგრძნობდა ხოლმე თავს, მაგრამ მერე იფიქრებდა, აბა, რა ვქნა, მთელ ქვეყანაზე ხომ არ ვატარებდი და, ეგეც არ იყოს, ამხელა დარბაზებს იმისი ხმა სად გასწვდებოდაო...

უკრავდა. ფარფატებდნენ პეპლები. მერე დასხდებოდნენ კლავიშებზე. ვაჟი დაამთავრებდა დაკვრას. და ატყდებოდა მქუხარე ტაშისცემა...

დადიოდა ვაჟი ქალაქიდან ქალაქში და ყველგან თან დაჰყვებოდა ის კაცი. ის პიანისტის იმპრესარიო გახდა. მას თავისი ხეირი ჰქონდა.

რამდენიმე წელი ისე გავიდა, რომ სახლში აღარც ყოფილა პიანისტი. მოიარა მთელი დედამიწა. და თუმცა ხშირად უგზავნიდა დედას წერილებს და თავის წარმატებებსაც ატყობინებდა, დედა მაინც ნაღვლობდა.

- რატომ დარდობ, არ გიხარია, შენი შვილი ასეთი გამოჩენილი კაცი რომ გახდა? - ეკითხებოდნენ ნაცნობები.

დედა მხოლოდ ამოიოხრებდა და უფრო და უფრო იპყრობდა წუხილი...

დადიოდა პიანისტი ქალაქიდან ქალაქში. და ყველგან დიდი აღტაცებით ხვდებოდა მსმენელი მის დაკვრას.

ერთ დილას რომელიღაც დიდი ქალაქის სასტუმროს ნომერში გაიღვიძა პიანისტმა. იწვა რბილ ლოგინში და სიამოვნებით იგონებდა, როგორ დახვდნენ ღამით სადგურზე.

გაიხსენა, როგორი მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს და როგორ ესროდნენ ყვავილებს. მერე იფიქრა, დედაჩემს რომ ენახა ეს ყველაფერი, როგორ გაიხარებდაო.

მოაგონდა, დედა როგორ ჩააწვენდა ხოლმე ბავშვობისას ლოგინში და როგორ გამოხედავდა, ვიდრე დაკვრას დაიწყებდა. გაიხსენა ეს ყველაფერი და უცებ შეეშინდა, მიხვდა, რომ დავიწყებოდა, რას უკრავდა ხოლმე დედა.

ვერაფრით ვერ გაიხსენა ის მელოდია.

შეშფოთდა პიანისტი და დააპირა მიეწერა დედისათვის, ეთხოვა, გამახსენე რას უკრავდი ჩვენს პიანინოზეო. მაგრამ ვინ დააცალა, მოვიდნენ და უთხრეს, ჩვენი ქალაქის საპატიო სტუმარი ბრძანდებითო. წაიყვანეს, ქალაქის ღირსშესანიშნაობანი აჩვენეს, ბანკეტი მოუწყვეს, სადღეგრძელოები უთხრეს და საღამომდე გადაავიწყდა კიდეც, რა აწუხებდა დილით.

იმ საღამოს განსაკუთრებით მონდომებით უკრავდა პიანისტი, რადგან იცოდა, რომ საპატიო ლოჟაში იჯდა კაცი, რომელიც მუსიკის საუკეთესო მცოდნედ იყო აღიარებული.

უკრავდა პიანისტი. მუსიკის მცოდნეს უბის წიგნაკი ეჭირა ხელში და რაღაცებს ინიშნავდა.

მერე პეპლები სათითაოდ დასხდნენ კლავიშებზე და პიანისტმა შეწყვიტა დაკვრა.

ის იყო, პიანისტი უნდა წამომდგარიყო და თავის დახრით მადლობა უნდა გადაეხადა ხალხისთვის, რომ სცენაზე იმპრესარიო გამოჩნდა. მივიდა პიანისტთან, დაიხარა და ჩასჩურჩულა: მუსიკის მცოდნე გთხოვს, კიდევ დაუკრა მისთვის.

- როგორ დავუკრა, ვერ ხედავ, უკვე დასხდნენ პეპლები? - უთხრა პიანისტმა.

- მუსიკის მცოდნე აპირებს დაწეროს, რომ შენა ხარ ყველაზე საუკეთესო პიანისტი დედამიწაზე და ნუ აწყენინებ.

პიანისტი შეყოყმანდა. იმპრესარიომ ეს რომ დაინახა, დაამატა:

- რას უყურებ მაგ პეპლებს, შენ უკრავ და არა ეგენი.

- კი მაგრამ, უკვე დასხდნენ და აღარ შეიძლება დაკვრა.

- დიდი ამბავი, თუ ისევ აფრინდებიან, - გაიღიმა იმპრესარიომ.

პიანისტი ჩაფიქრებული დასცქეროდა პეპლებს. ხალხიც გარინდული უყურებდა, რა მოხდებაო.

- ჰა, რას იზამ, უკრავ, თუ არა? - ჰკითხა იმპრესარიომ.

პიანისტმა ჩუმად დაუქნია თავი. იმპრესარიო სასწრაფოდ გავიდა სცენიდან.

იჯდა პიანისტი და უცქეროდა პეპლებს. პეპლები ისხდნენ გაუნძრევლად. დახუჭა თვალები პიანისტმა, დასცხო კლავიშებს და იგრძნო, რომ მყისვე დაავიწყდა დაკვრა.

პეპლები აფრინდნენ, რამდენიმე წამს აფარფატდნენ ჰაერში და მერე ფერად წვიმად დაცვივდნენ სცენაზე.

პიანისტმა თვალები გაახილა, დაინახა მკვდარი პეპლები და ცრემლები წასკდა.

ჩაიჩოქა, აკრიფა პეპლები. მდუმარედ უცქეროდა ხალხი. იდგა კაცი და უცნაური თაიგულივით მიეხუტებინა მკერდზე დახოცილი პეპლები.

მერე გაქრნენ პეპლები. და კაცმა თავჩაღუნულმა დატოვა სცენა.

ხალხიც დაღონებული წავიდა. მხოლოდ ის მუსიკის მცოდნე იყო გახარებული, ასეთი მნიშვნელოვანი ამბის მომსწრე გავხდი, დიდი პიანისტის ბოლო კონცერტი ვნახეო. იმპრესარიო ისე წავიდა, აღარავის უნახავს.

დაბრუნდა შინ კაცი. ყველაფერი უამბო დედას. და მეორე დღესვე დაიწყო თავიანთ ბაღში ფუსფუსი.

დილიდან საღამომდე იქ იყო. ყვავილებით აავსო ბაღი. რგავდა ახალ ნერგებს, ბარავდა, თოხნიდა, სხლავდა, მარგლავდა, კოხტა ბილიკები გაჰყავდა. მხოლოდ დასაძინებლად შედიოდა თავის ოთახში.

პიანინო კვლავ იდგა კუთხეში, მაგრამ კაცი ახლოს მისვლასაც ვერ ბედავდა.

კაცს ძალიან უნდოდა ეთხოვა დედისათვის, დაუკარი, რასაც ბავშვობაში უკრავდი ჩემთვისო, მაგრამ ვერც ამას ბედავდა.

დილით, გაიღვიძებდა თუ არა, პიანინოსკენ გაიხედავდა... მაგრამ არა და არ მოდიოდნენ პეპლები.

კაცი კვლავ უვლიდა ყვავილებს. ბაღს დიდი ღობე შემოავლო, ნარგავები არავინ გამიფუჭოსო, და მუშაობდა თავაუღებლად.

რანაირი ყვავილი არ იყო მის ბაღში. ლამაზად იდგნენ ბუჩქები, კოხტა ხეივნები ჰკვეთდნენ ერთმანეთს...

გადიოდა წლები... კაცი არ კარგავდა იმედს, რომ ოდესმე მოვიდოდნენ პეპლები მის ყვავილნარად ქცეულ ბაღში.

მუშაობდა კაცი. ყვავილებისა და ხეების მოვლაში სურდა გაექარვებინა დარდი. მას ხომ უფრო და უფრო აწუხებდა, რომ ვერაფრით მოეგონებინა, რას უკრავდა მაშინ დედა.

კაცმა ბაღის მოვლა რომ დაიწყო, დედა ცოტა ხანს გახარებული იყო, მერე და მერე კი მეტად დანაღვლიანდა.

- რაა, დედა, რატომ ნაღვლობ? - ჰკითხავდა კაცი.

- არაფერია, შვილო, არაფერი, - ამბობდა დედა ჩუმად.

დიდი დრო გავიდა...

კაცი ახლა თვითონ იყო მოხუცი და მარტო თვითონღა ცხოვრობდა სახლში. კვლავ უვლიდა თავის ბაღს.

ერთ დილით რაღაც ჩუმი ხმაური შემოესმა ბაღიდან. გავიდა გარეთ და დაინახა, პატარა გოგონა და ბიჭუნა შემოპარულიყვნენ ბაღში. დადიოდნენ და ერთმანეთს აჩვენებდნენ ყვავილებს.

უცქეროდა მათ კაცი.

დადიოდნენ ბავშვები.

უყურა კაცმა, უყურა და მიხვდა, რაც სურდა მისთვის ეთქვა დედას.

მიხვდა, რომ კვლავ დაუშვა შეცდომა. იმავე დღეს დაანგრია ბაღის ღობე. გავიდა ქალაქში და გამოაცხადა, მოდით, ხალხო, ისეირნეთ ბაღში, თქვენთვის მომიცია, ყველასი იყოსო.

მერე ხელოსნები წაიყვანა და საღამოს, ხალხი რომ მოვიდა, ბაღში საქანელები, კარუსელები და სხვა გასართობები ნახეს.

ფარნები ანათებდა ხეივნებს. დასეირნობდნენ მოქალაქეები და სიამოვნებით ყნოსავდნენ ყვავილთა სურნელს.

თამაშობდნენ ბავშვები. ყველაფერი კარგად იყო. მარტო ის პატარა გოგონა და ბიჭუნა წაკინკლავდნენ და გაებუტნენ ერთმანეთს, არა მე ვიპოვე ეს ბაღი, არა - მეო.

დასეირნობდა ხალხი. ისმოდა მხიარული შეძახილები და ვიღაც მღეროდა კიდეც. ოღონდ არავინ არაფერს უკრავდა. მოხუცის ერიდებოდათ, არ გავახსენოთ ძველი უბედურებაო. მიდიოდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ და ცდილობდნენ შემთხვევითაც ისეთი არაფერი წამოსცდენოდათ, მუსიკასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა.

მაგრამ ქალაქში ერთი ხეპრე რომ არ იყოს, ისე როგორ იქნება. ჰოდა, ის ხეპრე ბაღნარში და ყვავილნარშიც რომ შეიყვანოთ, მაინც ხეპრედ დარჩება.

სწორედ ასეთმა ხეპრემ უთხრა მოხუცს:

- მოდი, ახლა ერთი დაუკარი კიდეც, ჯეელობა გამახსენეო.

მეტად უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. გაფითრებული იდგა მოხუცი. ყველა ჩუმად იყო. თვით ის ხეპრეც კი მიმხვდარიყო თავის ხეპრეობას და დარცხვენილი სხვებს ეფარებოდა.

იდგნენ ჩუმად და უცებ ლამაზმა ჰანგებმა დაარღვია სიჩუმე.

ჰანგები კაცის სახლიდან ისმოდა. ყველა იქით გაიქცა. მიიჩქაროდა მოხუციც. მიდიოდა და ცრემლი სდიოდა.

მივიდა სახლთან. გაატარა ხალხმა. შევიდა თავის ოთახში და ნახა: ის პატარა გოგონა და ბიჭუნა ერთად მისხდომოდნენ პიანინოს. კლავიშებზე პეპლები ისხდნენ და რიგრიგობით ფარფატებდნენ ჰაერში.

გოგონა და ბიჭუნა ეხებოდნენ თავისუფალ კლავიშებს და გაისმოდა ჰანგები.

უსმენდა ხალხი.

უსმენდა მოხუცი და ტიროდა...

მე იმასღა გეტყვით, რასაც თქვენც მიხვდით: ეს სწორედ ის მელოდია იყო, რომელსაც შორეულ ბავშვობაში უკრავდა დედა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ