ზაფხულის ერთ დილით გამვლელებმა დაინახეს, რომ უცნაური პეპელა დაფარფატებდა ქუჩაში.
ამ პეპელას ცალი ფრთა ჩვეულებრივი ჰქონდა - ჭრელი და ლამაზი, მეორე კი...
მეორე ფრთად ლარიანი ეკრა პეპელას.
- რა არ ხდება ქვეყანაზე, - ჩაიბუტბუტა რამდენიმე გამვლელმა და გზა განაგრძო.
ზოგიერთებმა კი ჩხუბი აუტეხეს ერთმანეთს: არა მე დავინახე პირველად ეგ პეპელა, არა მეო. არა ჩემია, და არა ჩემიო, არა მე უნდა დავიჭირო და არა მეო.
ერთი მათგანი ყველაზე ჭკვიანი გამოდგა:
- ნუ ჩხუბობთ, მოდით გავყვეთ მაგ პეპელას და ვნახოთ, სად მიფრინდება. იქ ალბათ ყველა პეპელას ლარიანი აქვს ფრთად და ყველას გვეყოფაო.
მოეწონათ ეს წინადადება.
გამოუდგნენ პეპელას.
გზად მაღაზიაში შეირბინეს და პეპლების საჭერი ბადე იყიდეს.
მიფარფატებდა პეპელა.
მირბოდნენ მდევრები და ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
- ვინ იცის, იქნებ იქ სხვა პეპლებს მეორე ფრთაც ლარიანისა ჰქონდეთო.
თან გულში ზოგი იმასაც ფიქრობდა: ერთი მალე მივიდეთ, მე მე არ ვიყო, თუ ისეთი პეპელაც არ დავიჭირო, ათლარიანები ჰქონდეს ფრთებადო...
პეპელა კი მაინცდამაინც არ ჩქარობდა.
მიფარფატებდა ნელა.
ქალაქის ბაღში შეფრინდა და შადრევანს გაეთამაშა.
გამოფრინდა და ტრამვაის ცისფერი ვაგონი მოეწონა. დაჯდა სახურავზე და გაისეირნა.
მდევრები რომ ტრამვაის დევნით დაიქანცნენ, პეპელა აფრინდა ვაგონის სახურავიდან და პატარა გოგონას აედევნა.
გოგონა დიდხანს დასეირნობდა ქუჩებში. პეპელაც უკან დასდევდა; გოგონას დიდი ბაფთები ჰქონდა და იმ ბაფთებს დაჰფარფატებდა.
მდევრები თანდათან ბრაზდებოდნენ; რაც უფრო დიდხანს დაფრინავდა პეპელა ქალაქში, მით უფრო ბევრი გამვლელი უერთდებოდათ პეპლის საჭერი ბადეებით ხელში.
ბოლოს გოგონას დაუცაცხანეს, - ახლავე შენ წადი და გაკვეთილების ისწავლეო.
გოგონამ იმდენი ძიები და დეიდები რომ დაინახა პეპლის საჭერი ბადეებით ხელში, შეეშინდა და შინისკენ გაიქცა ატირებული.
პეპელამ კი განაგრძო ფარფატი და გაეცალა ქალაქს.
შვებით ამოისუნთქეს მდევრებმა.
იფრინა პეპელამ, იფრინა, გადაევლო გორაკებს და დიდ ველზე მიფრინდა.
ველზე უამრავი ყვავილი ყვაოდა.
მზე აცხუნებდა.
აფარფატდა პეპელა ველზე.
დასდევდნენ მდევრები. თუმცა ძალიან დასცხათ, ენაგადმოგდებულნი მაინც მისდევდნენ პეპელას.
ის კი ხან ერთ ყვავილზე დაჯდებოდა, ხან მეორეზე...
ირგვლივ პეპლები დაფრინავდნენ, მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა ფრთად ლარიანი.
იფრინა პეპელამ მთელ დღე ყვავილიდან ყვავილზე, საღამოსკენ კი ისევ ქალაქისკენ გაფრინდა.
მდევრები გაბრაზებულები იყვნენ და ახლა იმიტომღა მისდევდნენ პეპელას, რომ დაეჭირათ და მოეკლათ, რას გაგვამასხრაო, მაგრამ ისე იყვნენ დაოსებულები, რომ ვეღარ ეწეოდნენ.
გაიფარფატა პეპელამ ქუჩებში და ერთი სახლის დიდ ფანჯარაში შეფრინდა.
იმ სახლში ერთი კეთილი კაცი ცხოვრობდა.
ვისაც რამე უჭირდა, მისკენ მოიჩქაროდა ყველა.
დღეს, უთენია, ეს პეპელაც აქ მოფრინდა და შესჩივლა კაცს: ქარმა წამიღო და კლდეს მიმახეთქა. ფრთა დამიზიანდა, მიშველე რამეო!
კაცმა გასინჯა და უთხრა პეპელას: ნუ გეშინიაო.
მოხსნა ფრთა და სწორება დაუწყო.
მაგრამ პეპელას ხომ არ შეუძლია მთელი დღე იცადოს, სანამ ფრთას გაუკეთებენ. მას ყოველ წუთს ფრენა და ფარფატი სურს. ამიტომაც კაცმა ფრთის ნაცვლად ის მიამაგრა პეპელას, რაც პირველად მოხვდა ხელში.
და რადგანაც შემთხვევით ლარიანი მოხვდა ხელში კაცს, ამიტომ ამ უცნაური ფრთით იფრინა პეპელამ მთელი დღე...
პეპლამ ხომ არ იცის, რა არის ფული. ამიტომ მთელი დღე უკვირდა, ხალხი რომ დასდევდა.
ეგონა, ჩემი სილამაზე მოეწონათო.
ახლა, როცა კეთილმა კაცმა ლარიანი მოხსნა და ნამდვილი ფრთა მიამაგრა, პეპელამ მადლობის ნიშნად რამდენჯერმე შემოუფრინა კაცს თავს ზემოთ და სწრაფად გაფრინდა ფანჯარაში.
ფიქრობდა, ორივე ფრთა რომ ლამაზი მექნება, ალბათ, სულ გადავრევ იმ ხალხსო.
მისი მდევრები იქვე, კედლის ძირას დაყრილიყვნენ და მძიმედ სუნთქავდნენ.
პეპელასათვის ყურადღება აღარავის მიუქცევია.
ერთხანს დაფრინავდა პეპელა, იქნებ ვერ დამინახესო.
მერე კი გაფრინდა გაოცებული...
იმ კეთილ კაცს თურმე იმ დღეს ის ერთი ლარიანი ჰქონდა მხოლოდ, ამიტომაც მშიერი დარჩენილიყო.
გამოვიდა ქუჩაში და ფურნეში პური იყიდა.
მოჰქონდა პური და თან იგონებდა, როგორ გაუკეთა ფრთა პეპელას, გონებაში ამოწმებდა, ხომ არაფერი შემეშალაო.
თავის სახლს რომ მიაღწია, მაშინ შეამჩნია, რომ კედელთან ვიღაცეები ისხდნენ და მთლად არაქათგამოცლილბი ჩანდნენ.
კაცი შევიდა სახლში, კოკით წყალი გამოიტანა, დაალევინა ყველას, მერე თავისი პურიც გაუნაწილა.
ჩამოჯდა იქვე, თვითონაც ჩაკბიჩა პური და ჰკითხა, - რა დაგმართნიათო?
ისინი ოდნავ მოსულიერდნენ და ერთხმად იკითხეს:
- ის პეპელა რა იქნა, ფრთად რომ ლარიანი აქვსო?
- გაფრინდაო, - უთხრა კაცმა.
- გაგვიფრინდა ლარიანიო, - ამოიოხრეს.
- ნუ დარდობთ, იმ ლარიანს ახლა თქვენა ჭამთო, - გაიღიმა კეთილმა კაცმა და ყველაფერი უამბო.
- მაშ, არსად არიან ფრთალარიანი პეპლებიო? - ერთხელაც ამოიოხრეს პეპელას მდევრებმა და წაჩანჩალდნენ სახლებში.
კეთილმა კაცმა თავი გადააქნია და ჩაფიქრდა მღიმარი...
ყველაზე კარგი კი ამ ამბავში ისაა, რომ იმ რამეს პეპელას მდევრებიდან ზოგიერთებს ის მზიანი, ყვავილებით და პეპლებით სავსე ველი დაესიზმრათ, და რაც მთავარია, სიზმარში არ სწყენიათ სულაც, პეპლებს ლარიანები რად არა აქვთ ფრთებადო.