1
აღარ მსურს ქნარი, საკრავად სტვირი, არც ზედ დამღერა, აწ ამას ვსტირი: ცრუვმან საწუთრომ მარიდა პირი, არ აღმისრულა მან დანაპირი.
2
მკითხა ცოდვისა, მიხსენა ძვირი, ვით გალსა ხესა, განმიხმო ძირი; დამაგლახაკა, გამხადა მწირი, საყვარლისაგან მქნა განაწირი.
3
გული მიშავა ვითა ნახშირი, გამაყრევინა თავზე თმა ხშირი. პირი დამიჭკნო ვითარცა ჩირი, ღამაშვებინა დაღმა ჩიჩვირი.
4
შემყარა ძნელი ილაო-ჭირი, გულზედ მასვია მჭვლად დანაჭირი; მომიახლოვდა მწარე სიკვდილი ცელ-გალესილი, ხრმალ-ამოწვდილი.
5
ვინ ხართ ღვთიანი და მადლიანი, კოდ-სასწორ-მართალ, სწორ-ადლიანი, გთხოვ, შემიბრალოთ, როს მკვდარი მნახოთ, შენდობა მითხრათ, როცა დამმარხოთ!
6
ვისაც რამ გცოდე, ვთხოვ, შემინდოთ, ჩემზედ გონება აღმოიწმინდოთ; მე აღარ ძალმიც თქვენი რა წყენა, - სიტყვის თქმად ენა მე დამეყენა.
7
თუ გინდათ კიდეც მაგინოთ თქვენა, ვერ გავიგონებ, დამიდგა სმენა; აღარ მაქვს სუნთქვა, არც ამოქშენა, მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა.
8
მცხედრად მდებარე, გულ-ხელ-კრეფული. მივალ, არ მიმდევს თან ერთი ფული; თუ რამე მაქვნდა, ყველა მანდ დამრჩა: ყმა, სახლ, ბაღ, ბოსტან, თეთრი თუ ფარჩა.
9
ყველას გაფიცებ ამ საფიცარსა: თუ ღმერთი გრწამდეთ, ამ სამს ფიცარსა ნუ გაიძნელებთ ასაშენებლად, გარს ნურას უზამთ დასაშვენებლად.
10
ნუ გაირჯებით შესაღებლადა, მსუბუქი ქენით წასაღებლადა. ფასს ნუ დაჰკარგავთ დასახატავად, თეთრს გაუფრთხილდით დასაფანტავად: მალ მაეშლების მას სილამაზე, - მიწა ეყრების, ქვა, სილა მაზე.
11
ვისაც გინდოდესთ თქვენ ჩემთვის კარგი, თან გამატანეთ ასეთი ბარგი, რომ ცუდ-უბრალოდ არ დამეკარგოს, საწყალს ჩემს ცოდვილს სულს რამე არგოს.
12
ჩემს ცოდვილს სულსა ეს შაეწევა: მღვრდლის წირვა-ლოცვა, საკმევლის კმევა; მშიერთა ჭმევა, შიშველთა ცმევა, უსამართლობით არვისი რთმევა.
13
მკვდარს არას მარგებს ტყება-ტირილი, ვერ გამაცოცხლებს თავს დაყვირილი; სჯობს, არ ჩაიცვათ ტანთ ძაძა-ფლასი, მიმიცეთ რამე მღვრდელთ წირვის ფასი.
14
ვამე ცოდვილსა, მე უმადლოსა, დავრდომილობით უხუც-უმღრდლოსა! მე ვინ მილოცავს, ან ვინ მიწირავს, ან ვინ დამმარხავს, ვინ დამიტირავს?!
15
უმკვიდრო ვიქმენ, არ დამრჩა შვილი, რომ მას აღენთო სანთელი-ცვილი; ექნა აღაპი. დაედგა ტაბლა: ასე მაღალმან მე დამამდაბლა! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |