562
წარღვნას უკანა ნოეს თესლ-ტომნი კიდევ გამოჩნდენ წინააღმდგომნი ღვთისა ბრძანებისა, არ გაგონებისა მოქმედნი კაცნი.
563
ძალით და ღონით ფალავანები იყვნენ, მათ იწყეს გალავანები; იხმარეს გმირობა, შეკრეს მათ პირობა ქმნა საწადელთა.
564
შექნეს ალიზი, ატანეს ქვები, მით აღიშენეს მათ ქალაქები; კოშკებით, ციხებით, აგურთა კირცხებით ქმნეს სიმაგრები.
565
ცას რომ შახედეს, ნახეს ვარსკვლავნი, ხელნი აწოდეს, არ შესწვდა მკლავნი. თქვეს გოდლის აგება, მით ვსწვდეთო აგება ზეციერს საქმეს.
566
შეკრბენ ერთხმობით აღსაშენებათ რომლითაც აღსვლა ზეცას ენებათ; აქვნდათ ერთი ენა, მათ სიტყვა და სმენა განუყოფელი.
567
მოყვნენ გოდლისა აღშენებასა, მიმართეს აღმა ცათ შვენებასა. მაღლამდის ანაგეს, ბევრი დღე წანაგეს, კვირა, თვე, წელნი.
568
თქმულა, ასეთი მაღლად გებული, ვით მე გიჩვენო აღრიცხვებული აღაჯი, თუ მილი? გმართებს შენ დუმილი მის სარიცხველად.
569
ასჯერ ასად ქმენ, თქვი ბილიონი, და ასჯერ ასად კვადრილიონი, - ცხრა ამდენი მილი არის გაზომილი სიმაღლე მისი.
570
ამისი მწადდა აღრიცხვა ვერსად, მაგრამ ვისწავლე მე ნულა ვერსად. ვარ სინანულითა, აღრიცხვა ნულითა რომ ვერ შევიძელ!
571
აწ აღივსენით ჩემის მადლითა, ეს აღმირაცხეთ მტკავლად, ადლითა, ციფირ-ნულებითა, შეწმასნულებითა, ნულის მცოდნელთა.
572
რასაც დღეს ვირი დამაკებული წავიდის მაღლა აკიდებული, ზიდევდის ტალახსა, მოსძოვდის ბალახსა ორს წლამდის ვერა.
573
როდისაც ვირი ქვე ჩამოვიდის, თავის ტოლს მუტრუკს პატრონს მიგვრიდის. რა აქვნიდა მას განი, ზომით შინაგანი ის კი არ ვიცი.
574
რა გოდლის საქმე ღმერთს მოეხსენა, ღმერთმან უწყინათ, ურივნა ენა: ვინც ითხოვდის კირსა, მისთვის ტიკის პირსა ხსნიდენ წყლისათვის;
575
ვინც რომ ითხოვის ქვა და ტალახი, მას მიართვიან ხე და ბალახი! განეყოთ ენანი, ყურითა სმენანი, სხვადასხვა რიგად.
576
რა რომ განიყვნენ მრავლად ენებად, ვეღარ შეუძლეს გოდლის შენებად, - ცალ-ცალკე არესა, სხვა-და-სხვა მხარესა განთესულ იქმნენ.
577
უქროლა ქარნი. აყარა მეხნი. სულ ქვეყნად მოზდო გოდლის ნატეხნი. სრულად დანაქცივა, ავად შეაქცივა მათი ნაშენი. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |