508
ადამის ტომთა კაცთ ძეთა ძენი იყვნენ ზოგ-ზოგნი ჭკვიანი, ბრძენი; კაცნი დიდებულნი, ღვთის ძედ წოდებულნი სიწმინდის გამო.
509
ცხოვრობდენ წელსა ცხრა-ასზედ მეტსა, სამოცს, ორმოცსა და ათერთმეტსა, სიცოცხლის სიგძითა, ასულით და ძითა განმრავლდენ კაცნი.
510
კაცთ შვნეს ასულნი, ლამაზნი ქალნი, ღვთის ძეთ რან ნახეს, ზედ დარჩათ თვალნი. შეირთვეს ცოლებად, შვილთა საყოლებად თავ-თავისთვისა.
511
ღმერთს არ ეკეთა გრძლად ყოფნა ხორცად, ას-ოცის წლისა ქმნა დასახოცად თვალთ ლამაზთ ნდომამა და გულთა ცდომამა ეს მოახდინა.
512
ცხრა-ასისაგან ასისა მოკლნა, - რვა-ასის წლისა დღე შეუმოკლნა, - ესრეთ შესძლო თვალმან და ლამაზმან ქალმან, შენ რომ იკითხე.
513
ღვთის ძეთ შვნეს შვილნი გოლიათ-გმირნი, შესახედავად გულთ გასაგმირნი, მაღალნი, დიდები, არ აქვნდათ რიდები არასფერისა.
514
არას ისმენდნენ ღვთის ბრძანებასა, იქმოდენ ყველას თავის ნებასა. ქმნეს უშჯულოვება, უსამართლოება განმრავლდა ქვეყნად.
515
ყოველთ ხორციელთ ქმნეს თვისი ნება, თავის გზას მისცეს ქვეყნად ხრწნილება; უსამართლობითა, არ გულმართლობითა გახრწნეს ქვეყანა!
516
რა ეს სცან ღმერთმან, გულს მიხვდა წყენა, და შეინანა მათი გაჩენა! ღმერთმან ამ საქმითა, ინება დანთქმითა წარღვნა ქვეყნისა.
517
ღმერთმან სულ ქვეყნად აკვირვა თვალნი და ვერცად ნახა კაცნი მართალნი! ერთი ნოე პოვა, იმას ესათნოვა სიმართლის გამო.
518
ნოემ შვა სამ ძე: სემ, ქამ, იაფეთ. ჰრქვა ღმერთმან ნოეს: "ძელთ ჭრად ისწრაფეთ! მწადს წყალთ დიდობანი; აგე კიდობანი ოთხ კედლად ბუდებ.
519
შიგნით და გარეთ მოკირე კირით; წვიმა მოჰხდების ექვსისა კვირით დღისითა, ღამითა, წუთითა, ჟამითა შეუწყვეტელად.
520
სამასის წყრთისა იყოს სიგრძენი, ორმოცის წყრთისა მისი სივრცენი, ოც-და-ათეული წყრთითა განწყრთეული სიმაღლე მისი.
521
კარგად გაწყობით მაგრად შეკარი, იგვრდივად უქმენ კიდობანს კარი; ორ-სამ სართულებად იყოს დართულებად ქვე საყოფელად.
522
აწ მე მოვხადო ქვეყნად რღვნა წყლისა, განსახრწნელადა ხორცთა ყოვლისა, არიან რომლისა სული სიცოცხლისა ცას ქვეშ ქვეყნადა.
523
მათ ყველას ექმნას წყლის გამო დანთქმა, მე შენთან ჩემი ვამკვიდრო აღთქმა!
524
იყოს რაც ქვეყნად ქვეწარმავალნი, ნათესაობით, გვარით მრავალნი, ყოვლნი ხორციელნი, არ მარტო ტიელნი, წყვილნი, თუ ტოლნი:
525
პირუტყვ-მხეც-მფრინველ და ქვემძრომელნი მშვიდნი, გინა თუ მრისხველ-მწყრომელნი; მამალნი, დედალნი, მამაცნი და ხრდალნი თვითოს გვარისა.
526
წმინდათაგანი შვიდ-შვიდი ტოლნი, და არაწმინდა თვითო ქმარ-ცოლნი შეკრიბე თესლადა, კიდობნად შესვლადა მამალ-დედალნი.
527
შენთვის და მათთვის სასმელ საჭმელნი, სიობისათვის არ ნედლნი, ხმელნი, ერთის წლის სამყოფნი, მით კიდობნად მყოფნი შენ გამოზარდე.
528
ღვთის ბრძანებულნი ქვეყნის ცხოველნი ნოემ კიდობნად შესხნა ყოველნი. ეგრეთვე საჭმელი, ქვევრებით სასმელნი დადგა კიდობნად.
529
ნოეს კამბეჩი დავიწყებოდა, სადღაც სიცხითა ლაფში წვებოდა; კიდობანს გარეთ ყვიროდა მწარეთა დიდისა ხმითა.
530
სახელს უძახდა ნოეს კამბეჩი: "რასათვის ვრჩები სულ უკან ბეჩი? რასათვის მაგდებო და არ შემაგდებო მეც კიდობანში?
531
ნოემ ჰრქვა კამბეჩს: "ვეჭობ, კამბეჩი მაგისთვის გერქვას, ყოფილხარ ბეჩი; რღვნის შიშით გვაქვს ძრწოლა, ლაფშიგან ჩაწოლა რა დროსი იყო?
532
კინაღარ დარჩი მაგ კარგის ბანით! მალე ამოდი, ჩამოძვერ ბანით…" თვისი ენა კამბეჩს დაავიწყდა მას ბეჩს ნოეს ძახილით
533
ამად იძახის კამბეჩი "ნოეს"! თუ შენ გეგონოს არ სარწმუნო ეს, - როცა მას ნახევდე, შენ მე დამძრახევდე, თუ მე ვსტყუოდე!
534
ოდეს სულ შეკრბენ მას კიდობანსა; ღმერთმან დახურა გარედამ ბანსა; დაუცო, დაჩურთა სარკმელ-სანათურა ხუხრუტანები.
535
განახვნა ღმერთმან ცის საქონელი და ჩამოღვარა გასაბანელი; ქვეყნის მწიკვლთ საწმენდი, წარწყმდა წარსაწყმენდი, მოიცვა წყალმან!
536
ორმოცი დღე და ორმოცი ღამე კოკურებ ასხა წვიმამ მუდამე. განმრავლდა რა წყალნი, წარირღვნენ საწყალნი ქვეყნად მყოფელნი!
537
რასაც რომ ღმერთმან ხორცი ახორცა, კიდობანს გარეთ ყველა დახოცა. აღარ დარჩა კაცი, აღარც დედაკაცი, არც სხვა ხორც-სხმულნი.
538
გადიდდა ასე, გამაღლდა წყალნი, თხუთმეტს წყრთას ქვეშ ქმნა მთანი მაღალნი. სულ მოკვდენ ყოველნი, რაც ხორცნი ცხოველნი იყვნენ ცას ქვეშე.
539
ზედ კიდობანი იტაცებოდა, შიგ მსხდომთ სიცოცხლე ეოცებოდა. ნოე ფეხზედ დგა, ილოცებოდა. სხვათ შიშით მუხლი ეკეცებოდა.
540
ვირემ მთათ წყალი შესცილდებოდა, იქით და აქეთ კლდეთ ეხლებოდა, მიმოაწყდებოდა და არ გატყდებოდა ღვთის ძლიერებით.
541
ას-ერგას დღემდის ქუხილი, ელვა, წვიმა და ქარი, და წყალთა ღელვა; კიდობნისა რყევა, გულზიდება, რწყევა შიგ მსხდომარეთა!
542
ერთი ფიცარი შუვა ხიდილი, შიგნით სიცოცხლე, გარეთ სიკვდილი! სიკვდილმან ძმა-დობა, უყო მათ დანდობა, არავინ მოკლა.
543
მაშინ დამიყვრდნენ ყოველნი მტერნი; ქორნი, კაკაბნი, ალალნი, მწყერნი; კაც, ასპიტნი გველნი, ცხვარნი, თხა და მგელნი; კატა და თაგვნი.
544
ვეშაპ, ფასკუნჯნი, მარტორქა, სპილო, - ერთად სამყოფლად არ საადვილო, - ლომ-ვეფხვნი, ანთარნი, ფოცხვერნი, აფთარნი, და ვასილისკო -
545
დაემეგობრენ ერთმანეთს ყველა! არას აწყენდის მსუქანს ბატს მელა; კურდღელთა მწევარნი არ იყვნენ მდევარნი, ქათამთა-ტურა.
546
სიკვდილ-სიცოცხლე იქმნენ ვით ძმანი, მოკვდავთ საკვდავად გაკმინდა ხმანი. სიკვდილმან კლა ვერა, ვირემ არ განერა რღვნას კიდობანი.
547
მეშვიდეს თვესა ღმერთმან ინება კიდობნად მყოფთა შვება, ლხინება; ბრძანა დადგინება, შესწყვიტა დინება ზეციდამ წყლისა.
548
კიდობანიცა მაღალსა მთასა ზედა შეაგდო არარატთასა. დადგა და დაყენდა, აღარა არყევდა კიდობანს წყალი.
549
წყალმან მრავალი აკლო, შემცირდა: მეათეს თვემდი მთა წყალს შესცილდა; ერთ თერთმეტის თვისას თავს აჩენდა მთისას, მოაკლდა ასე.
550
ნოემ გაუშვა სარკმლით ყორანი: "სცანი, თუ ღმერთმან წყალთ უყო რანი?" ყორანმა სცან მთანი, გაშალა მან ფრთანი მუნით საფრენლად.
551
აღარ მობრუნდა ამბის სათქმელად, ვირემ არ გახდა ქვეყანა ხმელად. ის დღე გამოვიდა, რომ აღარ მოვიდა გაუშვა ტრედი.
552
ტრედმან ეძება, ვერ პოვა ხმელი, შესასვენებლად ფეხთ-დასადგმელი; დაღალული ფრენით, დაჯდა პირის ღრენით კოდობანზედა.
553
ნოემ განახვნა ბაგა, სარკმელი, კიდობნით გარეთ გამოყო ხელი; ტრედი აიყვანა, ისევ შეიყვანა კიდობანშია.
554
ნოემ შვიდიოდ დღე მაიცადა, შვიდს დღეს უკანა კიდევა სცადა, წყალს რა მოევლინა, კიდეც წარავლინა იგივე მტრედი.
555
ტრედი გაფრინდა, განხდა ნაპირად, შრტო ზეთისხილთა მიიცა პირად; მოუტანა ნოეს, ჰრქვა: "არს სარწმუნო ეს, ჩანს წყალთ მოკლება!"
556
ნოემ კიდევა შვიდს დღეს ითმინა; შვიდს დღეს უკანა კიდევ აფრინა ტრედი მესამედა, გზავნა მეამბედა, გაუშვა სარკმლით.
557
ტრედმა ნავარდი შექნა ტყე-ველად, ბნელში ნაჯდომმან შესაქცეველად. ტყეში დაიძინა, აღარა შესძინა კიდობნად მისვლა.
558
ნოემ აჰხადა ზეით სართული, რაც კარად-ბანად აქვნდა დართული. გარდახედა მთითა, წყალს მოაკლდა ღვთითა, გამოჩნდა ხმელი!
559
ხმა შემოესმა ნოეს ღვთისაგან: "ნოვე! გამოდი კიდობნისაგან შენდ და შენი ცოლი, ძენი შენი და მათი ცოლი აგრევ ყოველნი.
560
რანიც არიან სულ ხორც-შესხმულნი, კიდობნად მსხდომნი შენგნით შესხმულნი პირუტყს-მხეც-მფრინველნი, მოძრავი, სულთ მქშინველნი გამოიყვანე.
561
კიდობანი დგეს მანდავ მთაზედა, თქვენ სულ გამოდით ქვეყნად ხმელზედა. განმრავლდით, აღორძინდით, დასახლდით, დაბოძგინდით ქვეყანაზედა! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |