334
ოდეს ქაცვიამ ამბავი წვრილად შეიტყო, ქალი მას ერგო წილად, გულითა ლმობილად,ხელთა აღპყრობილად მადლობდა ღმერთსა.
335
მამასთან გზავნა მან მოციქული: "კაცი შევქნილვარ მე მოწიფული, გთხოვ, კურთხევას მამურს; ცოლის შერთვის დასტურს თუ დამცემთ, დრო არს".
336
მამამ უბრძანა: "ცოლის შერთვისა ჯერ დრო არა გაქვს, იყავ შენთვისა; შენ ხარ ოცი წლისა, ვერ გიზამ ქორწილსა მე შენ უდროოდ".
337
შვილმან მიუგო: "ერთს სიტყვას ვიტყვი - გთხოვ, არ მიწოდო მე მისთვის ბრიყვი - შენ ქენ სამართალი სწორე და მართალი, ნუ სჯი თვალღებით".
338
შვილმან დაუწყო მამასა პჭობა, "რად არ გახსოვნსო შენი ბიჭობა, ჩხიკვ-შაშვ და ღიჭობა, ქაცვ ნაცვთა მირჭობა, წელთ თექვსმეტობა?!
339
შენ რატომა ქენ, რად მაიხდინე, თექვსმეტი წლისამ რაც ჩაიდინე? საცოლო აცდინე, ნაცს სისხლი ადინე ეკალზედ ხევით.
340
ბევრი გეხვეწა და არ ისმინე, ასე გახურდი, ვერ დაითმინე! მე როგორ გისმინო და როგორ ვითმინო ოცი წლისამა?!"
341
თავი დაუკრა მძიმედ მამასა: "შენ ნუ იწყენო, რაც ვსთქვი, ამასა; მე ვსთქვი ხუმრობითა, არა გულწყრომითა, რაც მოგახსენე".
342
მამამ უბრძანა: "შენ შვილო ჩემო, შენ მაგისთვისა მე არა გცემო; არ არის ჭორია, სუყველა სწორია შენი ნათქვამი.
343
ნუ გეშის, შვილო, წამოდექ ახლო, გლოცო, გაკურთხო, თავს ხელი გახლო!" შვილმან ხელს აკოცა, მამამან დალოცა ამ სიტყვებითა:
344
"ღმერთმან გაკურთხოს დამბადებელმან, ცათა და ქვეყნის ამაგებლმან; გიწვიმოს ციერი, არა გქმნას მშიერი პურ-ღვინით, ზეთით!
345
ესრეთ მოგრიოს შენ შენთა მტერთა, ვით ერეოდეს ქარი ბზეთ, მტვერთა; მამამან და ძემან, ვით დედისა სძემან გზარდა, მან გზარდოს!
346
სულმან წმინდამან დაგცოს, დაგფაროს, გიძღვეს, სიმართლის გზაზედ გატაროს: კაი ბედს შეგყაროს, საყვარელს გაყვაროს, გულით გახაროს!
347
ცოლი მოგცეს და ასულნი, ძენი, ვითა სოლომან, ჭკვიანი, ბრძენი; მისებრ გაგამდიდროს, მკვიდრად დაგამკვიდროს სახლით და კარით.
348
ღმერთმან გაცოცოცხლოს მრავალი წელი, მაგრად გიმყოფოს ზურგი და წელი; არ შეგყაროს სენი, ძნელად მოსასვენი, გამყოფოს მთლადა.
349
ყმა მოგცეს ბევრი, გლეხი, მდაბიო, გამონოს ნებით, რომ არ არბიო; გქმნას კეთილ მსაჯულად, არვინ ყოს ტანჯულად უსამართლობით.
350
ღმერთმან აღგავსოს გარდამეტებით, ცხვრით, ძროხით, ქათმით, იხვ-ტრედ-ბატებით; გიმრავლოს ღორები, აქლემნი, ჯორები, ეტლებ-უნები.
351
სააქაოსა გახაროს გულით, საიქიოსა გაცხოვნოს სულით!.." რა ესრეთ დალოცა, თავზედა აკოცა, ესრეთ უბრძანა:
352
"წამოდეგ, შვილო, აიღე თავი, ძებნე, მონახე შენ შესართავი; აღახილე თვალი და მონახე ქალი შენად საცოლოდ". |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |