1
ჰაი, ჰაი, ეს საწუთრო რას ტყუის და რას უპირობს: თავს რა უყო, ა, იმ კაცსა, ნახეთ, ბოლოს რას უპირობს! ოდეს ადამ იქმნა კაცად, ცვად სამოთხე მოებარა, მისმან ხილმან ამოგვწყვიტა, ნეტამც არა მოება რა!
2
მას დღეს აქეთ ვალად გვაძეს, ჩვენზედ არის რაც ეს სესხი, ნეტამც ვინმე ძირით გჭრიდეს, ჩემთვის, შხამო, რას ხეს ესხი! თუმცა სესხი შვილს დასჯიდა, რად იღებდა მამა ვალსა? ჰხედავთ სოფლის სიმუხრთლესა, ამ კაცისკენ მამავალსა?
3
ნახეთ, სესხმან მამისამან შვილს მოჰგვარა მოვალე სით! ცელი ხელთა უჭერია, პირს მოუწყობს, მოვა ლესით. ცუდი რამ ხარ, საწუთროვო, შენ ზნეთა გჭირს რადგან ასე, მე ეს მიკვირს, რომ ვერა გთმობ, თუ კარგი ხარ, რად განასე?
პასუხი საწუთროსაგან
4
საწუთრომ უთხრა: შენ, კაცო, რადა მწერ სამასხაროდა? შენ მე სიცრუის ხმას მიყრი, შენ უფრო ცრუვი ხარო, და; შენ ჩემის ძვირის ხსენებით ჩასაგდები ხარ ხაროდა, თვით ცუდო, ცუდი რადა ვარ, უჩემოდ რა გიხაროდა?
5
დასაბამითგან მოგითხრა რიცხვი ჩემისა ხნისაო: შვიდ-ათას-ორას-ოთხმოც-და ორისა მე ვარ წლისაო, შენ მე საწუთროს მეძახი, წლისა სამოც-და- ცხრისაო, მე კიდე ბევრს ვძლებ, დრო არის შენი საფლავის თხრისაო.
6
რას მედავები, რა გინდა, რა მმართებს შენი ვალია? რად ცრუდ საწუთროდ მახსენებ, რად დაგბრმობია თვალია? თვით შენ ხარ ცრუი და წუთი და ადრე წამავალია. შენც იმ გზაზედ ხარ წამსვლელი, სად მამა-პაპათ კვალია.
7
შენ მეტად გული მატკინე უმსგავსოს საუბარითა, აწ რას გიშავებ, რადა მგმობს პირითა საგმობარითა? მე ღვთისაგან ვარ მკობილი, ცით, ქვეყნით, მთითა, ბარითა, შენ მიწა-წყალო, ქარ-ცეცხლო, მჯობიხარ, თქვი, აბა, რითა?
პასუხი კაცისაგან
8
კაცმან ჰრქვა: ღმერთმან დამბადა თავის მზგავსებით მეფედო, მე შენი თავი ყმად მომცა, მოსამსახურედ, სეფედო. შენ მტრად შემექენ, არ მინდობ, შემქნიხარ სისხლთა მჩქეფედო. სადაც იდუმალ გავივლი, დამდევ ძაღლივით მყეფედო.
პასუხი საწუთროსაგან
9
საწუთრომან ჰრქვა: რაც ბრძანეთ, ეგ სიტყვა სულ მართალია; მაგრამ თქვენ ვერა ხელმწიფობთ, როგორც რომ სამართალია. ავი და კარგი გაშინჯოთ, ამისთვის გქონან თვალია, მე რა ბრალი მაქვს, გარდაგხდესთ თქვენ მამის-თქვენის ვალია.
10
თუ კი ვარ თქვენი ორგული, მტყუვანი დაუნდობელი, რაღად მენდობით, რადა ხართ მოყვარე, მძმობელ-მდობელი? ვეჭობ, ის იყოს ორგული, ვინც გახლავთ წინამძღომელი, თვალ-გული ხარბი, ანგარი, მუცელი გაუძღომელი.
11
შენ თვალები ღმერთმან მისთვის მოგცა, - ხედო სახედარი, სულ გამოსცნა ავი-კარგი, რაც ნასახი სახედ არი., დაიხსოვნო, რაც გარდაგხდა აწინ გარდასახედარი, გზაზედ ასე ფრთხილად ვლიდე, ვით ვიდოდეს სახედარი.
12
თუ გწადს, ამ იგავს აგიხსნი წასულსა, წინასწარებსა: სადაც რომ ვირი დაეფლვის, იმ გზაზედ აღარ წარებსა; ერთხელ რომ გემოდ გენახოს, მეორედ რად შჭამ მწარებსა? ქნამდის გხამს შიშით წანწარი, იქ რაღა გაწანწარებსა?!
პასუხი კაცისაგან
13
კაცმან მიუგო: მე შენმან ქმნულებამ მამაწყინაო: ხან დაბნელდები ღამისებრ, ხან დღესავითა ბრწყინაო: ხან სიცხით დამწვავ, დამდაგავ, ხან სიცივითა მყინაო, ნეტარ, ეს როგორ შენ მკადრე, ხვიდოდე ვით ყროყინაო!
პასუხი საწუთროსაგან
14
საწუთრომ უთხრა: რად წყინობ, რაც გითხარ ეგ იგავია! დაეხეტები ურიგოდ, აგიმჩერია თავია; წინ არ იხედავ, არ შინჯავ, გზა კარგია თუ ავია, ქვას ფეხს წამოკრავ, წაგაქცევს, ჩემი რა დანაშავია?
15
არ ასცილდების დაცემა უფთხილოდ გზაზედ მარებსა; უზომოთ ბევრის მჭამელსა სიმაძღრით გულს დასძმარებსა. მე კეთილად ვარ ნაზავი, ვინც ზომით მომიხმარებსა; მისთვის ვარ ავი უძღები, ვინც საკმარს არ იკმარებსა.
16
აწ, მითხარ, შენ რომ ჩემთანა ჩხუბობ და სულ კამათობო; მლანძღავ და მათრევ, მაყვედრებ: `რატომ ბინდობ და მნათობო~. რა ზიანი გჭირს, არ ვიცი, შენზედ რას მუხანათობო, როცა დაგცხების, გიგრილებ, როცა შეგცივა, გათბობო.
17
რაც გიამების, გაამებ; გემრიელს გაჭმევ, გასმეო; მრავალს რიგს ფერად-ფერადსა თავს გხურავ, ტანზედ გაცმეო. მოგიწვენ თვალად ლამაზსა ქალსა თუ დედაკაცს მეო, ახლა თქვენ ბრძანეთ, მეფეო, თქვენ მიწყალობეთ რაც მეო!
პასუხი კაცისაგან
18
კაცმან მიუგო: ვალალა შენსა ცივსა და თბილებსა, ახლა მეც გეტყვი პასუხსა მაგ სიტყვის გასაწბილებსა; თუმცა შენ მაჭმევ საჭმელთა კარგსა, გემრიელს, ტკბილებსა, სულ ჩამაშხამებ ბოლოს დროს, ტკივილით დამგლეჯ კბილებსა.
19
მაკვეხებ ფერად საცმელთა, ოქროსა, ვერცხლის ღილებსა; აწ დაგდგომია თვალები, შეუჭამია მღილებსა; სულ დაგლეჯილა, გამცვდარა, გვანან ძაღლთ დაღერღილებსა, სულ დამიხოცე მოყვასნი, ერთიც არ დაღინღილებსა.
პასუხი საწუთროსაგან
20
საწუთრომ უთხრა: საწყალო, ყოფილხარ მეტად ბრიყვია, არ შინჯავ ავსა და კარგსა, უმზგავსოს სიტყვებს იტყვია! მხცოვან ხარ დედის მუცლითგან, რა თავი გამოგიყვია, მას აქეთ გმონებ, ჯერაცა ვინა ვარ, ვერ შეგიტყვია.
21
ჩემი კაცისა მკვლელობა შენთვის ვის ულაყბებია, ნეტამც ვნახავდე, ცემითა შემოვამტვრიო ყბებია! ვეჭვობ, შენ არა გსმენია, ყოფილა რაც ამბებია: არს კაცთა მკვლელი პირველი პაპაშენი და ბებია.
პასუხი კაცისაგან
22
კაცმან უწყინა: რად მითხარ შენ მე ურიგო პაპასი? არა მსმენია, მყოლოდეს, ბებია აგრე კაპასი. მათ ეწყალოდათ საკეჭნლად ცხვარი დუქარდით ნაპარსი, ისინი კაცს არ მოჰკლევდენ? - სცა, ხმა გამოხდა ტყაპასი!
პასუხი საწუთროსაგან
23
საწუთროს თავი გაუტყდა უბე აევსო სისხლითა. კაცს უთხრა: ჭკუვით იქცევი წონით არც ერთის მისხლითა; ბებიაშენი გამოძღა ვაშლითა, ედემის სხლითა, მით მოგვლენიათ სიკვდილი. შენ ჩემზედ რად ხარ რისხვითა?
24
ღმერთმან მოგაგოს მუქაფა, არ კარგო კაცო, შენ ავო; გკითხოს, შვიდწილად მოგიწოს ჩემს თავში ჯოხით შენაო, დაგაგლახაკოს, დაგშალოს, როგორც რომ აგაშენაო, წაგართოს პირში სული და სუნთქვა, ფშვინვა და ქშენაო.
25
რა დავაშავე შენზედა, რა საქმე წაგიხდინეო? გამომიცხადე, მამხილე, არ ვიცი, მაცოდინეო. გაუშინჯავად, ანაზდად თავს სისხლი გარდმადინეო. ბეწვი მიწყვიტე, უბრალოდ კინაღარ მამაკვდინეო.
პასუხი კაცისაგან
26
კაცმან ჰრქვა, თქმულა ბრძენთაგან: საწუთრო კაცს არ ინდობსო; თუ მაინდომებ სამოყვროდ, არც გიძმობს, არცა გიდობსო. სიტყვით ანგელოზს ემზგავსის, გულით კი ეშმაკ-ფლიდობსო. თავს მოგაჩვენებს სიწმინდით, ძაღლივით არაწმინდობსო.
27
გაბასრული ხარ მწიკვლითა, აროდეს განირეცხები, ვინც რომე შენა გეხების, ფისივით ზედა ეცხები. სადებლად კაკანს მოჰყვები, როცა არ დაიკვერცხები, მაგრამ კი დასდებ ვერა რას, მუცლითვე დაიფერცხები.
28
ვინც მოგენდობის, არ ინდობ, არა გაქვს ერთი პირია; ასეთის საქმის მქნელი ხარ, ხან ვიმღერ, ხან კი ვსტირია. ბევრს მისდგომია შენგნითა ლხინის მლოდნელთა ჭირია, შენი ვარდისა კონები გულზედ მჭვლად დანაჭირია.
პასუხი საწუთროსაგან
29
საწუთრომ უთხრა: რა გცოდე, რატომ არ მეტყვი პირსაო? რადა მცემ, ანუ რად მლანძღავ, თავზე რად მასხამ მწვირსაო? არ ვიცი, მე თავს რად მადებ ქვეყნის ლხინსა და ჭირსაო! თავიანთ ნებით შვრებიან, ვინცა მღერს, ან ვინც ტირსაო.
30
რამდენიც უნდა გამიწყრე, მე ვერ დავფარვ მართალსა; მოციქული ვარ, მოგითხრობ ბრძენთაგან შემონათვალსა. მეფე ბრძანდებით, თვალრებით ნუ შვებით ავს სამართალსა, გაფთხილდით, ხნარცვს არ ჩავარდეთ, ბრძნად გარდავლებდეთ გზას თვალსა.
31
ერთხელ ხომ დამეც ლახვარი, ახლა მეორე დამეც სხო? მართლის თქმისათვის მე თქვენგნით თავში კომბალი დამეცხო. თქვენმან ძმამ მოკლა ძმა თვისი, მე სისხლი მისი დამეცხო, თუ რომ თქვენ წმინდა ბრძანდებით, კარგსა იქთ, თუ გარდამრეცხო.
პასუხი კაცისაგან
32
კაცსა რა ესმა ეს სიტყავ, ეოცა, გაუკვირდაო; უფრო ძალიან გარისხდა, თავს ცეცხლი მაიკიდაო; თქვა თუ: ეს ცრუვი საწუთრო ნეტა რას გარდმეკიდაო? პაპა-ბებია მიხსენა, ახლა ძმებს მაეკიდაო!
33
საწუთროს ხმალი უღერა: თქვი, თორემ გაგჭრი ორადო, ტანსა ძაღლებსა შევაჭმევ, თავს დაგიგორებ გორადო; ბებიასი და პაპისა, ძმებისა, რაც სთქვი, ჭორადო, ნუ მეუბნები იგავით, გამომიცხადე სწორადო!
პასუხი საწუთროსაგან
34
საწუთრომ უთხრა: მოგითხრობ, შენ ყური მიგდე აპაო; არს ევა შენი ბებია, კაინ -ძმა, ადამ - პაპაო, ევა ღვთის მცნებას გარდახდა, ვაშლი ჭამა და ყლაპაო; კაინ ძმა მოკლა, აბელის სისხლით ქვეყანა თხაპაო.
35
შეგასმენ, შენი ყურებით თუ ბანა გამოღებულა, თავითგან კაცის სიკვდილი კაცთაგან შემოღებულა; აბელის სისხლის ღაღადი ცათამდის აღონებულა, მას შეხებია ირისე, წითლად მის გამო ღებულა.
პასუხი კაცისაგან
36
კაცსა რა ესმა, დაფიქრდა, თქვა: ასე იყოს აგებო არ შემომაკვდეს უბრალოდ, ხრმალსა ქარქაშში ვაგებო; ბოდიშს მოვიხდი თავმდაბლად, მასთან დაგებას ვაგებო, კვლავ ვკითხავ წვრილად ამბავსა, ვაუბნებ, ვაქადაგებო.
37
ხრმალი ქარქაშში ჩანაგო, თავს ქუდი მაიხადაო; საწუთროს თავი დაუკრა, ბოდიში მაიხადაო: თუ რომ ეგ სიტყვა ჩემთვისა უწინვე განგეცხადაო, რაც მე შენ მწიკვლი გაყვედრე, კმარდა მის სარეცხადაო.
პასუხი საწუთროსაგან
38
საწუთრომ უთხრა ბაყითა: რაღა არს ბოდიშთ ხდილობა? ნუ გეწყინებისთ, არ გიჩანს მეფური ზნე და ზრდილობა. მეფეს არ მართებს უსჯელად კაცის კვლის სიადვილობა. არ გხამდათ აგრე ადვილა ჩემზედა ხრმალ-მოწვდილობა.
პასუხი კაცისაგან
39
კაცმან ჰრქვა: ვითხოვ შემინდო, რაც მე ვქენ ყია-მყრალობა: ნუღარ იქნების ჩვენ შუვა ერთმანეთისა მწყრალობა, შენ რომ მომითხარ ყვედრებით ცეცხლ-ქარ და მიწა-წყალობა, რა იგავია, არ ვიცი, მიყავ თარგმნისა წყალობა!
პასუხი საწუთროსაგან
40
საწუთრომ უთხრა: თუ კი შენ იცი ხრმლით, ჯოხით შენაო, სამოც-და-ცხრის წლის კაცი ხარ, ეგ რად არ იცი შენაო? ღმერთმან რომ კაცი დაბადა, ოთხ ნივთით აღაშენაო, მიწით, წყლით, ცეცხლით, ქარითა, ჩაბერვით მისცა ქშენაო.
პასუხი კაცისაგან
41
კაცმან ჰრქვა: მიმძიმს ის სიტყვა, გულზედ დამაჩნდა დაღადა, შენ რომ სთქვი: "ქვეყნით ცათამდის აბელის სისხლმა ღაღადა" ორს ძმასა მთელი ქვეყანა სახნად, სათესად, ბაღადა რატომ არ ეყოთ, ეს მიკვირს, ერთმანერთს ხოცდნენ რაღადა?
პასუხი საწუთროსაგან
42
საწუთრომან ჰრქვა: ჯაბანს კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა: თვით კარგკაცობა არ ძალუცს, სხვისა შურს კარგი კაცობა, კაინის ამბის სმენასა სჯობს ყურში თითის დაცობა. აბელის მსხვერპლი ღმერთსა სთნდა, კაინ ქმნა ამად ძმაცობა.
43
კაინ ღმერთს მსხვერპლი შესწირა, თავისი ნამუშაკევი, ხეთა, ბალახთა ნაყოფი, ნახნავ-ნათესი, ნამკევი; მსხვერპლში ურივა ნაკმაზი, თვით იპრიანა ნარკვევი, ღმერთმან შეუტყო, უვარყო ნაღალატ-ნაეშმაკევი.
44
შესწირა მსხვერპლი აბელმან ღვთის მოსაწონი, ქებული, თავის სამწყსოში პირველი, რჩეული, გასუქებული. შეიქმნა კაინ შურითა დამწვარ, გულჩათუთქებული, სიმწუხარისა ოფლისა დენითა თავხვითქებული.
45
ღმერთმან უბრძანა: კაინ, რად შეიჭვნა შენი პირია? გულის წყრომისა ოფლითა სველხარ, ჩამოგდის მწვირია; სცოდე, მართლიად არ განჰყავ, არც მართლა შემამწირია, აწ შენსა შენვე მსთავრობდე, შენთვისვე დაიჭირია!
46
კაინ მიუთხრა აბელსა: ერთად გავიდეთ ველადა, რომლისა რისმე საქმისა ერთმანერთისა შველადა. აბელ უსმინა, ძმას წაყვა გულმართლა, უზაკველადა, კაინ მხარს კეტი გაიდვა აბელის დასაკვრელადა.
47
კაინ ჰრქვა აბელს: შენ ღმერთსა რად უძღვენ ჩემზედ მეტია? - მოუქნივა და დანარტყა უეცრად თავში კეტია. აბელის თავის ნახეთქი ცას მოხვდა ანასხლეტია, მისგან ცის მშვლიდზედ სისხლი სწვეთს, ჯერაცა არ შესწყვეტია. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |