მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 71367 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როსტევანმა დიდებული ქორწილი გამართა. ავთანდილს, არაბთა მაღალ, შუქმოციაგე ხელმწიფეს, სამეფო ტახტზე რომ დაებრძანებინათ, გვერდს ტარიელი ესვა, მშვენებით სავსე უებრო ჭაბუკი.

თინათინს რომ ნესტან-დარეჯანი უჯდა, სიტურფით და სინაზით მჭვრეტელთა ამაჟრჟოლები, გეგონებოდა, "ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია”.

რას ინატრებდა კაცის გული, რომ იქ ხავსის უმრავლესი არ ყოფილიყო. მსმელთათვის ღვინის წყარო ასგან დიოდა. ყოველგან საამოდ ისმოდა სიმღერა და საკრავთა ჟღერა. ძღვენსა და საჩუქრებს ხომ ნუღარ იკითხავთ:


"იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,

კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები."


უხვად და უშურველად ყველას შესაფერის ძღვენსა სძღვნიდნენ, საბოძვარს აძლევდნენ, გულნაკლული არავინ დაუტოვებიათ. ოქრო და თლილი ბადახში მთად ამართულიყო. მერე მარგალიტიც იმდენი მიმოაბნიეს, ოქროსა და ატლასს უკვე ხელს აღარავინ ახლებდა, წუნობდა მოღებად. შებინდებიდან განთიადამდე სვამდნენ და ლხინობდნენ.

ტარიელი სამ დღეს მაყრად ასე უჯდა ავთანდილს. მეოთხე დღე რომ გათენდა, როსტევანმა ტარიელს, ინდოთა მეფეს უთხრა, თქვენდა თანაბრად სხდომის ჩვენ რა ღირსი ვართ: "მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; და ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია." თქვა და მათთვის სახელმწიფო ტახტი განცალკევებით დაადგმევინა და მოაკაზმვინა. მხცოვანი ხელმწიფე ცოტა მოშორებით თავადაც დაჯდა და ავთანდილ-თინათინი თავის ტოლ დაისხა, ფრიდონიც ამათ სიახლოვეს დააბრძანა.

როსტევანი მხიარულად მასპინძლობდა, ხელმწიფობას არ იჩემებდა, ისე იქცეოდა, თითქოს მონადიმეთაგანი ყოფილიყოს. უამრავი განძი გასცა. ყველა მის გულუხვობას აქებდა. პირველი ძღვენი ტარიელისთვის და ნესტანისთვის მიჰქონდა დიდი პატივითა და სიყვარულით, ისინი ხომ სიძე-სძალივით მიაჩნდა.

ორთავეს სკიპტრა, პორფირი, სამეფო შესამოსელი და გვირგვინი მიართვა. ამას გარდა რამდენი უცხო და ტურფა თვალ-მარგალიტი თუნდ მეათედიც ვინ მოთვალოს:


"კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,

ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,

კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,

და ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა."


არც ფრიდონი დავიწყებია, ცხრა ტაბაკი თვალ-მარგალიტი და ცხრა უბადლო, უძვირფასესი უნაგირით შეკაზმული ტაიჭი უბოძა.

გაუთავებელ ლხინსა და გართობაში მთელი თვე მიიწურა. ძღვენი ძღვენს მოსდევდა. ინდოთა მეფეს რომ პატიოსანი თვლები მოართვეს, მათი ელვარება ყველას მზის შუქი ეფინებოდა. შვება-სიამით გაბადრულ ტარიელს თავისი ქვეყნის დარდი მოსვენებას უკარგავდა და ცრემლს ადენდა, "ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად.

როსტევანს ბრძნული და მოხდენილი სიტყვით ავთანდილი მიუგზავნა და შეუთვალა:

- თქვენი სიახლოვე კმარა "ჩემად ლხინად ყოველად”, მაგრამ მეტს ვეღარ დავრჩები, ჩემს სამეფოს უნდა მივხედო, ეჭვი მაქვს, რომ მტერი ნახირივით შესევია. ოღონდ დროზედ: "წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან", მჯერა, ჩემი ზიანი თქვენც დაგაღონებთ. ღმერთმა ინებოს, ლაღნი და შვებულნი კვლავ მალე გიხილოთო.

ნეტავი რისი გერიდებათ? - შემოუთვალა როსტევნმა კარგად გასინჯეთ, განჭვრიტეთ და:


"როსტევან ჰკადრა: "მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?

რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,

ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,

და თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა".


როსტევანის პასუხი რომ მოისმინა, ტარიელმა ავთანდილს უთხრა: აბა, რას ამბობ, სჯობია ბაგენი დაიხშო და თეთრი კბილნი, "ბროლისა ყორები”, აღარ გამოაჩინოო, ახლად შერთულსა "მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?!

- მაგით ვერ მომატყუებ, - მიუგო ავთანდილმა, არა, იქნებ ძალიანაც გინდა დამტოვო, მერე კი ჩემს კიცხვას მოჰყვები, ცოლის სიყვარულით გამიმეტაო! მე კიდევ შენი განშორებით გამწარებული, ვაგლახსა და ვაებას მივეცე?! განა არ ვიცი, მეგობრის გაწირვა კაცს რა სიავეს დააწევს!

ტარიელმა გაუცინა და ეგ სიცილი "ბროლისა ვარდთა ფრქვევასა” ჰგავდა. პირფერობაში ნუ ჩამომართმევ და, იცოდე, უშენობით მე უფრო დავიტანჯებიო, უთხრა მან ავთანდილს. რახან გწადია, კარგი, წამომყევიო.

ავთანდილი მყისვე სამზადისს შეუდგა: არაბეთის ყოველი კუთხიდან ლაშქარი აწვია, ოთხმოც ათას მხედარს მოუყარა თავი, ყველა საომრად მოკაზმულიყო, "კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია”, უკეთესი რომ არსად იპოვებოდა.

როსტევანი დაღონდა, მათი გაშორება მეტად უმძიმდა, მწარედ კვნესოდა და ვაებდა გულგახელებული, "ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების”. ტარიელს მოეხვია და მაგრად ჩაკოცნა, მერე უთხრა: შენი სიახლოვე აქამდე ვერა და ვერ დამიჯერებია, თავი სიზმარში მგონაიო, გშორდები და ტანჯვა მიასკეცდება, მოსვლით გაგვახარე და ახლა წასვლით გულს გვიკლავო, "შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

ტარიელი მეფეს მოწიწებით გამოეთხოვა, ცრემლმორეული და ფერგამკრთალი: "ფიფქი ნასდების, თხელდების”. უებრო ჭაბუკი რომ ცხენზედ შეჯდა და ის იყო უნდა გასცლოდა იქაურობას, მთელი ლაშქარი ატირდა, მათი ცრემლით ველ-მიდნორი ირწყვოდა.

ხოტბას ასხამდნენ, გულმდუღარედ შეჰღაღადებნდნენ: "მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”.

გტოვებთ და, ვაი, რა ღირსი ვარ, არა მგონია, ასეთი გასაჭირი ვინმეს ოდესმე დასდგომოდესო, ტირილით უთხრა მათ ტარიელმა. 

უზომოდ ეძნელებოდათ განშორება ნესტანსა და თინათინს, ორ უებრო დობილს, ალალი ფიცით რომ შეფიცულიყვნენ და ერთურთისათვის ხვაშიადი გაენდოთ. "მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი” მწარედ ტიროდნენ, მათ შემყურეს ქვის გული უნდა ჰქონოდა.


"მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,

ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;

არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,

და მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს, თავი იქედგოროსა."


ნეტავი, სულაც არ მენახეო, შესჩივლა ნესტანმა, ახლა რაღა მეშველება, მზეს გშორდები და ამ განშორებით უმოწყალოდ ვიტანჯებიო. წერილი მაინც ხშირად მომწერე და "ამბავსა სცნევდი, მაცნევდი”, როგორც მე შენთვის ვიწვი და ვიდაგვი, შენც ასევე მოგერჩოდესო ჩემზედ გული!

მზეო, მჭვრეტელთა გამხარებელო, ისიც კმარა, ამ განშორებას როგორმე თუ გავუძელი, შენს თავს, აბა, რა დამავიწყებსო, მიუგო თინათინმა. იცოდე, დღეგრძელობის ნაცვლად ამიერიდან ღმერთს ამასღა შევეხვეწები, სიცოცხლე მომისწრაფოდა აგრემც გაგიხარია, რაოდენიც მე უშენობით დამედინებაო ცხარე ცრემლი! მერე ერთმანეთი კვლავ ჩაკოცნეს დ გამოემშვიდობნენ.

თინათინი თვალს ვერ აშორებდა მიმავალს, ნესტანიც ერთობ უკან იხედებოდა, ურვის ალით დამწვარი.

ძმად შეფიცული სამი უბადლო რაინდი, გული რომ ერთურთის სასიკეთოდ უძგერდათ, ინდოეთისაკენ გაემართა. თან რიცხვმრავალი ლაშქარი იახლეს - ოთხმოციათასი მარჯვე მხედარი, ბარგიც დიდძალი მიჰქონდათ. ყველანი მორჩილებით ეგებებოდნენ, მტრობას ვინ შეჰბედავდათ!

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ