მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 190614 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- მთელი ქვეყნის მანათობელი მზე, ჩემი სიცოცხლე და საუნჯე რომ მომშორდა, - თქვა ფატმანმა, - იმ დღიდან გაუნელებელი ცეცხლით ვიწვოდი და ვტიროდი, თვალთაგან მონადენი ცრემლის წყარო ვერა და ვერ დამეშრო.

ხალისი ერთობ დამკარგოდა, "ვჯდი უგულოთა გულითა”, სახლ-კარი და თვით შვილნიც კი მომეძულებინა. მღვიძარე ხომ სულ მის მოგონებაში ვიყავი და, ჩავთვლემდი თუ არა, მაშინაც მუდამ თვალწინ მედგა. ფიცის გამტეხსა და მოღალატე უსენს ვეღარ ვიტანდი, "მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა”.

- ერთ დღეს, საღამოჟამს, კიბეს გადავადექ, ქარვასლის კარს გავსცქეროდი და, მისი მოგონების სევდით გულმოკლული, გუნებაში მამაკაცთა მთელ მოდგმას ვწყევლიდი, უპირობას ვუზრახავდი.


"მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,

მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა”.


ქალაქში სასმელ-საჭმელი ეყიდათ, დასხდნენ, შეექცეოდნენ და მხიარულად ბაასობდნენ. იდუმალ ვუჭვრეტდი და ყურს ვუგდებდი. უცხონი ერთად შევკრებილვართ, მეგობრულად ვიშვებთ და ვიხარებთ, ის კი არ გვითქვამს, ვინა ვართ ან საიდან მოვსულვართ, მოდი, ბარემ ჩვენ-ჩვენი ამბავი მოვყვეთო, შესთავაზეს ერთმანეთს. სამივეს თავგადასავალი რომ მოისმინა, მაშინ მათ


"მონამან უთხრა: ჰე ძმანო, განგება რამე ზესია:

მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია.”


- ჩემი ამბავი თქვენსას ბევრად სჯობიაო, - თქვა მან. - მე ქაჯთა დიდებული მეფის მსახური ვიყავ, ახლაც მის ტახტს ვემსახურები. ვაი, რომ ჩემს ხელმწიფეს დამამხობელი სენი ეცა და "მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწნარებელი ობლისა”.

მცირეწლოვან უფლისწულთ როსანსა და როდიას ახლა მამიდა, დულარდუხტი, ზრდის. ღვიძლი მშობელივით თავს ევლება. ქალია, მაგრამ კლდისაებრ შეუდრეკელი, ქაჯეთს მეფედ ზის განცხრომით, შიში არაფრისა აქვს. მოყმენი ხომ უძლეველნი ჰყვანან, თვით სხვას სისხლს დაადენენ, მათ კი ვერავინ ავნებს.

ზღვის გაღმა მხრიდან მისი დის სიკვდილის ამბავი მოვიდა. ვეზირნი შეიკრიბნენ, საგონებელში ჩავარდნილიყვნენ: "ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?!”

როშაქმა, ხელმწიფის რიცხვმრავალი რაზმის მოთავემ, თქვა: თუნდ მომკლან, მე აქ ტირილს ვერ ვუყურებ, წავალ, ვითარეშებ და ნადავლით სავსე დავბრუნდებიო, სანამ მეფე დის დასატირებლად წავიდოდეს, მეც მოვუსწრებ და თან წავყვებიო.

ხელქვეითთაგან ასი კაცი შეგვარჩია და გვიახლა. დღისით, მზისით ქარავანს ქარავანზე ვძარცვავდით, დიდძალი განძი ვიშოვვეთ. ღამეებიც ვათიეთ, უქმად არც მაშინ მოვმცდარვართ.


"მიდნორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,

დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა,

ვთქვით, თუ `მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!”


დაბნეულნი ხან რას ვამსგავსებდით და ხან რას. ზოგმა თქვა, ცისკრის ვარსვლავიაო, ზოგმაც - მთვარეო. ყველანი მისკენ გავეშურეთ, შორიდან მოვუარეთ და ალყად მოვერტყით. მოგვესმა, იმ ნათლიდან ხმა გამოვიდა, ჩვენ მოგვმართავდა: მხედარნო, ვინა ხართ, მერიდეთ გულანშაროდან ქაჯეთს მოციქული მივდივარო.

რა მივუახლოვდით, დავინახეთ, პირმზე ცხენოსანი იყო. განცვიფრებულნი შევსცქეროდით სახეს "მნათობსა, ელვათა მაელვარებსა”, მისი ციმციმი არემარეს მზისაებრ რომ ეფინებოდა. სიტყვაძვირობდა, პასუხს დინჯად იძლეოდა. ბაგე გახსნა თუ არა, "კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა”.

მივუხვდით, რომ ტყუოდა. როშაქი გვერდით ამოუდგა, მაშინვე შეატყო, ქალი იყო. აღარ გავუშვით, შევიპყარით. დავუყვავეთ და ვთხოვეთ, მართალი გვითხარიო: "ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვიპასუხა რა, მდუღარე ცრემლი წყაროდ გადმოედინა. მწყარალად შემოგვყურებდა, "კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი”.

- ნუღარას ჰკითხავთო, გვიბრძანა როშაქმა. ეტყობა, ამისი ამბავი უცნაურია და არც ადვილად ითქმისო. ხედავთ, ჩვენს ხელმწიფეს რა სანატრელი ბედი ჰქონია: ეს საკვირველთა საკვირველი არსება "ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია”, არმაღნად მივუძღვნათ, მეტისმეტად დაგვიმადლებსო. დამალვა არ იქნება, სულერთია, დავმჟღავნდებით და ხომ იცით, ჩვენი მეფე რა ამაყიცაა, დანაშაულს შეგვანანებს, ესეც არ იყოს, დიდი აუგია, შევრცხვებით, თავი მოგვეჭრებაო.

- განზრახვა მოვუწონეთ და უმალვე ქაჯეთისაკენ გავემართეთ. ქალს მოწიწებით ვექცეოდით, ავი არა გვიკადრებია რა. იგი გულმდუღარედ ტიროდა, ღაწვებზე ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა. მე როშაქს დავეთხოვე: გულანშაროს მინდა წავიდე, გამიშვი და ადრე დავბრუნდები-მეთქი. გამომიშვა, აქ ცოტაოდენი განძი მაქვს, წავიღებ და დროზედ ვეახლებიო.


"მათ კაცთა დიდად ეამა ესე ამბავი მონისა.

მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემთა ფონისა,

მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,

ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა”.


- ამ ამბავმა მისთვის გამწარებულსა და სულთმობრძავს სიცოცხლის ძალა შთამბერა. მთქმელი მოვიწვიე, ახლოს დავისვი და ვსთხოვე: რას ჰყვებოდი, მეც მითხარი-მეთქი. მან იგივე ხელახლა მიამბო. თითქოს მკვდარი გავცოცხლდი. მე ორი ზანგი მსახური მყავს, გრძნებით სავსენი არიან, უჩინრად "წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა”. მათ ვუხმე და ქაჯეთს გავგზავნე, ვუბრძანე, ფიცხლად იარეთ და მისი ამბავი მომიტანეთ-მეთქი. სამ დღეში დაბრუნდნენ და მომახსენეს:

- ქაჯთა მეფის დულარდუხტისათვის მიუგვრიათ. როსანს შევრთოთო, უბრძანებია მეფეს და უფლისწულის საცოლედ დაუწინდავს. ის იყო დულარდუხტი ზღვის გაღმა მხარეს მიდიოდა დის დასატირებლად, ასე უთქვამს: ჯერ მაგათ დასაქორწინებლად არა მცალია მწუხარებით გულდამწვარს, აი, დავბრუნდებიო და "შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”, ციხე-კოშკში დაუსვამს და მსახურად ერთი საჭურისი მიუჩენია.

გრძნეულნი ერთობ თან წაუყვანია, რადგან წინ სახიფათო გზა უძევთ, მტრები შესაბმელად მზად არიან. ჯერ ვერ დაბრუნდებიან, ცოტა ხნის წინ წასულან. მოყმეთაგან ვინც უფრო გულადი იყო, ქაჯთა ქალაქის მცველად დაუტოვებია. ამ ქალაქს აქამდის ვერარა მტერი ვერ მორევია.


"ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,

მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,

მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია”.


მზისაებრ ბრწყინავს, თვალი ვერავის გაუსწორებია. გვირაბის შესასვლელთან გამუდმებით ათიათასი რჩეული ჭაბუკი დგას მცველად, ქალაქის სამ კარიბჭეს კი სამიათას-სამიათასი მეომარი დარაჯობსო.

ავთანდილმა რა ეს ამბავი მოისმინა, დიდად ეამა, მაგრამ ფატმანს ხვაშიადი მაინც არ გაუმჟღავნა. პირმზე და მკალვმაგარმა რაინდმა ღმერთს მადლობა შესწირა, მერე ქალს მიუალერსა და უთხრა, ეს რა სანატრელი და საოცარი ამბავი მიამბეო, ოღონდ ერთი ვერ გამიგია, ქაჯნი ხომ უსხეულონი არიან და იმ ქალთან რა ესაქმებათო:


"მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,

მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!”

ფატმან უთხრა: `მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,

არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.”


ქაჯები იმიტომ ჰქვიათ, რომ გრძნეულობაში გაწაფული კაცნი ერთად შეკრებილან, მათ ვერავინ ვერას ავნებს, თავად კი "ყოველთა კაცთა მავნენი” არიან, რა საკვირველება გინდა, რომ არ ჩაიდენენო: მტერთ თვალს დაუბრმავებენ, საშინელ ქარიშხალს აღძრავენ და ზღვაში ხომალდს ჩაძირავენ, წყალს პირწმინდად დააშრობენ და ზედ ისე გაივლიან, თითქოს ხმელეთი ყოფილიყოს! "ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი”, თორემ ისე ჩვენებრვე ხორციელი ადამიანები არიან.

ვაი, როგორ მეცოდება იგი, მათ ხელში ჩავარდნილიო: "რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!” ავთანდილმა მადლი გადაუხადა: დიდად მაამე, ეს რომ მითხარი, მწველი ცეცხლი დამიშრიტეო. სიხარულით ცრემლმორეული ჭაბუკი გუნებაში ღმერთს ადიდებდა: "გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი, ყოფილი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი”, საოცარია, რა იჩქითად მოგვფენ მოწყალებასო!

ფატმანს ეგონა, ჩემთვის ტირისო, და ტრფობის ცეცხლი უფრო ედებოდა, მოყმეს ყელზე ეხვეოდა, "პირსა მზესა აკოცებდა”. ხვაშიადი რომ შეენახა, ჭაბუკიც იფერებდა მის სიყვარულს.


"მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა;

ყმა უნდომ-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,

ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,

და გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.


ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად

შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;

იტყვის, თუ: "მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი-ა ვისად,

და უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!"


მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;

გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;

ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია.

და თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია."


გათენდა. ქალმა ქვეყნის მანათობელ მოყმეს ნაირნაირი ტურფა სამოსი მიართვა, რაც გეწადოს, ჩაიცვიო, და აბანოს გაისტუმრა. დღეს სიმართლეს ვეტყვი, მეტს აღარ დავუმალავო, გადაწყვიტა ჭაბუკმა და ვაჭრულის ნაცვლად სარაინდო "შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.”

ფატმანს ავთანდილისათვის სუფრა გაეწყო. მოყმე მხიარულად შევიდა. ფატმანს გაუკვირდა, ვაჭრულად რომ არ ეცვა, შემოსცინა და უთხრა: აგრე სჯობს, შენთვის გახელებულთ უფრო მოეწონებიო. სუფრას მიუსხდნენ და ხალისიანად შეექცეოდნენ.

ღვინოსმული ჭაბუკი თავის სამყოფელში დაბრუნდა, კარგ გუნებაზედ იყო, დაწვა და ტკბილად დაიძინა. საღამოჟამს გაეღვიძა, "შუქი ველთა მოაფინა”. ფატმანი იხმო: მინახულე, მარტო ვარო. ქალი უმალვე ეახლა, ავთანდილს მისი ოხვრა-კვნესა შემოესმა.


"იტყოდა: `მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო, ხისა!”

გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,

ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა."


- ვიცი, ფატმან, ამ ამბის გაგონებაზე გველნაკბენივით შეკრთები და შეძრწუნდები, - უთხრა ავთანდილმა, - მაგრამ სიმართლე მაინც უნდა შეგატყობინო. შენ ვაჭარი გგონივარ, ქარავნის მეპატრონე, მე კი დიდებული ხელმწიფის როსტევანის სარდალი ვარ, მის მეფობას რომ შეშვენის, ისეთი რიცხვმრავალი ლაშქრის მოთავე. განძიც უამრავი მაქვს და აბჯარ-იარაღიც.

კარგი მეგობარი ხარ, ერთგული და მისანდო, მეც მოგენდობი. როსტევანს ერთადერთი ასული ჰყავს, "მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი”. შენ რომ ქალის ამბავი მიამბე, ჩემმა სატრფომ მის საძებნელად გამომგზავნა. მთელი ქვეყნიერება შემომივლია "მის მზისა მონაცვალისად”. მე თვითონ მინახავს, მისი მიჯნურობით ველად გაჭრილი ლომივით ვაჟკაცი რა უზომოდ იტანჯება, რა ფუჭად მიდის მისი სიცოცხლე:


"მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,

გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად.”

ავთანდილმა ფატმანს ყოველივე დაწვრილებით უამბო, თავისი ამბავიც და ტარიელისაც, მერე დასძინა: იმ უებრო მოყმეს თუმცა არც იცნობ, მაგრამ "შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა”.

მოდი და დამეხმარე, ვეცადოთ, იქნებ რამე ვუშველოთ იმ მნათობ მიჯნურთ და ერთმანეთით გავახაროთო, ვინც შეიტყობს, ყველა ჩვენი მაქებარი შეიქნებაო. შენი გრძნეული მსახური ქაჯეთს კვლავ გავგზავნოთ, ქალს ყველაფერი ვაცნობოთ და:


"მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,

ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”


ღმერთო დიდებულო, ეს რა ამბები გავიგონეო დღეს, "უკვდავებისა სწორანი”, თქვა განცვიფრებულმა ფატმანმა. მყისვე გრძნეული მსახური იხმო, ყორანივით შავი, და უბრძანა: ქაჯეთს გგზავნი და, იცოდე, ახლა ვნახავ, რა მოსახმარიცაა ჩემთვის შენი გრძნეულობაო.

ფიცხლად იარე, წინ შორი გზა გიძევს, მიდი და "მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”, აბა, თუ დამივსებ, გულს რომ მტანჯველი ცეცხლი მიკიდიაო. მან მოახსენა, ხვალ აქ ვიქნები და მის ამბავს მოგართმევთო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ