მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 148081 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზღვა გადაცურეს და ქალაქს მიადგნენ, გარშემო ბაღები რომ ხშირ ტყდ მოვლებოდა, უცხო და ნაირფერი ყვავილებით დამშვენებული. ენა ვერ იტყვის, რა ტურფა ქვეყანა იყო! ხომალდი ბაღის განაპირას საგულდაგულოდ დააბეს, მერე მზიდავნი დაიქირავეს და გადმოტვირთვას შეუდგნენ.

ავთანდილს ვაჭრული ჯუბა ჩაეცვა, ვაჭრებს უფროსობდა და ამით თავის ვინაობას ფარავდა. მალე ამ ბაღის მებაღე გამოეცხადათ და ავთანდილს შორით შესცქეროდა განცვიფრებული: "მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა”.

ჭაბუკმა მოუხმო და გამოჰკითხა, რა ქვეყანაა, ან აქაურ მეფეს რა ჰქვია, ძვირად რა ფასობს, ან იაფი რა არისო, ყველაფერი დაწვრილებით მიამბეო, სთხოვა. მებაღემ მოწიწებით უთხრა: "ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების” და, რაც ვიცი, ერთობ მართალს მოგახსენებო.


"ესერა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,

თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა, 

აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა,

მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა”.


- აქ მოსვლით მოხუციც გაყმაწვილდება, - დასძინა მებაღემ: - ნიადაგ ლხინი და სიმღერა-გართობაა, ზამთარ-ზაფხულ ნაირფერი ყვავილი ჰყვავის, თვით მტრებიც კი შემოგვნატრიან. დიდვაჭარნი ხომ უკეთეს ადგილს ვერსად ნახავენ, თავს აქ იყრიან და "იყიდიან, გაყიდიან, მოიგებენ, წააგებენ”.

ღარიბ-ღატაკი ერთ თვეში გამდიდრდება, უქონელი წლამდის დიდ ქონებას შეიძენს. მე ვაჭართა უფროსის, უსენის, მებაღე ვარ, ეს ბაღი მისია.

ჩვენს ქალაქში წესად არის დადებული: დიდვაჭარნი რა აქ მოვლენ, პირველად უსენს მოინახულებენ და ძღვენს უძღვნიან, ყოვლის უტურფესი და უძვირფასესი რაც რამ აქვთ, ჯერ მას უჩვენებენ და მეფის ჯალაბობისათვის გადააწყობინებს, საფასურსაც მაშინვე მიუთვლის და მერე აღარ უშლის, როგორც უნდათ, ისე ყიდიან.

თქვენებრ საპატიოთა მასპინძლობა თავად მართებს, სხვებს კიდევ სხვანი წაიყვანენ მისი ბრძანებით და შესაფერისად მოასვენებენ. მაგრამ იგი ახლა აქ არ არის და მისი ხსენება, აბა, რას მარგებს, სჯობია ისა ვთქვა, მის ნაცვლად ვინ უნდა მიგიწვიოთ და გიმასპინძლოთ:


"ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,

პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი”.


წავალ და თქვენს მოსვლას შევატყობინებ, იგი კაცს გაახლებთ და როგორც თავისიანს შინ აშკარად, დღისით-მზისით, მიგიყვანთ.

ავთანდილმა დასტური მისცა და მებაღე მყისვე გაეშურა, აღტაცებული გარბოდა, მივიდა და ხათუნს მიახარა: "მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან!” ერთი ვინმე ვაჭარიაო, დიდი ქარავნის პატრონი, ალვისებრ ლაღად აზრდილი და შვიდი დღის მთვარის მსგავსად გაბადრული, კოხტა ჯუბა აცვია და ძოწისფერი მოსახვევიც შვენის, მიმიხმო, აქაური ამბები და ბაზრის მაზანდა მკითხაო.

ფატმანმა მეტად გაიხარა. ერთი კი არა, ათი მსახური აახლა და მიიწვია. ქარვასლა მოურთო და მოუკაზმა, მათი ბარგიც იქ შეანახვინა. ავთანდილმაც აღარ დაახანა, ფატმანის მსახურთ გამოჰყვა და ქალაქში:


"შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი,

მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა-თათი."


ხმა დაირხა და მთელი ქალაქი შეიკრიბა, გარს შემოეხვია. ერთმანეთში ირეოდნენ, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, როგორმე ვუჭვრიტოთო. ნდომითა და სუვრილით შესტრფოდნენ, შეჰხაროდნენ, ზოგი მაინც ერთობ სულწასულად იყო. ქმრებს ჯავრი მოსდიოდათ, ცოლები რომ ათვალწუნებით უცქეროდნენ, მისი მნახველნი: "მათთა ცოლთა მოიძულვნეს ქმარნი, დარჩეს გაბასრულად”.

ფატმანი კარებთან გამოეგება, ლაღად მიესალმა, სიხარულს არ მალავდა: "ფატმან ხათუნს მისვლა მისი, შე-ვით-ვატყევ, არ ეწყინა”. რა ერთმანეთი მოიკითხეს, შიგნით შევიდნენ და დასხდნენ.


"ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,

ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,

მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი,

დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი."


იმ ღამეს ფატმანმა ჩინებულად უმასპინძლა, უღირდა კიდევაც: ოღონდ იგი არ დაეკარგა და რამეს დაიშურებდა?! ვახშმის შემდეგ მოყმე გამოეთხოვა და დასაწოლად წავიდა.

დილით ფატმანს უკლებლივ უჩვენა, რაც რამ სავაჭროდ ჩამოეტანათ, საუკეთესონი სასახლისათვის აარჩევინა და საფასურიც მიითვალა. მერე მოქარავნენი მათი განძითა და საქონლითურთ ბაზარში გაისტუმრა: მე ნუ გამამჟღავნებთ და, როგორც გინდოდეთ, ისე ივაჭრეთო.

გადიოდა დღეები. ავთანდილი ვინაობას ისევ ფარავდა და ტანთ ისევ ვაჭრულად ემოსა. ხან თვითონ მიიწვევდა ფატმანს და ხან იქით ეწვეოდა, ერთად ისხდნენ და ტკბილად ბაასობდნენ, ქალს უმისოდ ვეღარ გაეძლო: "ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა”

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ