გათენდა თუ არა, ავთანდილი შეეკაზმა, შეჯდა და ვეზირის სახლისაკენ გასწია. გზად სულ იმის ფიქრში იყო, ნეტავი, მიჯნურობა არ დამეტყოს, არავინ შემამჩნიოსო. გულს კვლავ ევედრებოდა, მოითმინე, გაუძელიო.
ვეზირმა მოყმე რომ დაინახა, მიეგება, თაყვანი სცა და ქება შეასხა: ჩემს კერას ეს რა ეღირსა, მზედ ამომიბრწყინდი! დღეს სასიხარულო ნიშანი მენიშნა და თურმე ამას მოასწავებდაო. ასეა, "ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”. ვეზირმა ცხენი ხალისით ჩამოართვა ავთანდილს.
"ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან,
თქვეს: "სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.
მნახველთ გული მისდიოდათ და ოხვრა-კვნესა ვერ შეეკავებინათ. მისი ჭვრეტით რომ ჭკუას კარგავდნენ, ესახელებოდათ კიდეც. მოყმემ ვეზირთან განმარტოება ისურვა და ჯალაბობა გაიკრიფა.
- სასახლეში ისე არაფერი მოხდება, რომ შენ არ შეგატყობინონ და მოგესაუბრონ, - უთხრა ავთანდილმა ვეზირს, - მეფეს შენი ხათრი აქვს და, რა საქმესაც მოიწადინებ, უარს არ გეტყვის.
ახლა ჩემს გასაჭირს გიამბობ და "მკურნე, რაცა მეკურნების”. იმ მოყმის სატანჯველს დავუწვავარ, მისი ცეცხლი მეც ცეცხლად მომდებია. თვითონ ჩემთვის სულიც არ დაუშურავს. მისგან ისე ვარ დავალებული, "შეზღვა ხამს შეუზღველისა! ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა”. უნდა წავიდე, უმისობის ატანა მეტი აღრ შემიძლია.
"მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და!
რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა”.
როცა ვშორდებოდი, დიდი ამბით შევციფე: კვლავ მოვალ და მოგეშველები, "შენსა მე ვეძებ ნათელსა”, ვისთვისაც გული დაგბნელებია-მეთქი. ჩემი წასვლის დრომ მოაწია და ამაზედ ვწუხვარ. არას დაგიფარავ, სრულ სიმართლეს გეტყვი: მიმელის და ვერ წავსულვარ, გაუნელებელი ცეცხლით სწორედ ამიტომ ვიწვი.
"ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!”
ხელმწიფის კარის თავკაცი ხარ და, ფიცით მითქვამს, ეს იცოდე: თუ არ შემიპყრობს, წასვლას არასგზით არ დავიშლი, შეპყრობილი კი რაღად ვუნდივარ, რაში გამოვადგები? მიშველე რამე, სანამ გულს ცეცხლი ერთობ დამიწყლულებდეს. როსტევანს ეახლე და, რაც გითხარი, ჩემ მაგიერ მოახსენე: დიდებულო ხელმწიფეო, ღმერთია მოწამე, ამას რა შიშითა და ძრწოლით შემოგკადრებ-თქო,
"მაგრა მან ყმამა ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,
გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე, მან!”
ახლა, მეფეო, იგი რომ არ ვნახო, არასგზით არ იქნება-თქო: მთელი არსებით იქა ვარ, "გული მას აქვს გულოვანსა” და უგულოდ აქ რის მაქნისი ვარ! თუ რამეს ვარგებ, უპირველსად თქვენი სახელია, ვერ ვარგებ და, გულს მაინც დავდებ, რაც უნდა იყოს, ფიცს ვერა და ვერ გავტეხ-თქო. ჩემი წასვლა ნუ გეწყინებათ და ნუ დაღონდებით, ღმერთს რაც ენებოს, დაე, ისე იყოს-თქო. იქნებ გაგვიმართლოს და კვლავ გეახლოს თქვენი ავთანდილი, თუ არადა, "თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს!”
- მეფესთან რომ არავინ შეგასწროს, სათქმელს ვამოკლებ, - უთხრა მან ვეზირს. - ახლავე წადი და მოახსენე, აბა, შენ იცი, თავს ნუ დაიზოგავ და ისე შემავედრე, სიამტკბილობით გამიშვას. ქრთამად ასიათას ოქროს მოგართმევ.
- შენი ქრთამი შენ გქონდეს, - სიცილით უთხრა ვეზირმა, - შენგან წყალობად ისიც მეყოფა, გამგზავრებას რომ ეპირები! როცა მეფეს მაგას მოვახსენებ, ვიცი, უსათუოდ საბოძვარით ამავსებს, შოვნა ვის მოსწყენია?! მისმა სიკეთემ, იქვე გამათავებს, მგონი, წამიც აღარ მაცოცხლოს! მე ცივ სამარეში ჩავწვები, შენი ოქრო კი შენვე დაგრჩება.
თუ არ მომკლა, ხომ ამიკლო და მიწასთან გამასწორა: ეგ როგორ მითხარი, აგრე რამ გადაგრია, რომ უმალვე ვერ მოისაზრე, მაგის თქმა არ ეგებოდაო?! რა ვქნა, აკლებას წყალობა მირჩევნია და სიცოცხლის ფასი ხომ კაცს არა გააჩნია რა! ვერა, რაგინდ მისაყვედურო, "არ ითქმის და ვერცა ვიტყვი”. მეფემ კიდევაც რომ გაგიშვას, ლაშქარს რას ეუბნები? ნუ გგონია, მოტყუვდნენ და მზე დაგთმონ მოსაშორებლად, მეტადრე, რაკი კარგად იციან, რომ შენი წასვლა მტერთ დაგვითამამებს. არა, "ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.
- გეტყობა, სიყვარულისა არა იცი რა, - უთხრა ვეზირს ცრემლმორეულმა მოყმემ, - არც ფიცი და მეგობრობა გინახავს, თორემ მიხვდებოდი, უმისობით რა გასაჭირშიაც ვარ. ახლა ისღა დამრჩენია, გულში დანა დავიცე.
"მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!
აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს.
ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს.
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს”.
მეფესა და მის ლაშქარს, ნეტავი, რაში გამოვადგები, მუდამდღე მტირალი და გონმიხდილი? "სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან”. ეგ შენი რჩევა, ვეზირო, ამ ტანჯულმა გულმა რანაირად უნდა შეიწყნაროს? ჩემს ადგილას კაცი კი არა, რკინაც რომ ყოფილიყო, ტარიელის სიბრალული ცვილივით დაადნობდა: რა უბედობა არ დასტყდომია თავს, რა ჭირი არ გამოუვლია! თითქოს ცრემლი და ვაება ჰკლებოდეს, მეც ბევრი ვატირე, "ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს!”
ახლა, არ გამიშვებენ და, სულერთია, გავიპარები, მივალ, მის წვა-დაგვას გავიზიარებ: "ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად”. თუ გასაძევებლად არ უნდიხარ, ვიცი, ჩემი გულისთვის არას გიზამს. მოდი და, რაც უნდა დაგემართოს, თავი გადადე, ნურა სატანჯველს ნუ შეუშინდები!
- შენი ცეცხლი მეც ცეცხლად მედება, - მიუგო ვეზირმა, - მაგ ცრემლს ვეღარ ვუცქერ, გული მელევა, თითქოს სიცოცხლეს ვეთხოვები! რას ვიზამთ, "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. მივალ და მოვახსენებ, გინდ მოვკვდე, აღარ ვნაღვლობ, ჩემი დღეც შენ შეგმატებოდეს.
ეს თქვა და მყისვე სასახლისაკენ გაეშურა. ხელმწიფე მორთულ-მოკაზმული დაუხვდა, მხიარულს სახე მზესავით უბრწყინავდა. ვეზირი შეშინდა, საწყენის მოხსენება ვერ შეებედა, შეწუხებული იდგა და საგონებელს მისცემოდა. რა დაგმართია, რა მოხდა, რას შეუჭირვებიხარო, შეშფოთებით ჰკითხა მეფემ
- ვაი, რომ ჩემი ჭმუნვა ჩემს ჭირს შესტოლებია, "არცა ჰმატს და არცა სდიდობს”. რა ვქნა, თქმა მეშინია, მაგრამ მოციქული ხომ შიშს ვერ დაერიდება. მემართლებით, მომკლათ, ამას რომ მოგახსენებთ: ავთანდილი შემოგეხვეწათ, ტარიელთან ისევ გამიშვითო, უმისოდ წუთისოფელი გამცუდებიაო.
"რაცა იცოდა, ყველა ჰკადრა მოშიშრად ენითა,
კვლა მოახსენა: "რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,
თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა."
რა ეს მოისმინა, მეფე "გაგულისდა, გაავცნობდა”, ფერი გაუკრთა და შემზარავი იერი დაედო, ვეზირს შესძახა:
- შმაგო, ენა როგორ მოგიბრუნდა მაგის სათქმელად?! ეგეთი შმაგი არამცთუ ვეზირად, სხვადაც არაფრად ვარგიხარ! თითქოს დიდი სასიხარულო ამბავი ყოფილიყოს, ისე მოსწრაფებით რომ მომახარე, მაგის მეტს ვინ რას მიზამს, თუ მუხთლად, ღალატით არ მომკლა?!
პატრონის წყენას კაცი ნუთუ არ უნდა დაერიდოს და უალაგოდ დაიყბედოს უმეცრული სიტყვა?! ნეტავი, მაგის გაგონებამდე რად არ დავყრუვდი! ერთი იმისგან არ იყო მოგზავნილი, უსათუოდ თავს წაგაცლიდი და შენს სისხლს კისრად დავიდებდი!
"წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”
დაიხარა და სკამი შესტყორცნა. სკამი კედელს შეელეწა, ვეზირს არ მოხვედრია, მაგრამ მაინც გული თითქოს ალმასით დაესერა და მდუღარე ცრემლით ღაწვები დაეწვა.
შიშით ხმა ვეღარ გაეღო, მეფეს გამოერიდა, გულნატკენი "გამოძრწა და გამომელდა”, პირმომცინარე რომ შესულიყო. აი, რა უყო ენამ, რა სირცხვილი და დამცირება აგემა! ვერა, თვით "მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს”.
რა ცოდვა მიმიძღვის ისეთი, რომ ღმერთმა კიდევ ამაზე მეტად დამსაჯოსო, ფიქრობდა გამწარებული ვეზირი. ასეა, ვინც პატრონს გაუთამამდება და საწყენს კადნიერად მოახსენებს, ნახოს, რა შვება-სიამესაც მოიმკის, ჩემს დღეში რომ ჩავარდებაო. ეს რა დამემართა, "რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს?!”
გაწბილებული და შეწუხებული მოდიოდა. როცა ავთანდილი ნახა, დაღვრემით და პირქუშად უთხრა: არ ვიცი, რა მადლი გადაგიხადო, რომ ეგრერიგად გავიხარე! ვაიმე, უებრო ბედში მყოფმა თავი როგორ გავიუბედურე და დავიღუპეო! მერე მოქარგული ენით, თითქოს ხუმრობსო, ქრთამი მოსთხოვა, თუმცა ჯერ ისევ გული უწუხდა და ცრემლი ვერ მოეწურა, პირდაპირ საოცარი იყო! ურცხვად ეუბნებოდა:
"ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს.
თქმულა, ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს.”
- შავი დღე დამაყენა, - შესჩივლა მოყმეს, - ჩემგან არ ითქმის, რაც იმან მაკადრა: "რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა!” კაცად აღარ ვარგივარ, თავი ვერც კი მიცვნია, ან კი რად არ მომკლა, მიკვირს, როგორ მოითმინა! განა არ ვიცოდი, რაც მომელოდა, და მეტადრე ეს მაღონებს. რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრილ ღვთით მოვლენილ რისვას სხვა ვინ დამალვია?! ესეც არ იყოს, რახან 'შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს”, ჭირი ფუჭად როდი მინახავს.
"ყმამან უთხრა: `აღარ-წასვლა არ ეგების ჩემგან აროს
იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!"
- უტარიელოდ რა გამაძლებინებს, - შესჩივლა მან ვეზირს, - მირჩევნია, ველად გავიჭრა და ნადირთა შორის გავერიო. ან კი ამ დღეში მყოფი მეფისა და ქვეყნის მტერს რანაირად გავუმკლავდები? ნურც ის დაავიწყდება, "სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა”
რაგინდ წყრებოდეს, ერთხელ კიდევ მოვახსენებ ხელმწიფეს, "გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების”, ეგებ გამიკითხოს და გამიშვას. არადა, როცა იმედი გადამიწყდება, გავიპარები და ის იქნება. მე თუ მოვკვდი, ჩემი წილი წუთისოფელიმც დაქცეულა!
მოისაუბრეს. მერე ვეზირმა, ავთანდილს რომ შეჰფეროდა, ისეთი წვეულება გამართა, "უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი”, სხვა წვეულნიც, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ერთობ საბოძვარით აავსო. მერე მოყმე გამოეთხოვა, წავიდა და ვეზირის კარმიდამოს მისი შუქი მოაკლდა, "სახლად ჩადგეს მზისა წვერნი”.
პირმზე და ტანსარო ჭაბუკი შინ მივიდა თუ არა, ასიათასი ოქრო, სამასი თავი სტავრა-ატლასი და სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი, ნაირფრად რომ ციაგებდა, მაშინვე გამოატანინა და ვეზირს გაუგზავნა. აბა, სიძუნწე და უპირობა რა მისი ხელი იყო? შეუთვალა: რაც მე შენი ვალი მაძევს, მაგიერი რა უნდა შემოგზღო, რომ იგი გადავიხადოო, მაგრამ, თუ ცოცხალი დავრჩი, იცოდე, თავს განაცვალებ, "სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.
ავთანდილის სიკეთესა და უებრობას რა ენა იტყვის! კაცი იყო, რომ უნდა ისეთი, და ხელიც შესაფერისი საქმისათვის მოეკიდა. ვისაც ვინმეზე გული შესტკივა, მოხმარებაც ამასა ჰქვია. აბა, მოძმე და მოკეთე რის მაქნისია, თუ გასაჭირში არ შეგეშველა: "ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი”.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ვეფხისტყაოსანი / შინაარსი |