- ერთხელ ღამით სასახლიდან შინ დავბრუნდი და საწოლს შევედი. ჩამოვჯექი, მასზე ფიქრმა წამიღო, ძილი ახლოსაც არ მეკარებოდა. კარგ გუნებაზე კი ვიყავი, მისგან რომ საიმედო წერილი მქონდა.
მცველმა კართან ფარეში იხმო და რაღაც უჩურჩულა. ასმათის მსახური მოსულიყო. ვუბრძანე, საწოლს შემოეყვანათ. მოეწერა: გიხმობს, შენი ნახვა უნდაო იმას, "ვისი მესვა გულსა დანა”.
სიხარულით ღამე დღედ მეჩვენებოდა, ავფორიაქდი, თავს ვეღარ ვიმაგრებდი: "ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა”. თან მსახური წავიტანე და გავეშურე.
- ბაღში შევედი, ხმის გამცემი არავინ ჩანდა. წინ ასმათი შემომეგება, მხიარულად გამიცინა და
"მითხრა: 'ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი'”.
წამიძღვა, ბადახშით შემკულ ტურფა კარავთან მიმიყვანა და მძიმე ფარდაგი ასწია. შიგნით ის იჯდა და ანათებდა "პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა”.
დიდხანს ვიდექი, ტკბილად და შინაურულად შემომყურებდა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მაღირსა მის სასურველ სტუმარს. ასმათი იხმო და რაღაც მოიუბნეს, მერე ასმათმა მიჩურჩულა: "აწ წადიო, ვერას გითხრობს”. მისი მოშორება საშინლად მეძნელებოდა, გული ამიწრიალდა, ზედ ჭმუნვის ალი შემომენთო.
"ვთქვი: `საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?'”
- ასმათი გამომყვა და წამოვედით. მამხნევებდა, სიხარულს მიქადდა: ეგრე რომ გამოგიშვა, გულს დაღად ნუ დაიმჩნევ, "სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი”, შენი შერცხვა და ვერა გითხრა რა, მერე კიდევ ამაყი და თავმოყვარეა, თავისთავს ეკრძალებაო.
- დაო, ჩემი დამწვარი გულის წამალს შენგან მოველი, - ვუთხარი მე, - გაფიცებ, ხშირ-ხშირად მოიწერე მისი ამბავი და ურვის ალი დამიშრიტე, ლოდინით სულს ნუ ამომხდი. რაც იცოდე, უკლებლივ მაცნობე, ნურას დამიმალავ-მეთქი.
"შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა,
საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა."
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ვეფხისტყაოსანი / შინაარსი |