რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს! |
ლექსები დედაენაზე |
ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო |
ვილაპარაკოთ ქართულად (ბარბარიზმების ლექსიკონი) |
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან:
მამული, ენა, სარწმუნოება.
თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?...
სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას...
ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…“
ილია ჭავჭავაძე
ქართული ენის თავგადასავალი
მსოფლიოში ცნობილია დამწერლობათა შემდეგი სისტემები და ანბანები:
ლათინურის საფუძველზე შედგენილი ანბანები: ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნები, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა. აზიის ზოგიერთი ქვეყანა: თურქეთი, ინდონეზია, ნაწილობრივ ფილიპინები;
სლავურ-კირილურ საფუძველზე შედგენილი ანბანები: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები (გარდა საქართველოსი, სომხეთისა, ლატვიისა, ლიტვისა, ესტონეთისა), ბულგარეთი, იუგოსლავიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა;
არაბულის საფუძველზე შედგენილი ანბანები: არაბეთის ქვეყნები (ეგვიპტე, სირია, იორდანია, ლიბანი, ერაყი, მაროკო, ტუნისი და სხვ.), ირანი, ავღანეთი, ჩინეთი და სხვ.;
ინდური მარცვლოვანი დამწერლობის საფუძველზე შედგენილი ანბანები: ინდოეთის, ინდო-ჩინეთის დიდი ნაწილი, ცეილონი;
ჩინეთის ლოგოგრაფიული დამწერლობა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (გარდა ტიბეტისა, სინძიანისა და ჩინეთის მონღოლეთისა);
იაპონური ლოგოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა (ისტორიულად მომდინარეობს ჩინურისგან);
კორეული ლიგატურულ-ბგერობრივი დამწერლობა;
ეთიოპიური მარცვლოვანი დამწერლობა;
ბერძნული;
ქართული;
სომხური;
ებრაული;
მონღოლური;
სირიული.
ქართული დამწერლობა
ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი).
თანამედროვე მხედრული ანბანი შეიცავს 33 ასო-ბგერას (გრაფემას), რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით შედგენილობას - ქართულ ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია.
თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა და მრავალპირიანი უღლების სისტემა.
ქართულ სამწერლო ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი - მხედრული, რომელიც არის ნუსხურის ევოლუციის შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, განვითარდა ასომთავრულისაგან, იგივე მრგვლოვანი სახეობისაგან.
დღემდე ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492-493 წწ.).
ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ქართული ანბანი შექმნილია ქრისტიანობის გავრცელებამდე საქართველოში.
კერძოდ, აღმოაჩინეს წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ. წ. I-II საუკუნეებით თარიღდება.
ქართული ენა მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში
ქართული ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები.
მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, - ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).
ქართული ენის წარმოშობის თეორიები
ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ მე-17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს.
მალე უარყოფილი იქნა ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა.
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას, როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა.
რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან.
ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.
კლასიფიკაცია
ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი ახლომონათესავე ენა შედის:
ქართული:
4,1 მილიონი ადამიანის მშობლიური ენა, აქედან 3,9 მილიონი საქართველოში, დანარჩენი თურქეთსა და ირანში.
ზანური ენები:
მეგრული (მეგრ. მარგალური ნინა) : 600.000 ადამიანის მშობლიური ენა 1989 წლის მონაცემებით, ძირითადად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში.
აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობა გაფანტულია საქართველოს მთელ არაოკუპირებულ ნაწილში, მსხვილი ჯგუფებით თბილისსა და ზუგდიდში.
ლაზური (ლაზ. ლაზური ნენა. ქართ. ასევე ჭანური):
233.000 ადამიანის მშობლიური ენა 1980 წლისთვის, ძირითადად შავი ზღვისპირა რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, და დაახ. 2000-მდე მოსაუბრე აჭარის რეგიონში.
სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ)
დაახლოებით 40.000 ადამიანის მშობლიური ენა სვანეთის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში.
გენეალოგიური ხე
პროტო-ქართველური;
პროტო-ქართ-ზანური;
სვანური;
პროტო-ზანური;
ლაზური;
მეგრული;
ქართული;
ზემოხსენებული ენები ურთიერთგასაგები არაა, თუმცა აშკარაა მათი ნათესაობა. კავშირი ამ ენათა შორის პირველად აღნიშნული იყო ლინგვისტურ ლიტერატურაში ი. გიულდენშტედტის მიერ მე-18 საუკუნეში, რაც მოგვიანებით დადასტურდა გ. როზენის, მ. ბროსესა და ფ. ბოპის მიერ 1840-იან წლებში.
ლაზური და მეგრული ზოგჯერ ერთი, ზანური ენის დიალექტებად მიიჩნევა.
მიღებულია, რომ ქართველური ენები ერთი ფუძე-ენიდან, ე.წ. პროტო-ქართველური ენიდან წარმოიშვა, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და ჩრდ. თურქეთის ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული.
გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე გ. კლიმოვი ამ ენიდან სვანურის გამოყოფის დაწყებას ათარიღებდა დაახლ. ძვ.წ. XIX ს-ით, ხოლო ქართ-ზანურის დაშლის დასაწყისს - დაახლოებით. ძვ. წ. VIII ს-ით.
თუმცა თავადვე აღნიშნავდა, რომ ეს იყო უაღრესად წინასწარი დათარიღება და შემდგომი საფუძვლიანი კვლევა აუცილებლობას წარმოადგენდა.
კილოები
ცენტრალური კილოები:
ქართლური, კახური, ქიზიყური, იმერული, ლეჩხუმური, გურული.
განაპირა კილოები:
მესხური კილოები:
აჭარული, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული, ტაოური, სამცხური, ჯავახური;
ჰერული კილოები:
კაკური, ალიაბათური;
ფხოვური კილოები:
ჩაღმათუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, მთიულურ-გუდამაყრული; აქვე „ასოცირებულ“ დიალექტად განიხილავს წოვათუშურსაც, რომელიც შეიცავს როგორც ჩეჩნურ-ინგუშურის, ასევე ქართულის მსგავს ფენებს;
რაჭული კოლოები:
ბარისრაჭული, მთარაჭული;
სვანური კილოები:
ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური;
ზანური კილოები:
მეგრული, ლაზური (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური).
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები:
ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.
სოციალური და კულტურული სტატუსი
ქართული ენა საქართველოს ოფიციალური ენაა (მას ქვეყნის მოსახლეობის 90% ფლობს), და ასევე მთავარი ენაა ლიტერატურისა და ბიზნესის წარმართვისთვის ყველა ქართველურ მოსაუბრეთათვის საქართველოში.
ქართულ ენას ორიგინალური და გამორჩეული ანბანი აქვს; უძველესი დღემდე შემორჩენილი ლიტერატურული ტექსტი სწორედ ქართულ ენაზე თარიღდება ჩვ.წ. V საუკუნით.
1864 წლიდან მეგრული ენაც ქართული ანბანით იწერება, განსაკუთრებით 1930-38 წლებში და 1989 წლის შემდეგ, როცა მეგრელებს გარკვეული კულტურული ავტონომია მიეცათ.
ლაზური ენა ძირითადად იწერებოდა 1927-37 წლებში, და ამჟამად თურქეთში, ლათინური ანბანით. თუმცა ლაზური ენა ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად უჩინარდება, ამ ენოვანი ხალხის თურქულ საზოგადოებაში აღრევის გამო.
ქართული ენის განვითარების საფეხურები
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა).
მსოფლიოში ქართულ ენაზე 7 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს. ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება, ამავე ჯგუფში შემოდის ქართველური ენა-კილოები: მეგრულ-ლაზური და სვანური, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არაერთი არქაული ნიშან-თვისება ქართული ენისა.
ქართველურ ენა-კილოთა გამოწვლილვითი შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების ისტორიულ კანონზომიერებათა დადგენას.
ქართულ ენაში გამოიყოფა შემდეგი კილოები: ქართლური, კახური, ფშაური, თუშური, ხევსურული, მთიულური, მოხეური, ინგილოური, იმერული, გურული, აჭარული, ლეჩხუმური, რაჭული, მესხური, ჯავახური, იმერხეული, ფერეიდნული.
ქართული ენის ისტორიაში გამოყოფილია განვითარების ძველი და ახალი პერიოდები (ძველი და ახალი ქართული);
ძველი ქართული სამწერლო ენა ფუნქციონირებდა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე. ამ ხნის მანძილზე იგი არაერთგვაროვანია, კერძოდ განირჩევა ხანმეტობა და ჰაემეტობა.
ხანმეტობა და ჰაემეტობა მთელი რიგი ლექსიკური, მორფოლოგიური და ფონეტიკური თავისებურებებით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, ძველი ქართული სალიტერატურო ენა მწყობრად ჩამოყალიბებული, ნორმირებული სისტემაა.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ყალიბდება მეთორმეტე საუკუნიდან. მას საფუძვლად დაედო აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მეტყველება - ქართლური და კახური კილოები.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
1978 წლის 14 აპრილი
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.
ამ განზრახვის შესრულებას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ.
ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო.
ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც, როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე "გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.“
პს
ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწყვეტლივ მიმდინარეობს.
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვანი (მრავალმხრივი ღირებულების) სამწერლო ენისთვის არის დამახასიათებელი.
ქართულ ენაზე შექმნილია მდიდარი მხატვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.
ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი.
დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.
შოთა ძიძიგური
* * * * * * *