არცა სიცილი, არც - ლაპარაკი, არცა ჟღურტული ჩიტთა, წყაროთა, - გაქვავებულა ზღაპრის ქალაქი, აქ ჩაუვლია ბოროტ ჯადოქარს. ჰე-ჰეი! - გავძახით ლოდებს და ჩვენს ყიჟინზე ქვებიც დგებიან, იზმორება და ღიღინებს კბოდე, რაიც ღრმა ძილში დასიზმრებია. ჩემი და შენი არის დღეიდან სამეფო ესე! შენ ეთერ ქალის გრძელი თმა გშვენის, მე კონკია ვარ - ცხვარ-ძროხა ვმწყემსე! შეშლილი კვიცი და შესჭიხვინებს ყვავილებს დამფრთხალს, ვეღარ იკავებს ნიავი სიცილს, დახტის, ქირქილებს, ერთ ამბავს მართავს. იქ იდგა თეთრი ფერია და ჩანჩქერივით ეყარა თმები, თმაში ოქრო და ვერცხლი ერია, უციმციმებდა ცისფერი ფრთები. აქ იდგა ერთი წიფელი და ნაირ-ნაირს ჰყვებოდა ზღაპარს, გამოჰქცეოდი შენ ფეხშიშველი ავ დედინაცვალს - ბოროტს და მზაკვარს; ფშანებში ჰყეფდნენ მწევრები, უფლისწულს ცერზე მიმინო ესვა... ნეტავ, ვიცოდე, დღესაც შეძლებდი ამგვარ ოცნებას, შეძლებულს დღესაც? აქეთ თუ იქით; ცხრა მთას გადაღმა, ზევით და ქვევით... მატარებელი მიქრის და მიქრის გამორბის გოგო თავსაფრის ქნევით ოცნებით სავსეს აყოლებს მზერას - ჯერაც უცნობი ცხოვრების წიგნი მაცდურად ხატავს სივრცეებს ფერადს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |