რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო, წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან, მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა, შუაღამისას მოსულ თემიდას ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.
ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ, ჩემგან, სხეულის ჟანგო და ძრწოლავ, თქვი, რას გპირდება წყვდიადში წოლა.
ბოლოდან უკვე იწყება ღმერთი, შენ დაიტოვებ ჩემს ბოლო ღიმილს, რომელიც მალე გახდება შენთვის - შუქი ან სისხლი, ჯვარი ან ქიმი.
სანამ შენს თვალში სამყარო ტირის, სანამ ჩაჰყურებ წმინდა ქარაფებს, შენი ფხვიერი და ცივი პირით სანამ ბალახი ილაპარაკებს. |