ოთარ ჭილაძეს
ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა და ღვინოც თოვლი იყო - გემოთი და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა - სველი, რომელსაც ასე ველოდი. კლავიშებიდან - შორი ლირიკით... და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი - აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი. ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ "უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"... და ტორტმანებდა პორტის პორტალი; თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე, თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც. და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"... აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს. ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით; ეშურებოდა ტაშის პაუზას და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი... ფრანტი, გიტარა და სიგარეტი... და თოვლ-კარეტით - კარტის ჰეტერას მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |