დასაბამიდან შეუცნობი შენ ხარ სამყარო, ჩემო ტკივილო - ხორცშესხმულო თიხის ნაწილო… შენ შეგიძლია, პირველყოფილ ვნებით დამღალო, გამანებივრო სიყვარულით… მერე გამწირო. თვალებში ცოდვის ცივი ცეცხლი ამიღაღანო… დაუპყრობელი მწვერვალები დამაპყრობინო, რომ მომანატრო არყოფნა და ყოფნას გამყარო. შენ შეგიძლია, შენ, სამოთხის ბაღის სურნელო… თან ერთდროულად ყველა შხამი დამალევინო, ყველა სულელზე უფრო მძაფრად გამასულელო. გაუთენარი ღამეებიც გამათევინო… რომ სამუდამოდ სიკვდილიც კი გადამავიწყო, ანდა ამკიდო მძიმე ჯვარი და მათრევინო… |
პოეზიის გვერდი • • • • • • ელგუჯა მარღიას პოეზია |