კვლავ გამახსენდა ათი წლის შემდეგ ჩვენი ბავშვობის თქმულება ძველი, კვლავ გამახსენდა, თუ როგორ გენდე, როგორ შევავლე ნაწნავებს ხელი; მაშინ, ო - მაშინ მთვლემარე ქედებს ბინდი მოესხათ ყუჩი და ვრცელი. გულთან ჭიდილით დაღლილი ერთობ, - შეგხვდი პირისპირ და ორი ბავშვის ჩრდილი აცურდა წყაროში ერთდროს; ამ მთების გაღმა მაშინაც, მაშინ ერთი ობოლი ვარსკვლავი ენთო. თვალით დავლიე მანძილი შორი, ქარი ოქროსფერ დალალებს შლიდა და ღამეს ჯიქურ ვებრძოდით ორნი; მაშინაც სთვლემდა ბორბალა მშვიდად, ნიავს ჩხავილი მოჰქონდა ყორნის. გული რო გვქონდა ქვეყნის დამტევი, - რამდენი განცდა ვაიალაღეთ, ციდან ვარსკვლავი ვკრიფეთ რამდენი; მაშინაც ბინდში დაფლულ ბალახებს ნისლი ეხურათ, როგორც ფარტენი. შამბნარში ერთად ვფრინავდით, რომ მქონებოდა გული ათასი სუყველას ერთად შემოგწირავდი; ვთელეთ ბორბალას მწვანე ატლასი ჩამოფენილი ხევის პირამდი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |