ერთს დაბურულსა, ხშირს ტყეში ლამაზი ვერხვი ჰხარობდა და, უმადური ხვედრისა, დღე მუდამ ასე ამბობდა: ვერ ამომითქვამს სულიო: ვეება ხეებისგან ვარ შეკრული, შეხუთულიო; ტრიალს მინდორზე მდგარიო, რომ თავისუფლად ჩემს ფოთლებს აფრიალებდეს ქარიო!.." ერთხელ მოვიდნენ გლეხები და მოსჭრეს ყველა, რაც იყო იმ ტყეში, დიდი ხეები. სურვილი აღსრულებია, მაგრამ ეს სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებია: ასტყდა გრიგალი, საზარი, შეინძრა ცა და ქვეყანა მიწამ დაიწყო ზანზარი, ვერხვი, შთენილი ობლადა და ამოსთხარა გრიგალმა ძირიან-ფესვიანადა! რომ, კვლავ ხეებში მდგარიყო, ასე არ მოუვიდოდა, მაგრამ გვიანი-ღა იყო!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |