არ მოგასვენებ, შორეულ ძახილს მოჰყე და გულის კართან დაგხვდები. შენი სამრეკლო და შენი სახლი, გადახდილი და გადასახდელი. "მე" რას ქილიკობს - ეს ცოტას ნიშნავს, ზოგჯერ თუ თავთან თვალთმაქცობს კაცი, თავისი უნდა იკივლოს ჯიშმა. მას, რასაც მწუხრზე ბინდი გადაშლის, გზას თავისაკენ თუკი გაიგნებ ნიღბებისა და ტაშის ტორტმანში. წვეთ-წვეთად ნადენ სიცოცხლის ამბავს, მარჯვნივ - ეკლიან გვირგვინებს წნავენ, მარცხნივ - განცხრომას გვაუწყებს აბრა. ჩემი აღმართი შენს გზად ჩათვალე, შენს გზად ჩათვალე, თუ ერთგულება ხორასნულ ხანჯლის პირზე გატარებს. გულისფიცარზე დადებულ ნიშანს, ზოგჯერ თუ ყალბი ბგერა დაგვცდება, თავისი უნდა მოგვიზღოს ჯიშმა. ქარისა ისევ წაიღოს ქარმა, კვალში ჩაუდექ ჩემს წადილს ძელქვად, სიცოცხლე რომ არ შეგერგოს არმად, ღამის ცრემლით და დღეთა ზვირთებით, მაინც შენი ვარ, შენ უნდა მზიდო, მწარე სიმართლედ თუ დაგდინდები! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |