თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
ბიბლიოთეკის ბაბილონის მეხურა ჭერი, ჩემი აკვანი იქ დაირწა, თვლემდა წყვდიადი, ლათინურ ფერფლში ირეოდა ბერძნული მტვერი, ამაღლებული ვიყავ ისე, ვით ფოლიანტი. მეუბნებოდა: "ცხოვრებაა ტკბილი ნამცხვარი; მიაძეხ ისე, ვერ გაჯობოს ქვეყნად ვერავინ და შენ მოგელის ნეტარება "აურაცხელი". გაჰყევ ოცნებას..." ქარიანი ზღვის ნაპირივით ის ხმა მღეროდა, - არსაიდან მოსული ლანდი, - გაუგებარი ისე, როგორც ჩვილის ტირილი. მოვდივარ-მეთქი, ვთქვი თანხმობა და არჩევანი საბედისწეროდ გადამექცა, იქ დაიბადა ჩემი ტკივილი და მაწვალებს ბედი მდევარი. ვხედავ მკაფიოდ სხვა ქვეყანას და სხვა სინათლეს, ექსტაზის მსხვერპლი, ნათელხილვის ჩუმი მსახური, გველებით ფეხებდაგესლილი გველებს მივათრევ. ვარ უდაბნოში და ზღვა არის ჩემი ემბაზი მშვენიერების მსურს ღვინოში ჩავკლა წყურვილი, ვტირი ზეიმზე და ვიცინი მწუხარებაში. ვეცემი თხრილში, როცა მინდა შევხედო ზენიტს... და მაინც ის ხმა მეუბნება: "იყავ სულელი, შენნაირ სიზმრებს ვერასოდეს იხილავს ბრძენი..." |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |