მთარგმნელი: დავით აკრიანი
ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ! ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი? შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება, ღვინო, სიკეთის და სიავის ერთად მთესველი.
აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო უცხოდ მშფოთვარი, ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი, ოდეს იგემეს ბაგე შენი, ხიბლის მთოვარი.
ფინიასავით გდევს იღბალი, ქალურო კალთავ, უბედურებას და სიხარულს აბნევ პეშვებით, პასუხს არ აგებ არაფერზე, ყოველს კი მართავ.
შიშიც ხიბლია, თუ დაჰკიდებ შენს სამკაულებს, და თვით მკვლელობა, სამშვენისი შენი რჩეული, მაგ ზვიად ფაშვზე სატრფიალო როკვა ასრულებს.
იხრუკება და ამბობს: "ვლოცოთ ეს ჩირაღდანი!" ჰგავს იმ მომაკვდავს, თავის საფლავს რომ ეტმასნება, სატრფოს გარშემო მოფარფატე მიჯნურის ტანი.
მშვენიერებავ, საზარელო, ჩვილო ურჩხულო! თუკი მაგ სახის, მაგ ღიმილის, მაგ ტერფთა ხედვით ვხედავ უსაზღვროს, რას ვერ ვხსნი და რითიც ვსულდგმულობ!
სერაფიმი გშობს, სირინოზი, ღმერთი თუ ეშმა, თუ გქმნის, სურნელო, რიტმო, ელვავ, ჩემს დედოფალად და მწედ - ვითმინო წუთისოფლის უღელქვეშ შებმა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |