მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო. ცხედარზე უფრო დაუზარებლივ... და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენ ცადაკარგული ხშირი ზარები.
ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ, მონასტრებს ზევით ვხედავდი შავად სივრცეში გაკრულ ადამიანებს.
ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა. გული იწვოდა და ლურჯი კვამლი მსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან.
მძიმე ურდულით კეტავდნენ კარებს. ქარში ლოდები ზედ მაფურთხებდნენ: არ მიგიკარებთ, არ მიგიკარებთ.
ხავსივით მედო სახეზე ცრემლი. თუმცა ზარები კიდევ მეძახდნენ და ანათებდნენ ზღვა სივრცეები.
სიბნელე წლებთან ერთად კიოდა მხოლოდ სინათლე ამ წუთისოფლის თხელ კამერებში გამოდიოდა...
ღრუბლებს სანთლები სადღაც აენთოთ. უნდა წახვიდე! - მისტვენდნენ გზები, - უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო.
პლანეტებს უკან ნუ იყურებით. ბინდში ელავდნენ გრიგალებივით ღიმმორეული ნაფეხურები.
რომ დამშვიდება მაინც მეხილა. ნაბიჯს ვადგამდი ფილტვებშემკრთალი და ვახველებდი სივრცეში ფრთხილად.
და შემოდგომის დღეები გრილი. გამომცქეროდნენ მკვდრები ჯგუფ-ჯგუფად, გრიგალის შუქი ეფინათ ირგვლივ.
მე იქ, კამარებს, თვალს ვაფარებდი. სადღაც ქარბუქი ლექსებს ამბობდა და ყურს უგდებდნენ სველი მტრედები.
ვიწევდი მაღლა ფეხის ცერებით. უკან ზარები ისევ ტიროდნენ და გუგუნებდნენ ზღვა სივრცეები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |