საით მიილტვი, სულო, დაიცა, სულო მბორგავო, შესდექ! ცხრა კართაგენი თუნდაც დაეცეს, უნდა ელოდო შემდეგს.
ლაჟვარდში შვება იცან, ვარსკვლავთა წალკოტს ოცნებით ასწვდი და ეამბორე მიწას.
დამცხრალა მთებში ზვავი, ადევნებიხარ ცაში კომეტებს ზევსთან შეკრული ზავით.
მნათობთა ბადეს გაშლილს, განგებას შენთვის დაურახტია ცეცხლის მფრქვეველი რაში.
აღდგომა კვირის დამდეგს, ხამს, სინანულის ზღვაში ჩაყვინთო, მოკვდი და მკვდრეთით აღსდექ!
ეს რა სამკვიდრო გერგო, ბოროტებასთან შეურიგალო მარადისობის ნერგო.
სულო მბორგავო, შესდექ! წმინდა ლაჟვარდიც უნდა გაიცრას, რომ მიემთხვიოს ედემს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მერაბ კოსტავას პოეზია |