ენთო დარბაზი, გუნდი მღეროდა, ხმებს მიჰყვებოდა საკრავთა ჰანგი და დედოფალი ანთებულ მზერით ხალისს მატებდა მხიარულ ნადიმს.
თითქოს შიგ რაღაც იხილა ავი; სახეს დაეცა ჩრდილი მთლიანად და ძირს ჩაჰკიდა ლამაზი თავი.
მოდგა დუმილი ყოველი მხრიდან და დედოფალმა მცირე ხნის მერმე ასწია თავი და ბრძანა მშვიდად:
ყველა, ვინც ახლა აქაა ირგვლივ; პირობა ჩემი იქნება მტკიცე, თანასწორობის გთავაზობთ გვირგვინს:
არ მოსწრებია ამგვარი რამე, თქვით, რომელს ნებავს სიცოცხლის ფასად იყიდოს ჩემი მხურვალე ღამე?
გულები მძლავრმა მოიცვა ვნებამ და დედოფალი უჩუმრად ღელავს, თუმცა სახეზე კადნიერება გადაჰფენია. დაცინვით მკვეთრით უმზერს დარბაზში შეკრებილ აშიკთ. უცებ ხალხის წინ გამოდის ერთი და კიდევ ორი მოჰყვება ვაჟი.
და დედოფალიც გამოეგება... მორჩა, წინ სამი მწველი ღამეა, სამივ სიკვდილის საწოლზე წვება!
ხალხმა უნებურ თავი დახარა. საბედისწერო საწყაოს ირგვლივ მოდგა სამივე წილის საყარად.
გმირი ქველობით გასაკვირველი. თურმე მეუღლის მზვაობრობისგან სული უწუხდა დღე და მოსწრება და როგორც ომში, სისხლის ჩქერალში გადეშვებოდა თურმე მღერალი - ისე მიიღო ეს გამოწვევაც.
დიდ ეპიკურეს ყრმა მიმდევარი, ის ვინც უმღერდა ამურს, კიპრიდას და იყო მათთვის ღამის მთევარი...
ვით გაზაფხულის პირველი გაშლა, მისი სახელი აღარვის ახსოვს, ამწვანებოდა ულვაში ახლად; თვალებში ენთო შუქი გრძნეული, მთლად აღტაცებად იყო ქცეული. უდუღდა გულში ჭაბუკურ ვნების ჯერ განუცდელი მხურვალე ალი და დედოფალმა იდუმალ ნებით, სწორედ ამ ჭაბუკს დაადგა თვალი.
რომ ხარკი გელის ჯერარნახული, რომ სარეცელზე ამ ვაჟთან ერთად ვიქნები მხოლოდ შენი მსახური.
და თქვენც იხილეთ, ღმერთნო ჰადესის- ღამე, რომელსაც ალერსით გავლევ... ამბორით, ცეცხლზე უმხურვალესით დავაგზნებ ყოვლის დამბუგავ ვნებას- სანამ რიჟრაჟი ამოვა დილის, დავდნები, როგორც შანდალში ცვილი...
და ქვეყნად გაშლის სხივების ყვავილს,- რიჟრაჟთან ერთად მოიკვეთება ამ ბედნიერი ვაჟკაცის თავი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე პუშკინის პოეზია |