ჩამავალი მზის უცებ ჩაქრა ალი უშრეტი, - მზე გააქციეს ვარსკვლავების თეთრმა ეშვებმა. დავხრი წამწამებს: - თითქოს ფარდა ჩამოეშვება - და სადღაც ტვინში აენთება ერთი უჯრედი.
წაქცეულ ხეზე დინჯად ადის შავი მამალი, ღობის წნელებში გახლართულა მზე ჩამავალი. ღობესთან სხივი და ქალის თმა ერთად გროვდება.
გაწვდილი ხელი ატმის ყვავილს ვეღარა სწვდება. ვიცი - ისარი იისფერი გულს არ ასცდება, მაგრამ მივრბივარ, რომ ვუშველო ქალს მოკრძალებით.
და,როგორც გნოლი მოიტაცოს ცის შევარდენმა, - მოულოდნელად ქალის ხელი ტყვედ ჩავარდება და გამწყრალ თითებს დააცხრება ტუჩები ცხელი.
მესვრის ღიმილით ატმის ყვავილს თვალანთებული. გული ჩიტივით ფრთებს იწეწავს დატყვევებული. წაქცეულ ხეზე დგას და ყივის შავი მამალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |