ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ არაყის ფული მთელ დღეს აგროვა, მერე დაუსხეს დიდ ჭიქაში და... - ადამიანი მაინც მარტოა!
სიტყვის უთქმელად და სავსე ჭიქას ცოტა ადროვა, მერე გადაკრა სულმოუთქმელად... - ადამიანი მაინც მარტოა!
ასე რატოა: ვინ - ვინ ჩაწიხლა, ვინ - ვინ დატოვა, როგორც კი ცოტას წაიფორხილებს - ადამიანი, უკვე მარტოა!
დიდი მიტინგი, ჭკუათმყოფელმა, ვინც კი სანდოა, იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი, - ადამიანი მაინც მარტოა!
მავანი ისევ მხოლოდ ღადოა, დრო მაინც ყველას კუთვნილს არგუნებს, - ადამიანი მაინც მარტოა!
ზოგს ქეთევანი, ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა, ვის დაფნა ერგო, ვის სატევარი, - ადამიანი მაინც მარტოა!
ზოგს დავიწყების თოვლმა ათოვა, სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს... - ადამიანი უკვე მარტოა!
ხატა, აშენა, სიტყვა და ფერი მოაჯადოვა, ისევ ოცნების გადასარჩენად... - ადამიანი მაინც მარტოა!
კაცი გამოჩნდა, თუ ვინმე ერის სადიადოა, - გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა? - ადამიანი მაინც მარტოა!
თავის გზით მიდის, თვალსაწიერიც უფრო ფართოა, ყველამ ჩახედოს საკუთარ სინდისს, - ადამიანი მაინც მარტოა!
თავის შექცევით, ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა, ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი, - ადამიანი მაინც მარტოა!
არც რა დარდი მაქვს, მაგრამ არ ახსოვს მრავალ დარდიმანდს, დრო იყო, ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა, დრო იყო, კლიტე ეპყრა შადიმანს!
ან აყვირებით, ან გაყუჩებით?! - "გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები!"
ნათლეს, რა არ იღონეს, ეშმაკმა მაინც არ მიატოვა, (ვწერ უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს) - ადამიანი მაინც მარტოა!
ბედის ხორბალი, ბოლო არჩივი მაინც ქატოა, ფიცარი ფუყე და გამომპალი... - ადამიანი მაინც მარტოა!
გინდა მომკალი, - სამყარო, აი, რაც უზადოა! ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი - - ადამიანი მაინც მარტოა!
ლოთმა სანდრუამ არაყის ფული დიდხანს აგროვა, - მერე, რა მერე? "მერეს" ლოდინში... - ადამიანი მაინც მარტოა!
დგას მობუზული მთვრალი სანდრუა, და ეკითხება გამვლელ-გამომვლელს: - - ახლა რა დროა?! ახლა რა დროა?!
თქმა რამე ახლის, მე რა თავს ვახლი ასე რატოა? მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი... - ადამიანი მაინც მარტოა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |